იაპონური კულტურის ფესტივალი – ბათუმში
By

იაპონური კულტურის ფესტივალი – ბათუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება ბსუ-ის ლექტორის, იაპონისტის ლაშა ბოლქვაძისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალი მიზნად ისახავდა საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობასა და საზოგადოებისთვის იაპონური კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, რომელიც აერთიანებდა ქართულ და იაპონურ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, შოდოს (იაპონური კალიგრაფიის) დემონსტრაციას, აიკიდოს საჩვენებელ გამოსვლას, ანიმეს პერსონაჟების წარმოდგენას, იაპონური სიმღერების შესრულებას, ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდისა და სხვა შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გამართულ კონცერტს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ იაპონური კულტურის მრავალფეროვნებას. მოეწყო ტრადიციული ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის, საბრძოლო ხელოვნების, კალიგრაფიისა და იაპონური კულინარიის სივრცეები, გაიმართა შემოქმედებითი ვორქშოფები და გამოფენები, რომლებშიც მონაწილეობდნენ იაპონიიდან მოწვეული სპეციალისტები და მოხალისეები, ასევე, ადგილობრივი ახალგაზრდები და შემოქმედებითი ჯგუფები.

ღონისძიებას, რომელიც აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

– მოგესალმებით, გულითად მადლობას გიხდით დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. თქვენი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო და იაპონია საერთო ღირებულებებს, მეგობრობას, ურთიერთპატივისცემას, კულტურულ დიალოგსა და მშვიდობიან თანამშრომლობას იზიარებენ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ აჭარაში, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში, გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ორი ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. კულტურა არის ის ძალა, რომელიც ხალხებს ერთმანეთთან აკავშირებს, ხოლო თანამედროვე მსოფლიოში კულტურული დიპლომატია საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი ეკისრება თითოეულ თქვენგანს. თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმით, სტუმართმოყვარეობითა და შემოქმედებით, თქვენ საქართველოს ღირსეულ კულტურულ ელჩებად წარმოადგენთ და ჩვენს ქვეყანაზე საუკეთესო შთაბეჭდილებას ქმნით. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა, ასევე, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობა და გაცვლითი პროგრამები. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იაპონიის ოთხ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა, რის შედეგადაც, წელს პირველად, საქართველოს მასშტაბით, აჭარიდან განხორციელდა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტთან. ამ მნიშვნელოვანი წარმატებისთვის გულითად მადლობას ვუხდით უნივერსიტეტს და გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მსგავსი საერთაშორისო კულტურული ღონისძიებები აძლიერებს ხალხთა შორის მეგობრობას, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ განვითარებაში. გულითად მადლობას ვუხდი თითოეულ მხარდამჭერს, პარტნიორს, მონაწილესა და სტუმარს, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ამ ფესტივალის განხორციელება. დაე, ეს დღე იქცეს საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავების, ახალი თანამშრომლობისა და მომავალი თაობებისთვის მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად. გისურვებთ შთამბეჭდავ, ნაყოფიერ და დაუვიწყარ დღეს, – განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, იაპონისტმა ლაშა ბოლქვაძემ.

-კულტურა ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავების უმნიშვნელოვანესი და მყარი ხიდია. დღეს სწორედ ასეთი ორმხრივი თანამშრომლობისა და კულტურული სინთეზის ნათელი მაგალითია საქართველო, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა და იაპონია, რომელსაც უნიკალური ადგილი უკავია არა მხოლოდ კულტურისა და განათლების, არამედ მრავალი სხვა წამყვანი სფეროს მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის ფესტივალს სწორედ ქალაქი ბათუმი მასპინძლობს, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს, კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ტიტე აროშიძეს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და ყველა იმ პირს, ვინც ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *