„ყოველდღე ვჩქმეტ ჩემს თავს, რომ დავრწმუნდე, არ მესიზმრება“ – ეკა ჩავლეიშვილი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ ფილმში გადაიღეს
სამხრეთ საფრანგეთის შთამბეჭდავ პეიზაჟებში, კერძოდ პროვანსში, რეჟისორ საიმონ ვუდსის ახალი კინოპროექტის, „The Worst“-ის გადაღებები უკვე ოფიციალურად დაიწყო, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავების – ალისია ვიკანდერის, კირა ნაითლისა და ერინ კელიმანის გვერდით, ერთ-ერთ საკვანძო როლს ქართველი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი შეასრულებს. პროექტის გარშემო თავმოყრილი სამსახიობო გუნდი მართლაც შთამბეჭდავია, რადგან მათ შორის ისეთი ცნობილი სახეებიც ფიგურირებენ, როგორებიც არიან: ტომ ჰოლანდერი, სემ კლაფლინი, შიან კლიფორდი და ანა მაქსველ მარტინი. საერთაშორისო ასპარეზზე ჩავლეიშვილის მიმართ ინტერესი ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი“ ეთეროს როლის უბადლო შესრულებამ და კინოდაჯილდოება „ელისოს“ 2024 წლის ჟიურიში ყოფნამ განაპირობა, სადაც იგი ფილმის ქასთინგის რეჟისორმა დიქსი ჩესიმ აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საერთაშორისო სამსახიობო სააგენტოების სისტემა ნაკლებად განვითარებულია, ეკას კასტინგის პროცესში მეგობრები და კოლეგები – ნატალია ჯუღელი, სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე დაეხმარნენ, რომლებმაც საცდელი ვიდეოს ჩაწერასა და ორგანიზაციულ საკითხებში დაუჭირეს მხარი, რის შემდეგაც იგი როლზე ოფიციალურად დაამტკიცეს. მსახიობი, რომელიც 27 მაისიდან უკვე პროვანსში იმყოფება, გადასაღებ მოედანზე არსებულ ემოციებსა და უზადო პროფესიონალიზმს ასე აღწერს:
„იანვარში დამირეკა ნატალია ჯუღელმა და მითხრა, რომ დიქსი ჩესი ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა და ვიდეოს ჩაწერას მთხოვდა. ვინაიდან საქართველოში აგენტები არ გვყავს და საერთაშორისო სისტემა ჩვენთვის უცხოა, ნატალია მთელ პროცესში დამეხმარა, სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძეც გამომიგზავნა რომ კარგი ვიდეო გამოსულიყო. ვიდეოს გაგზავნიდან რამდენიმე კვირაში როლზე დამამტკიცეს და უამრავი კითხვა დამისვეს. ვინაიდან თარჯიმანი მჭირდებოდა, თაკი მუმლაძე დავიმგზავრე და 27 მაისიდან პროვანსში ვართ. ვინაიდან ბედკრული საქართველოდან ვარ, მომწონს კი არადა, ყოველდღე ვჩქმეტ ჩემს თავს, რომ დავრწმუნდე, არ მესიზმრება, ეს ყველაფერი მართლა ხდება. სეტი შედგება ზეპროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებიც უზადოდ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. მანამდე ორ ფილმზე ვიმუშავე ელენე ნავერიანთან. ელენეს სეტზე ყოველთვის ყავს 5-6 უცხოელი და იგივე მუშაობის პრინციპი. ამიტომ არაფერი უცხო და ახალი არ იყო ჩემთვის. სულ 12 მსახიობი ვართ ამ ფილმში. 11-ივე მსახიობი ერთმანეთზე უკეთესია. პროფესიონალები, მოწესრიგებულები, ლამაზები, ნიჭიერები, კეთილგანწყობილები და უბრალოდ კარგი ადამიანები. მეტის თქმის უფლება, ამ ეტაპზე, არ მაქვს, მოკლედ, ვმოგზაურობ საიმონ ვუდსის ჯადოსნურ სამყაროში“, – აღნიშნა მსახიობმა.
მთელი გულით ვულოცავთ ეკა ჩავლეიშვილს ამ დიდ საერთაშორისო წარმატებას. თითოეული ჩვენგანისთვის საამაყოა იმის ნახვა, თუ როგორ იპყრობს ქართველი მსახიობის ნიჭი და პროფესიონალიზმი მსოფლიო კინოინდუსტრიას და როგორ იკავებს იგი ადგილს ჰოლივუდის ვარსკვლავების გვერდით. ვუსურვებთ მას წინსვლას, დაუვიწყარ შემოქმედებით თავგადასავლებს და კიდევ ბევრ მასშტაბურ როლს საერთაშორისო ასპარეზზე.