ბათუმი ფიდეს მსოფლიო თასს მასპინძლობს
საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენი რეგიონი კიდევ ერთ მასშტაბურ ღონისძიებას – ფიდეს მსოფლიო თასს მასპინძლობს. ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
ფიდეს მსოფლიო თასი, რომელშიც 8-12 წლამდე ჭაბუკები და გოგონები მონაწილეობენ, დღეს, 16 ივნისს, 14 საათსა და 40 წუთზე, სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“ ოფიციალურად გაიხსნება და 28 ივნისის ჩათვლით ჩატარდება, ტურნირი კი ოფიციალურად 27 ივნისს, 20.00 საათზე დაიხურება. მასში მონაწილეობს მსოფლიოს 68 ქვეყნის 700-მდე მოჭადრაკე. აქედან 80-მდე სპორტსმენი საქართველოდან იასპარეზებს, 13 სპორტსმენი აჭარიდანაა.
ჩემპიონატი 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ბათუმი ამ ტურნირს უკვე მესამედ მასპინძლობს – იგი დაარსების დღიდან ჩვენს ქალაქში იმართება.
როგორც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ გვითხრა, წელს მსოფლიო თასი ახალი ფორმატით ტარდება, ის მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის ნაწილია – ყველა ასაკში გამარჯვებული სამეული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
მოჭადრაკეებს წინ დაძაბული და საინტერესო ბრძოლები ელით. წარმატებები ვუსურვოთ მათ.
მანანა ძიძიშვილი