ქობულეთიდან – მსოფლიო ფეხბურთისკენ
საქართველოში
-ი ჩატარდა. ეს არის ლონდონის საფეხბურთო კლუბის
საერთაშორისო სასწავლო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შესაძლებლობას აძლევს, კლუბის აკადემიის მეთოდოლოგიით ივარჯიშონ, ასევე, პროფესიონალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას. ფეხბურთელები კემპის ფარგლებში გადიან ტექნიკურ, ტაქტიკურ და ფიზიკურ მომზადებას, რაც მათ ეხმარებათ შრომისმოყვარეობისა და გუნდური მუშაობის განვითარებაში. აღნიშნული კემპი თბილისსა და აჭარაში ჩატარდა. მისი მიზანი იყო ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა და მათი შესაძლებლობების შეფასება. მასში დაახლოებით 250 ბავშვი მონაწილეობდა, აგვისტოში ლონდონში გასამგზავრებლად კი მხოლოდ 7 შეირჩა. შერჩეული მონაწილეები ლონდონში გაეცნობიან საერთაშორისო საფეხბურთო გარემოს, ივარჯიშებენ მაღალი დონის სპეციალისტებთან და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობაში, ასევე, ამხანაგურ მატჩებში ითამაშებენ. შერჩეულებს შორისაა ,,ჩელეს აკადემიის“ 9 წლის ქობულეთელი ნახევარმცველი დათუნა გოგიტიძე.

ლონდონში გამგზავრება ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი აღიარება და კარიერული განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია. ამასთან, დათუნა საკუთარ შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს.
პატარა ასაკში ასეთი შანსი, თითოეული ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული გამოცდილება და ოცნებაა.
ჩვენ ვესაუბრეთ დათუნა გოგიტიძეს, რომელმაც კემპში მიღებულ გამოცდილებაზე, ლონდონში გამგზავრების მოლოდინსა და საფეხბურთო ოცნებაზე გვიამბო:
– ფეხბურთი ბაბუამ შემაყვარა. ხშირად დავყავდი სტადიონზე და ერთად ვუყურებდით თამაშებს. სწორედ მან დამანახა ფეხბურთის სილამაზე, განმაცდევინა ის ემოციები, რაც ამ სპორტს ახლავს. ბაბუა ხშირად მიყვებოდა ლეგენდარულ ფეხბურთელებზე და მათ წარმატებებზე, იმ შრომაზე, მონდომებასა და ყოველდღიურ ვარჯიშზე, რამაც ისინი საუკეთესო ფეხბურთელებად აქცია. მათი ისტორიები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა და უფრო მსურდა, ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მახსოვს, როგორ მეთამაშებოდა ბაბუა ბურთს, მასწავლიდა პირველ ელემენტებს და მამხნევებდა, რომ არასდროს დავნებებულიყავი. სწორედ მისმა მხარდაჭერამ და სიყვარულმა მომცა ვარჯიშისა და სწავლის მოტივაცია, შემიძლია ვთქვა, ფეხბურთის სიყვარული სწორედ ბაბუამ ჩამინერგა. ჩემი ოფიციალური საფეხბურთო გზა კი 4 წლის წინ, კლუბ ,,შუქურაში“ დაიწყო. ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ სპორტი არაა, იგი ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და გზაა, რომელზეც ბავშვობიდანვე თავდაჯერებით მოვდივარ, – გვითხრა დათუნამ.
პატარა ფეხბურთელი იმ ემოციებს იხსენებს, როცა გაიგო, რომ 7 ფეხბურთელს შორის თავადაც იყო.
– ლონდონში გასამგზავრებლად რომ შემარჩიეს, დაჯერება გამიჭირდა, რადგან დიდი კონკურენცია იყო. ეს ამბავი ბედნიერებასთან ერთად, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა. მოტივაცია მომცა, რომ მომავალში საკუთარ თავზე მეტი ვიმუშაო და გავხდე კარგი ფეხბურთელი.

„არსენალის“ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ მოგზაურობა ან საფეხბურთო ბანაკი არ არის – ეს არის შესაძლებლობა, ვისწავლო, განვვითარდე და გამოცდილება მივიღო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო კლუბში, – ამბობს დათუნა. იგი „არსენალის“ კემპში მიღებულ გამოცდილებაზეც გვიყვება.
– ვვარჯიშობდი მაღალი დონის მწვრთნელებთან და მივიღე დიდი ცოდნა. ბევრი რამ ვისწავლე როგორც ტექნიკური, ისე ტაქტიკური კუთხით. თითოეული ვარჯიში საინტერესო და სასარგებლო იყო, რაც დამეხმარა საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში. ასევე, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთში წარმატების მისაღწევად შრომა, დისციპლინა და მუდმივი განვითარება.
კემპმა კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა, რომ მომავალში მეტი ვივარჯიშო და საკუთარ თავზე ვიმუშაო. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, „არსენალის“ პროექტის ნაწილი რომ გავხდი.
– ლონდონში გასამგზავრებლად დიდი მონდომებით ვემზადები. ვცდილობ, ყოველდღიური ვარჯიშები არ გავაცდინო და ამ მნიშვნელოვან მოგზაურობას საუკეთესო ფორმაში შევხვდე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ფიზიკურ მომზადებას, ბურთთან მუშაობას. ამასთან, ვეცნობი „არსენალის“ ისტორიას, მის ფეხბურთელებსა და იმ გარემოს, სადაც მომიწევს ყოფნა. ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მექნება, ახლოდან გავიცნო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბი. მინდა, ღირსეულად წარმოვაჩინო საკუთარი თავი, ჩემი ოჯახი, ჩემი ქალაქი, ქვეყანა და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გზაზე მხარში მიდგას. მინდა გავხდე პროფესიონალი ფეხბურთელი და ვითამაშო ევროპის საუკეთესო კლუბში. ძალიან მინდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც გავხდე და ჩვენი სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოვაჩინო. ამ მიზანს ყოველდღიურად ვუახლოვდები შრომითა და თავდადებით. ვიცი, რომ ეს გზა მარტივი არ არის, მაგრამ მზად ვარ განვითარებისთვის, მუდმივი მუშაობისა და ყველა იმ ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც ჩემი ოცნების ასრულებას სჭირდება, – გვითხრა დათუნა გოგიტიძემ.
თამარ ლამპარაძე