გოგო, რომელმაც ზღვას სიცოცხლე გამოსტაცა
By

გოგო, რომელმაც ზღვას სიცოცხლე გამოსტაცა

ნამდვილი გმირები ყოველთვის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები არ არიან და მხოლოდ ექსტრემალურ ვითარებაში თუ გამომჟღავნდება, რომ განსაკუთრებულები არიან. ისინი ჩვენ გარშემო არიან, გადამწყვეტ მომენტში არ იბნევიან, არ ელოდებიან სხვის მოქმედებას და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარსაც რისკავენ.
ზაფხული ზღვასთან, მზესთან და დასვენებასთან ასოცირდება, თუმცა ამ შესანიშნავ სეზონს თან ახლავს საფრთხეც. ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ რამდენიმე წამზე და ერთი ადამიანის გამბედაობაზეა დამოკიდებული. სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა ბათუმში რამდენიმე დღის წინ, სანრემოს ხიდთან, სადაც 29 წლის ლელა ფარტენაძემ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო და უყოყმანოდ გადაეშვა ზღვაში 16 წლის ბიჭის გადასარჩენად, რომელიც იხრჩობოდა.
მომხდარი სოციალურ ქსელში მალევე გაავრცელა გადარჩენილი ბიჭის ახლობელმა მელი გორგაძემ.
,,დღეს სანრემოს ხიდთან, ბიჭი რომ დახრჩობას გადაარჩინა, იმ გოგოს მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო.
მის გარდა კიდევ ბევრი გაიქცა საშველად, მაგრამ მან ყველაზე მეტად გარისკა. პირველი გაიქცა, მით უმეტეს ბავშვებთან ერთად იყო.
იბედნიერეთ თქვენი შვილებით, უმაგრესი ადამიანი ხართ, ზღვა მადლობა თქვენ.
თუ წაიკითხავთ, გამოგვეხმაურეთ, მე შორს ვიყავი, რომ დამენახეთ და დამემახსოვრებინეთ, თუმცა დღეს ყველა იქ მყოფი თქვენზე საუბრობდა.
ყოჩაღ, ასე რომ გარისკეთ საკუთარი სიცოცხლე“ – წერს მელი გორგაძე.

გავრცელებულმა ემოციურმა პოსტმა საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო. ადამიანები აღნიშნავენ, რომ ლელა ,,გმირი ქალია“ და მისი საქციელი ძალიან საამაყოა.

,,რა არ მინახავს ზღვაზე, მაგრამ გოგომ ბიჭი დახრჩობას რომ გადაარჩინა, პირველად გავიგე. წარმოიდგინეთ, რა ყოჩაღი გოგოა.

სანაპიროზე მაშველებიც არიან, რომლებსაც სწრაფი რეაგირება ევალებათ, მაგრამ მაშველებსაც დაასწრო და სანაპიროზე მყოფ უამრავ ბიჭსაც. ასეთ დროს შეიძლება ჩაგითრიოს იმან, ვინც იხრჩობა თუ შენზე ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. ყოჩაღ, ვენაცვალე შენს გამბედაობასა და კეთილ გულს “ – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

მეუღლის თქმით, ლელა არასოდეს რჩება გულგრილი, როდესაც ხედავს, რომ ვინმეს დახმარება სჭირდება. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იცნობს თუ არა იმ ადამიანს, თუ შეუძლია დახმარება, ყოველთვის მოქმედებს. როგორც ჩანს, სხვისი დახმარების სურვილი ლელა ფარტენაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

,,ლელა არის ადამიანი, რომელიც არასოდეს ტოვებს პრობლემას უყურადღებოდ. ბევრჯერ მინახავს, როგორ მიდის და გვერდით უდგას მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. რამდენიმე კვირის წინ, თბილისში – გლდანში, ბაღში მივდიოდით ჩვენი პატარის გამოსაყვანად. მოულოდნელად ერთ ქალბატონს ფეხი დაუცდა და წაიქცა. ლელა მაშინვე მივიდა, ხელი გაუწოდა და სახლამდე მივიყვანეთ.
ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი მეუღლე არის კეთილი, ძლიერი და გამბედავი ადამიანი. უფალმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები, მე კი მისით ძალიან ვამაყობ“ – გვითხრა ლელას მეუღლე ანდრო ფოფხაძემ.

ლელა ძალიან თავმდაბალი ადამიანია. გვითხრა, რომ ამ ამბავს თავად არც კი გაავრცელებდა, რომ არა გადარჩენილი ბიჭის ახლობლის პოსტი. მას ძალიან ერიდებოდა აღნიშნულზე ღიად საუბარი, რადგან თვლის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და მას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, თუმცა, ჩვენი დაჟინებული თხოვნით, მაინც დაგვთანხმდა კომენტარზე.

,,ეს ამბავი 24 ივლისს, შუადღეს მოხდა. მე და ჩემი მული პატარებთან ერთად ზღვაზე ვიყავით. წამოსვლის დროს, ბავშვს ტანსაცმელს ვუცვლიდი, უცბად ყვირილის ხმა გავიგონე – მიშველეთო. მაშინვე კამერას ხელი დავავლე და ზღვაში გავიქეცი. იმ მომენტში მისი გადარჩენის გარდა არაფერზე ვფიქრობდი. მივედი მასთან და კამერა მივაწოდე, მალევე მივხვდი, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თან ამ დროს სხვა ბიჭებიც მოვიდნენ და ნაპირზე მშვიდობით გამოვიყვანეთ.

ნაპირზე რომ გამოვედით, ემოციურად მეც ძალიან ცუდად ვიყავი, აზრზე ვერ მოვდიოდი. მსურდა, ბოლომდე დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ამაში რომ დავრწმუნდი, დავემშვიდობე და წამოვედი. ბათუმში გავიზარდე და ცურვა კარგად ვიცი, ამიტომ ზღვაში თამამად შევედი.

ამ ამბის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ ბიჭის და, მამიდა, და ნათესავები დამიკავშირდნენ და მათგან გავიგე, რომ ბიჭი, რომელიც გადავარჩინე 16 წლისაა და ბათუმში ცხოვრობს. ცურვა კარგად სცოდნია, მაგრამ როგორც, ჩანს, მოულოდნელად ცუდად გახდა – ძლიერი სიცხეც იყო იმ დღეს და ეტყობა, ამან იმოქმედა.

ეს ამბავი სოციალურ ქსელში რომ გავრცელდა და ამდენი ადამიანის ლოცვა-კურთხევა წავიკითხე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემზე პოსტები სხვადასხვა სოციალურ ქსელში დღემდე არ წყდება. უფლის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან მან მომცა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის ძალა. ასევე, ძალიან მადლიერი ვარ საზოგადოების. მინდა თქვენი გაზეთით ვისარგებლო და ყველა მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. უფალმა ყველა დაიფაროს ცუდისგან, მაგრამ მსგავსი შემთხვევა რომ მოხდეს, კვლავ დაუფიქრებლად გავუწვდიდი ხელს საფრთხეში მყოფ ადამიანებს.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *