57 პედაგოგს სერტიფიკატები გადასცეს
აჭარის მთიანეთში მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენციები შუახევიდან დაიწყო და ხულოში დ ასრულდა. აქ მე-6 მუნიციპალური კონფერენცია თემაზე: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ ჩატარდა, რომლის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური და ციფრული მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, ინკლუზიური განათლების პრინციპების ინტეგრაცია, კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა და სკოლებისა და კლასების ეფექტური მართვის პრაქტიკის გაზიარება.
კონფერენციაზე ხულოს მუნიციპალიტეტის 50-ზე მეტი საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა აბუსერისძე ტბელის სკოლების 57-მა პედაგოგმა სხვადასხვა საგნობრივ სექციაში მოხსენებები წარმოადგინა. სექციებისა და პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორები და ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერები. მათ 57 პედაგოგს სერტიფიკატები გადასცეს.
ცოტნე ცაბაძე