„სევდისძვრა“ – ბათუმელი მკითხველის სამსჯავროზე
By

„სევდისძვრა“ – ბათუმელი მკითხველის სამსჯავროზე

მაია მინდელის, პროფესიით ჟურნალისტის, ლექსები ფართო მკითხველმა მხოლოდ მაშინ გაიცნო, უმეტესად სოციალური ქსელით, როცა ავტორი უკვე მოწიფული ასაკისა გახლდათ.  რასაკვირველია, პოეტური ბუნება და ხედვა დაბადებიდან თან დაჰყვა, პირველი ლექსებიც 15 წლისამ გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ გამოაქვეყნა და მას შემდეგ რეგიონულ გამოცემებშიც არაერთხელ დაუბეჭდავს, თუმცა ჰქონდა პერიოდი, როცა სათქმელი კარგა ხანს აგროვა და ბოლოს პოეზიის ისეთ მძლავრ ნაკადად გადმოღვარა, რომ გაოცება-აღტაცებით შეგვიპყრო ყველა, ვის სულსა და გულსაც მისი ლექსები შეეხო. კითხულობ მათ და საკუთარი გგონია – პირდაპირ შენი სამყაროდან ამოკითხული, მაგრამ აქამდე ვერთქმული. საოცარი მხატვრული სახეებით, წიაღსვლებით, ამოუწურავი ლექსიკით  შენივე სულის ლაბირინთებში გახეტიალებს  ისე, თითქოს ქართული სიტყვის მაგიური ძალის გასაღები უპოვია და აცოცხლებს სულის სანახებში მიძინებულ მოგონებებს, შეკითხვებს სიცოცხლეზე, სიყვარულზე, პატიებაზე, ღალატსა და ერთგულებაზე.

არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა ბათუმურ პროექტში „ლექსების გამოფენა“ მოპოვებული მეორე ადგილი, ქუთაისის ლიტერატურულ კონკურსში „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი“  – პირველი ადგილი, გაზეთ ლიტერატურული მესხეთის“  მიერ შოთაობასთან დაკავშირებით გამართულ ლიტკონკურსიში – პირველი ადგილი (ორჯერ) და სხვა. მაიას ლექსები ნათარგმნია სერბულ, იტალიურ, ინგლისურ და თურქულ ენებზე.

ჩვენს ქალაქში არაერთი მეგობარი ჰყავს, სწორედ, საკუთარი პოეზიის წყალობით შეძენილი. სოციალურ ქსელში წაკითხული მისი გულწრფელი ლექსებით, თითქოს მის სულს ნაზიარები ბათუმელები, რომელთა შორის უმეტესობა პოეტი და მწერალია, ახლახან მაია მინდელს შეხვდნენ. მათ წინაშე, ბათუმის მწერალთა სახლის მიწვევით, ავტორი თავისი ლექსების პირველი კრებულით „სევდისძვრა“ წარსდგა.

ავტორზე თბილად ისაუბრეს, მისი პოეზიის მიმართ დიდი ინტერესი და მოწონება გამოხატეს პოეტმა, ჟურნალ ჭოროხის მთავარმა რედაქტორმა სანდრო ბერიძემ და მწერალთა სახლის დირექტორმა ლალი კონცელიძემ.

„კარგია თუ ცუდია, ბევრია თუ ცოტაა, მაღალია თუ დაბალი, ეს არის ჩემი გულიდან გამოწურული სისხლი მიტანილი მკითხველამდე იმ, თუნდაც ერთი, ადამიანისთვის, რომელიც იპოვის და ბედნიერი ვარ, რომ ბევრი  პოულობს თავის ტკივილს ამ ლექსებში“, – თქვა ავტორმა ბათუმელ მკითხველებთან საუბრისას, მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა  და აუდიტორიის შეკითხვებსაც სიამოვნებით უპასუხა.

აი, რა გვითხრეს მაია მინდელზე იმდღევანდელი აუდიტორიის წევრებმა:

ბელა ქებურია: – სოციალური სივრციდან, ფესტივალებიდან, სხვადასხვა ლიტერატურული შეხვედრიდან ვიცნობდი, მაგრამ ასე ახლოს პირველად შევხვდი…  აღფრთოვანებული ვარ,  ეს არის ადამიანი, რომელიც შენში ნისლივით შემოედინება, მაგრამ მზის კვალს გიტოვებს, ადამიანი, რომელმაც წყალს ფორმა მისცა… როცა ლექსს კითხულობ სოციალურ სივრცეში, მას არ ახლავს ისეთი ძალა და ენერგეტიკა, რაც უშუალო შეხვედრას მოჰყვება. პირადად შეხვედრისას ავტორის ტკივილი, სიხარული, ყველაფერი ცოცხლდება და მისი ლექსის თანაზიარი ხდები. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ამ გოგოსთან ასეთი შეხვედრა გვქონდა.

