ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია დაფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების შედეგად, ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია გახდება ხელმისაწვდომი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და მათი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.
„აღინიშნა, რომ პროგრამის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვების განვითარების, მეტყველებისა და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს, რადგან ადრეულ ასაკში სმენის სრულფასოვან აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ პროგრამის ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, რომელიც ამჯერადაც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის პაციენტისთვის, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.
„სახელმწიფო პროგრამა ასევე, მოიცავს კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომ აუცილებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებსა და თერაპიას, რაც პაციენტების სრულფასოვან რეაბილიტაციასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.