,,ნაციონალური მოძრაობა“ დილემის წინაშე – ახალი თუ ძველი თაობა?
By

,,ნაციონალური მოძრაობა“ დილემის წინაშე – ახალი თუ ძველი თაობა?

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი მწვავდება, შიდაპარტიული გამოწვევები უფრო და უფრო თვალსაჩინოა, რაზეც პარტიაშიც ღიად საუბრობენ. ენმ-ის შიგნით განსხავავებული პოზიციებია როგორც პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე, ისე სამომავლო სტრატეგიებზე. მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, რომ იგი თავმჯდომარეობის კანდიდატად განიხილავს ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო შეცვალა.
შიდა დაპირისპირების ფონზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ ერთი სადავო საკითხი ,,ოპოზიციურ ალიანსში“ პარტიის შესვლა გახდა. ცოტა ხნის წინ კრიტიკულად ალაპარაკდა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ შიდა მენეჯმენტის არასწორ სტილზე, პარტიის სისუსტესა და ღირსებაზე ისაუბრა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, მაგ ალიანსიდან უკვე გამოვიდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მიშას სურვილი რომ ყოფილიყო, ალიანსში არ იქნებოდნენ ამდენ ხანს, მაგრამ სხვა პარტიების სურვილი იყო, ყოფილიყვნენ. თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ“, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა მედიასთან საუბარში.
მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ იცოდა, ვინაიდან საკითხი მასთან დეტალურად განიხილეს, თუმცა თავად ალიანსის ფორმატს თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა.
ნანუკა ჟორჟოლიანის კრიტიკა მარტო ენმ-ს არ შეხებია, ჟურნალისტის ტონი მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეცვლილია.
ცოტა ხნის წინ ჟორჟოლიანმა მედიასთან სააკაშვილის ლიდერობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად ყოფილი პრეზიდენტის ისტორიული როლისა და ავტორიტეტისა, პარტიის ყოველდღიური პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში.
სააკაშვილმა არ დააყოვნა და ციხიდან უპასუხა ჟორჟოლიანის ადრინდელ რეპლიკას, რომ „მიშა ციხეშია და მის აზრს შესაძლოა დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს“. იგი არ ეთანხმება ჟურნალისტის მოსაზრებას, რომ მისი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია.

,,მინდა ვუპასუხო (და ეს ნანუკამ გააჟღერა) – მიშა ციხეში ზის და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო. ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ეს რეპლიკა შესაძლოა იმასაც მიანიშნებდეს, რომ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანის ,,ბრწყინვალე“ (როგორც თავად აღნიშნა) კანდიდატურას გადახედოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატურის განხილვაზე უარი თქვა, დღეს გეგმებზე საუბრობს.
,,რეფორმები სჭირდება პარტიას, ახალგაზრდული ხმა მკვეთრი და მყვირალა უნდა იყოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე მეტი კავშირი ახალგაზრდობასთან გაწყვიტა. „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა ასაკობრივი „თარგეთი“ და ეს მათ კარგად იციან. ეს პარტია უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა, ვეტერანები კი ზურგს გაუმაგრებენ“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ჟორჟოლიანის ინიციატივა ახალგაზრდების მოსვლასთან დაკავშირებით მოსწონთ, თუმცა მასთან აქვთ კითხვები, თუ რა კომპეტენცია აქვთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიაში ეპატიჟება. ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდების დაწინაურება გამოცდილ კადრებთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს და გუნდურობა და პოლიტიკური ეფექტიანობა უნდა გაძლიედრეს.

აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით, ნანუკა ჟორჟოლიანს ერთგვარად უსაყვედურა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ პარტიაში უცნობ და გამოუცდელ ადამიანებს თვალდახუჭული ვერ ენდობიან და ლიდერობა ბრძოლაში უნდა დაიმსახურონ.
,, ენმ ამანათი არაა, რომ ვინმე უცნობი ან გამოუცდელი ადამიანი მოვიდეს და აი ასე, აიღოს და ამხელა პარტია… თვალდახუჭულებმა ვანდოთ. ახალგაზრდა ასაკი არც გარანტია და არც თამასუქი არ არის, რომ ვინმე ვინმეს სჯობია. ძალიან უცნაური და გაუგებარი იყო, როცა მოვისმინეთ, რომ თურმე ენმ-ში ნანუკას გუნდის ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ და პირდაპირ ენმ-ის მართვა „გადაიბარონ“, ცხადია, ეს არასწორია, რადგან როცა რამეს მართავ, იქ ჯერ იმ გუნდის წევრების ნდობა უნდა მოიპოვო“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.

ამასობაში, სააკაშვილი საკუთარი თანაგუნდელების კრტიკას არ ერიდება. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ახალი სახეები არ ეყოფა და სჭირდება ძირეული რეფორმები, რადგან პარტია დღეს ისეთ ფორმაში არ არის, როგორიც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალას შეეფერება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნული მდგომარეობა პარტიაში შიდა კრიზისზე და არასტაბილურობაზე მეტყველებს, ეს კი იმის ნიშანია, რომ ისინი ვერ ახერხებენ ერთიანობის შენარჩუნებას.

,, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, სრული კრახი განიცადა, რაც ბუნებრივია, რომ ასეთი მწვავე, შეურაცხმყოფელი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს“ ,- აღნიშნა მედიასთან საუბრისას პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

სხვა ოპოზიციურ ძალებში ამბობენ, რომ მიმდინარე მოვლენები კარგად ასახავს არსებულ კრიზისს და რომ პარტიაში შეინიშნება პოლიტიკური ხედვისა და სტრატეგიის დეფიციტი.

ცხადია, დღეს ენმ-ისთვის მთავარი გამოწვევა მხოლოდ ახალი თავმჯდომარის არჩევა არაა. საკითხავია – შეძლებს თუ არა პარტია შიდა კრიზისის დაძლევას და განახლებას ისე, რომ იხელმძღვანელოს წლების წინ დაგროვილი გამოცდილებით, აღიდგინოს ძველი პოპულარობა და პარალელურად, შექმნას ახალი პოლიტიკური ხედვა, რითაც საზოგადოებაში მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ივნისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *