ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), 83 ხმით 5-ის წინააღმდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ორგანიზაციის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია. დოკუმენტის თანახმად, „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე, როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზაობაზე, შეასრულოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებები“. ასამბლეა განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და მათი ლიდერების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ მიმართული ინიციატივებისა და „პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული სასჯელების“ გამო. დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ამ გზის გაგრძელება „ფაქტობრივად, საქართველოში ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს, რაც არღვევს დემოკრატიის არსებით პრინციპებს“.
ამავდროულად, რეზოლუცია მწვავედ ეხება ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და „რეპრესიულ კანონმდებლობას“. დოკუმენტის მიხედვით, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის „დაუნდობელი ჩახშობის, ასევე, ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად, საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“. ასამბლეა მკაცრად გმობს სამოქალაქო სივრცის შევიწროებას და მოითხოვს ისეთი საკამათო ინიციატივების გაუქმებას, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონები (GEOFARA). კრიტიკის საგანი გახდა განათლების რეფორმებიც, სადაც აქტივების პრივატიზების გამჭვირვალე მექანიზმის შექმნასა და აკადემიური თავისუფლების დაცვას ითხოვენ.
ასამბლეა წუხს, რომ დღემდე არ ჩატარებულა სანდო გამოძიება აქციების დარბევის დროს გამოვლენილ პოლიციის სისასტიკესა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ასევე, „განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომ თბილისში საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენეს აკრძალული ქიმიური ნივთიერებები“. საბოლოო ჯამში, PACE მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთა დასკვნები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის საქმეებზე: „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „მახარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ასევე, სასამართლოს მიერ გამოტანილი ყველა დანარჩენი 77 გადაწყვეტილება, რომლებიც აღსრულების მოლოდინშია.
მიუხედავად ასეთი მძიმე შეფასებებისა, დოკუმენტის დასასრულ აღნიშნულია, რომ ასამბლეა ერთგული რჩება საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან „ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის მიმართ“, რათა ქვეყანაში აღდგეს ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული გარემო.