მშობლებს ფორმების შეძენა რომ გაუმარტივდეთ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ონლაინ ელექტრონული პლატფორმის ამოქმედების მიზანია, მშობლებს გაუმარტივდეთ ფორმების შეძენა.
როგორც მან აღნიშნა, ხარისხი შეამოწმა შვეიცარიულმა, სოლიდურმა კომპანიამ და დაადგინა, რომ ფორმები შეესაბამება სათანადო ხარისხს, არის უსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს.
რა მექანიზმი არსებობს, თუ მშობელი უარს იტყვის ფორმაზე? ლევან ღირსიაშვილის განმარტებით, თითოეული სკოლა განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, შინაგანაწესს აამოქმედებს, ონლაინ გამოწერის შემთხვევაში კი ფორმების მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა.
„დღეს ამოქმედდა სასკოლო ფორმების გაყიდვის ონლაინპლატფორმა formebi.emis.ge. პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა, როგორც ონლაინ, ასევე, ფიზიკურად. მშობლებს შეეძლებათ, თავიანთ ბავშვებს, პირველკლასელებს შეუძინონ სასკოლო ფორმები. 15 სექტემბრიდან უკვე ონლაინრეჟიმში გაგრძელდება სასკოლო ფორმების გაყიდვა. ვისაც არ სურს ადგილზე მისვლა, შეუძლია, გამოიწეროს ფორმა ზომების მიხედვით. ასევე, საიტზე არის მითითებული მისამართები საძიებო სისტემით და მშობლებს მარტივად შეუძლიათ, როგორც ონლაინ შეიძინონ, ასევე, საიტზე მოძებნონ ის პუნქტები, სადაც შესაძლებელია ფორმების შეძენა. მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა, რომელთანაც გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი. ვთანამშრომლობთ საქართველოს ფოსტასთან და საქართველოს რეგიონებში დაახლოებით 4-5 დღის ვადაში, ხოლო თბილისში უფრო მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი ფორმების მიწოდება. ზომების არმორგების შემთხვევაში, შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა.
სასკოლო შინაგანაწესი ამოქმედდება დარღვევებზე. შინაგანაწესებს ადგენს თვითონ სკოლა. თითოეულ სკოლას აქვს საკუთარი შინაგანაწესი და სკოლის დირექტორები იმოქმედებენ საკუთარი სასკოლო შინაგანაწესის მიხედვით. განათლების სამინისტროსთან შინაგანაწესები თანხმდება. ჩვენთან შეთანხმებით იმოქმედებს სკოლა. თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაზე, თითოეულ სკოლას ექნება ინდივიდუალური მიდგომა“, – აღნიშნა ლევან ღირსიაშვილმა.