ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, მაჭახელას ქუჩის პირველი შესახვევი №20-ში მდებარე შპს ,,აი გემო“ შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამოებები, მათ შორის, წარმოების და შენახვის პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ნახევარფაბრიკატების წარმოება/რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.
უწყების ინფორმაციით, ობიექტი კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.