„ნაცრეჟიმმა“ ვერ გათვალა ოკუპანტ რუსეთთან დაპირისპირების გამწვავების შემდგომი მასშტაბი“
რიგ ქვეყნებში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე საუბრობს „აჭარასთან“ პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე.
– ბატონო გია, საუბარი დავიწყოთ ეკონომიკური თვალსაზრისით აზიის აღზევებაზე, რასაც სოციალურ ქსელში თქვენივე განცხადებით, ისტორიული საფუძვლები გააჩნია.
– ჩემი განცხადება ეყრდნობა პროფესორ ჯეფრი საქსის 2026 წლის სინგაპურის ეკონომიკური მიმოხილვის ბოლო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას, რომლის მთავარი თეზისი მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიოს ისტორიული ცენტრი აზიაში ბრუნდება. ეს პროცესი უნდა აღვიქვათ არა როგორც „აზიის აღზევება“, არამედ როგორც „აზიის დაბრუნება“. დასავლეთის მრავალსაუკუნოვანი დომინირება ისტორიული გამონაკლისი იყო. აზიის ეკონომიკური და დემოგრაფიული მასშტაბიდან გამომდინარე, მსოფლიო ცენტრმა კვლავ აზიისკენ გადაინაცვლა და ეს ცვლილება მომავალში პოლიტიკურ სფეროშიც სრულად აისახება. პროფესორი დასავლეთის დომინირების დაახლოებით 250–500-წლიან პერიოდს სწორედ ისტორიულ ანომალიად მიიჩნევს, რადგან წინა 2000 წლის განმავლობაში აზია, უდავოდ, წარმოადგენდა მსოფლიოს დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ცენტრს. დასავლეთის დომინირების სათავეები, ძირითადად, ბოლო 250 წლის მოვლენებში იძებნება. ინდუსტრიულმა რევოლუციამ და ევროპული იმპერიალიზმის გაფართოებამ ევროპას საშუალება მისცა, მე-19 საუკუნეში აზიის პოლიტიკური და ეკონომიკური დაქვემდებარება მოეხდინა. ევროპის აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია გახდა. საქსი ხაზს უსვამს ამერიკის რესურსებს – მიწას, ვერცხლს, ოქროს, საკვებსა და მონურ შრომას, რომლებმაც, მისი შეფასებით, ევროპაში კაპიტალის თავდაპირველ დაგროვებას შეუწყო ხელი და საბოლოოდ, ინდუსტრიული რევოლუციის წარმატება განაპირობა. იმის მიუხედავად, რომ 1800 წლისთვის აზია მსოფლიო წარმოების დაახლოებით 60%-ს ქმნიდა, მე-19 საუკუნეში ევროპულმა სამხედრო და ტექნოლოგიურმა უპირატესობამ ვითარება ძირფესვიანად შეცვალა. ამის თვალსაჩინო მაგალითებია ინდოეთის კოლონიზაცია და ჩინეთის „დამცირების საუკუნე“, რომელიც 1839 წელს ბრიტანეთის სამხედრო ჩარევით დაიწყო.
დღეს კი ისტორიული ბალანსი კვლავ იცვლება. საქსის შეფასებით, აზიის ეკონომიკური აღდგენა განსაკუთრებით 1950 წლის შემდეგ დაჩქარდა. ამ პროცესის საფუძველი სუვერენიტეტის აღდგენა, დამოუკიდებლობა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ტექნოლოგიურ-ცოდნითი კონვერგენცია (სხვადასხვა ობიექტის, პროცესის ან მხარის ერთმანეთთან დაახლოება, შერწყმა ან მსგავსების ზრდა) გახდა, სადაც განსაკუთრებული როლი ჩინეთსა და ინდოეთს მიენიჭათ. ამერიკელი პროფესორი ჩინეთს განსაკუთრებულ ისტორიულ მისიას ანიჭებს და აღნიშნავს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე დიდი და უწყვეტად არსებული პოლიტიკური ერთეულია, რომლის დღევანდელი გაძლიერებაც აზიის ცენტრში დაბრუნების მთავარი გამოვლინებაა.
– აზიის წარმატებები მხოლოდ ეკონომიკაში ვლინდება?
- არა, აქ მხოლოდ ეკონომიკური პროცესები არ განიხილება, წარმატებული სვლა ერთდროულად სამ განზომილებაში მიმდინარეობს: ეკონომიკურ წარმოებაში, გეოპოლიტიკურ ძალაუფლებასა და მსოფლიო ეკონომიკის „სიმძიმის ცენტრში“. იგივე პროფესორის პროგნოზით, აზია მომავალშიც გააგრძელებს ეკონომიკურ დომინირებას და მსოფლიო პოლიტიკაშიც წამყვან ძალად ჩამოყალიბდება.
– რა მდგომარეობაში აღმოჩნდება დასავლეთი?
- ახალ რეალობაში დასავლეთმა უნდა აღიაროს ეს ცვლილება და საბოლოოდ თქვას უარი დასავლური განსაკუთრებულობისა და ერთპოლარული სამყაროს იდეაზე. მომავალი ბევრად უფრო მრავალპოლარული იქნება, სადაც გლობალური გამოწვევების – ტექნოლოგიების, კლიმატის ცვლილების, განვითარებისა და მსოფლიო ეკონომიკის წარმატებით გადასაჭრელად საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი არხები გახდება საჭირო.
– თუ შეიძლება შევეხოთ უკრაინაში არჩევნების თემას, რომელიც არ ტარდება საომარი მოქმედებების გამო, როგორც ცნობილია, უკრაინელები ითხოვენ არჩევნების დანიშვნას…
– დიახ, ითხოვენ, თუმცა ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, მათ შორის, ზელენსკის მიერ გადაყენებული თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედეროვის დაბრუნებაზეც. როგორც რადას სპიკერმა სტეფანჩუკმა განაცხადა, ამჟამად ეს აბსოლუტურად შეუძლებელი და უპასუხისმგებლოაა. კიევში გამართული უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, მან თქვა, რომ უმაღლეს რადაში უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც არჩევნების მოსამზადებელ კანონპროექტზე მუშაობს. სტეფანჩუკის შეფასებით, მიმდინარე მოვლენებისა და საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად შეუძლებელი, მიუღებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია. „არჩევნები ფორმალური ხასიათის ვერ იქნება – პროცესი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიულ სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს თითოეული ამომრჩევლისა თუ კანდიდატის უსაფრთხოებას“, – მიაჩნია რადას სპიკერს. მისივე განმარტებით, არჩევნები უკრაინაში აუცილებლად ჩატარდება, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შესაბამისი და უსაფრთხო პირობები შეიქმნება.
– რამდენად შესაძლებელია უსაფრთხო პერიოდის დადგომა, როდესაც არცერთი მხარე არ თმობს და უკვე რუსეთის ევროპასთან შეიარაღებულ დაპირისპირებაზეცაა საუბარი?
-ამ შემთხვევაშიც, დასავლელი ავტორიტეტის აზრს მოვიშველიებ, რადგან „ჩვენებს“, უფრო დასავლეთის სჯერათ. კერძოდ, სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა და გეოპოლიტიკის მკვლევარმა გლენ დიზენმა პოპულარულ პოდკასტერ მარიო ნოფალთან ისაუბრა დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობაზე, იმ ვარაუდებზე, თითქოს რუსეთი ნატოს ქვეყნების მხრიდან თავდასხმებს უპასუხოდ დატოვებს. ანალიტიკოსის თქმით, ევროპაში დამკვიდრდა სახიფათო აზრი, რომ მას შეუძლია რუსეთს დაუსჯელად დაარტყას და მოსკოვი ამაზე პასუხს არ გასცემს. დიზენი აღნიშნავს, რომ რუსეთს არ სჭირდება დასავლეთისკენ ტანკების გაგზავნა ან ბერლინის აღება საპირისპიროს დასამტკიცებლად. მისი მთავარი მიზანია შეკავების მექანიზმის აღდგენა, ანუ იმის ჩვენება, რომ ნატოს მხრიდან აგრესიას აუცილებლად მოჰყვება საპასუხო რეაქცია. საუბარია მედიით გავრცელებულ ცნობებზე იმის შესახებ, რომ რუსეთი, შესაძლოა, გეგმავდეს ან ტესტავდეს ნატოს რეაქციას (მაგალითად, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ დივერსიულ ან ჰიბრიდულ ზომებზე), რათა ევროპას დაანახოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები (მათ შორის, უკრაინისთვის დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება და დაზვერვითი მხარდაჭერა) უპასუხოდ არ დარჩება. რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული ყოველი ღრმა დარტყმა კრემლს აძლევს იმ არგუმენტს, რომელიც მას სურდა. გეოპოლიტიკურმა ანალიტიკოსმა გლენ დიზენმა აღნიშნა, რომ ნატოს მიერ მხარდაჭერილმა კამპანიამ მოსკოვს პროპაგანდისტული საქმე გაუკეთა და აბსტრაქტული მტკიცება ისეთ რაღაცად აქცია, რაზეც რუსები თითის გაშვერას შეძლებენ: „ყველა ეს ღრმა დარტყმა, არსებითად, მხოლოდ ამტკიცებს კრემლის პოზიციას, რომ ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე“. მკვლევარის შეფასებით, უკრაინა, ნატოს დახმარებით, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ურტყამს ეკონომიკურ და სამოქალაქო ობიექტებს, რათა რუსეთის მოსახლეობამ ომი იგრძნოს და პუტინზე წნეხი გაიზარდოს. კრემლი კაპიტულაციის ნაცვლად, ესკალაციაზე მიდის – აძლიერებს შეტევებს ფრონტზეც და უკრაინის ინფრასტრუქტურაზეც. ექსპერტ დიზენის დასკვნით, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა ობიექტებზე მიტანილი იერიშებით (სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება) რუსეთი აჩვენებს, რომ მზადაა მსხვერპლისთვის და დასავლეთის სტრატეგია მას მხოლოდ ომის უფრო სწრაფი და სასტიკი მეთოდებით დასრულებისკენ უბიძგებს.
– რაც შეეხება ფედოროვს, დღესდღეობით რა პოზიციაზეა?
– დღესდღეობით, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი უწყებაში არსებულ ფართომასშტაბიან კორუფციაზე საუბრობს. მისი თქმით, ასობით პირი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის კეთებასაა მიჩვეული, რაც აფერხებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და ხელს უშლის ომის ძლიერი პოზიციით დასრულებაში. კონკრეტული სახელები არ დასახელებულა და საზოგადოება მათ სამართალდამცავებისგან შეიტყობს. ფედოროვი იმეორებს მოწოდებას, რომ ომის მიუხედავად, უკრაინამ ადგილობრივი, საპარლამენტო და საპრეზიდენტო დონეზე, დემოკრატიული ციკლის აღსადგენად და არჩევნებისთვის მზადება უნდა დაიწყოს. თავად სამომავლო საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობაზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული სხვა სამხედრო-ტექნოლოგიური პოზიციები მან უარყო. ფედოროვი გეგმავს გადასვლას კერძო სექტორში, მუშაობას თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ანალიტიკურ ცენტრებში და უნივერსიტეტებში რეფორმების კურსების წაკითხვას, თანადგომის იმედით უყურებს თავის დიდ და ნიჭიერ გუნდს.
– რას ფიქრობთ საყვარელიძის განცხადებაზე იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება?
– ზურაბ ადეიშვილის ერთ-ერთი ლაქიის, ექსპროკურორ დავით საყვარელიძის აღიარება აგვისტოს ომზე მიუთითებს, რომ „ნაცრეჟიმმა“ ვერ გათვალა ოკუპანტ რუსეთთან დაპირისპირების გამწვავების შემდგომი მასშტაბი. სააკაშვილის მმართველობამ მიიღო ისეთი სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც საქართველო გაცილებით უფრო მძიმე საფრთხეში აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე იყო – იმდენად მძიმე საფრთხეში, რომ, თავად დავით საყვარელიძის შეფასებით, ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან „ნახევარ ნაბიჯში“ იდგა.
იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში დავით საყვარელიძის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა: „რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო“. თუ რუსეთის მოქმედებები, საყვარელიძის აზრით, ქაოსური და ბოლომდე დაუგეგმავი იყო, მაშინ ეს მონათხრობი ირიბად აჩენს კითხვას: რატომ აღმოჩნდა საქართველო ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში, თუ მოწინააღმდეგე თავადაც მოუმზადებელი იყო? ამ საკითხზე დამოუკიდებელი შეფასებებიც არსებობს. გარდა ტალიავინის კომისიის დასკვნისა, აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსმა 2008 წლის სექტემბერში თქვა, რომ საქართველოს ძალის გამოყენების გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთზე არასწორი იყო, თუმცა, ამავდროულად, რუსეთის შემდგომი არაპროპორციული სამხედრო მოქმედებები არ იყო გამართლებული. საზოგადოებისთვის არ იქნება გასაკვირი, თუკი სექტის ყოფილი მაღალჩინოსნები ოკუპანტი კრემლის პროვოცირებაში ურთიერთბრალდებების კასკადს დაიწყებენ. ეს „ნაცვირთხების“ ბუნებიდან გამომდინარეობს. ბოლო პერიოდში ეს ერთ-ერთი „ნაცპერსონაჟი“ დავით საყვარელიძე კიევის ცენტრში მდებარე მისი ოფისიდან უკრაინაში საინვესტიციო ბიზნესით არის დაკავებული. უცნობია, „ნაცშპანიდან“ ვინ არის მის გვერდით, საჯარო მონაცემებში არ ჩანს.
– რას გვეტყვით გერმანიაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად იმოქმედებს ევროპის პოლიტიკურ კლიმატზე. შეძლებს ფრიდრიხ მერცი კანცლერობის შენარჩუნებას?
– გერმანიის მმართველი CDU/CSU-ის ალიანსის მხარდაჭერა, რომელსაც კანცლერი ფრიდრიხ მერცი ხელმძღვანელობს, 20%-მდე დაეცა. ეს თითქმის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამავდროულად, AfD-ის („ალტერნატივა გერმანიისთვის“) მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდა და 28%-ით დამაჯერებლად ლიდერობს. გამოკითხვა ჩატარდა სექტემბერში დაგეგმილ სამ მნიშვნელოვან რეგიონულ არჩევნებამდე, სადაც, მოსალოდნელია, რომ AfD მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს. მომავალ თვეში, გერმანიაში დაგეგმილი სამი რეგიონული არჩევნები გამოცდის, გაუძლებს თუ არა ქვეყნის ომისშემდგომი პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის მიხედვითაც, ულტრამემარჯვენე ძალებთან ერთად ხელისუფლების ფორმირება დაუშვებელია. 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტში დაახლოებით 2 მილიონი ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე. ორი კვირის შემდეგ, 20 სექტემბერს, არჩევნები გაიმართება მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და დედაქალაქ ბერლინში. პირველ ორ რეგიონში გამოკითხვით „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს, ხოლო ბერლინში მეორე ადგილზეა. საქსონია-ანჰალტში პარტიას დიდი უპირატესობა აქვს – მისი მხარდაჭერა დაახლოებით 40-42%-ს შეადგენს. AfD უკვე აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების რეალურ შესაძლებლობასთან ახლოსაა, რაც მას საშუალებას მისცემს, ადგილობრივი მთავრობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს. 1945 წლის შემდეგ, გერმანიის ვერცერთ ფედერალურ მიწაზე ულტრამემარჯვენე პარტიას დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება ვერ მოუხერხებია. AfD-ის რამდენიმე აღმოსავლეთგერმანულ ფილიალს ქვეყნის შიდა დაზვერვის უწყებები ოფიციალურად „დადასტურებულ მემარჯვენე ექსტრემისტად“ მიიჩნევენ. ამის მიუხედავად, დღეს ეს პარტია ეროვნულ დონეზე ჩატარებულ გამოკითხვებში პირველ ადგილზეა და კანცლერ მერცის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან (CDU) შედარებით, მხარდაჭერის ყველაზე დიდი უპირატესობა აქვს, რაც კი ოდესმე ჰქონია. ბერლინშიც კი, ქალაქში, რომელიც აქამდე AfD-ის პოლიტიკური გავლენის სფეროსგან სრულიად შორს იყო, პარტიის მხარდაჭერა ათეულების მაღალ ნიშნულზეა, რის გამოც, იგი პირველი ადგილისთვის ბრძოლაში პირველად შევიდა ბერლინის ისტორიაში.
ირმა ცეცხლაძე