ზურაბ ფირცხალაიშვილი:  – მაიას ლექსებს გავეცანი სოციალური ქსელიდან და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ფეისბუქგვერდზე ვნახე მის მიერ წაკითხული ჩემი ლექსის ჩანაწერი. ამის შემდეგ თვალს ვადევნებდი მის შემოქმედებას, ვწერდით ერთმანეთს.   ძალიან გამიხარდა, რომ ამ საღამოზე დამპატიჟა. უაღრესად საინტერესო პოეტია და მიხარია, რომ როგორ პოეზიასაც ქმნის, პიროვნებაც ისეთი ყოფილა. მისი მშვენიერებით, ლამაზი პოეზიით გაჯერებული ეს საღამო მინდა მივულოცო და წარმატებები ვუსურვო.

ლალი კონცელიძე: – უამრავი საღამო გაგვიმართავს, მაგრამ იშვიათია ასეთი თბილი, გულშიჩამწვდომი, ქალური სათქმელით სავსე შეხვედრა. თითქოს ყველა ქალის სათქმელს ამბობს – ბედნიერისაც, გულნატკენისაც… ასეთი პოეტი ჩემს სიცოცხლეში მართლა პირველად გავიცანი, რადგან მსგავსი განცდა ლექსის მიმართ არასდროს მქონია – თითქოს ჩემი დაწერილია… ეს,  პირველ რიგში, ალბათ მისი გულწრფელობის დამსახურებაა – არ არის „გაკეთებული“ არცერთი ემოცია, არცერთი რითმა, არცერთი სტრიქონი,  ამ ლექსებში  ყველაფერი ნამდვილია.

მაია მინდელის პირველი პოეტური კრებული უკვე სათაურიდანვე იქცევს ყურადღებას – „სევდისძვრა“ თითქოს სევდის, მიჩქმალული ქალური და ზოგადადამიანური ტკივილების ახმაურებაზე, ამ ტკივილების მიზეზთა გამო პოეტის ამბოხზე, სათქმელის აზვირთებაზე მიგვანიშნებს…. თუმცა ვნახოთ, რას ამბობს ამის შესახებ თავად ავტორი:

– ეს ჩემი პირველი პოეტური კრებულია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ვიგრძენი, როცა მისი შექმნა გადაწყდა. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის კრებულის სათაური იყო, რადგან ვთვლი, რომ წიგნის სათაურს დიდი მნიშვნელობა აქვს – მან უნდა მიიზიდოს, დააინტერესოს მკითხველი და ავტორზეც უნდა შეუქმნას წარმოდგენა. ამ მხრივ გამიმართლა – დიდხანს არ მიძებნია სათაური – უკვე არსებობდა ლექსი „სევდისძვრა“, რომელიც  შედის ამ კრებულში, ანუ ეს სიტყვა ლექსის წერისას დაიბადა და ჩემდაუნებურად „ჩემს სიტყვად“ იქცა. იმდენად მომეწონა, რომ ჯერ ლექსის სათაურად და მოგვიანებით, კრებულის სათაურადაც ავირჩიე, რაც სრულიად ესადაგება და ირეკლავს ჩემი პოეზიის კონცეფციას, ტონალობას და განწყობას. რისი თქმაც მინდოდა მკითხველისთვის ჩემი ლექსებით, ყველაზე კარგად ამ სიტყვამ დაიტია.

ბათუმის მწერალთა სახლში ძალიან თბილი აუდიტორია დამხვდა, ლამაზი საღამო გამოვიდა, კმაყოფილი და მადლობელი ვარ მწერალთა სახლის,  ბათუმელი მეგობარი ავტორების. ჩემთვის ეს ქალაქი განსაკუთრებით ძვირფასია მრავალი მიზეზის გამო და მიხარია, რომ მის მკვიდრებთან ჩემი შეხვედრა შედგა.

კიდევ ბევრი კრებულის გამოცემას და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ ამ უნიჭიერეს შემოქმედს. დაიმახსოვრეთ ეს სახელი – მაია მინდელი, დარწმუნებული ვარ მასზე სულ უფრო მზარდი ინტერესით და აღფრთოვანებით ისაუბრებენ.

მარინა მითაიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *