მიზანი – საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდი იუნესკოს ნომინაციაზე წარდგენა
By

მიზანი – საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდი იუნესკოს ნომინაციაზე წარდგენა

„საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის“ სამუშაო ჯგუფმა დღეს პირველი სხდომა გამართა და სამუშაო გეგმა განიხილა. პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტში შექმნილი ჯგუფის მიზანია საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის იუნესკოს ნომინაციაზე წარდგენა.

დღეს დაიგეგმა, რომ შეიქმნება გადამღები ჯგუფი, რომელიც ნომინაციაზე წარსადგენად ფილმს მოამზადებს, მანამდე კი სამუშაო ჯგუფი იმ ოჯახების ნუსხას შეადგენს, რომლებიც ლუდს ტრადიციული მეთოდებით ხარშავენ. პარალელურად, დაიგეგმა სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციების ჩატარება იმის აღსაწერად, სად რა ტრადიციაა შემორჩენილი.

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფი ყველა უწყებასთან კოორდინაციას გეგმავს და ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის სრული პაკეტი ექნება მომზადებული, ხოლო მომავალი წლის მარტში, საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს ნომინაციაზე წარადგენენ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა განაცხადა, რომ იუნესკოს მიერ საქართველოდან ხუთი ნომინაციაა აღიარებული.

„ჭიდაობა, ქართული ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგია, ხორბალთან, პურის ცხობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ნომინაცია მოვიპოვეთ, ჩვენი ანბანი, პოლიფონია. კარგია, რომ წინ მივდივართ და ახლა დავიწყებთ მუშაობას მთის ლუდის ხარშვის ტექნოლოგიებთან, რიტუალებთან დაკავშირებით. თითზე ჩამოსათვლელი ოჯახები იცავენ ამ ტრადიციას და წესს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს გავუფრთხილდეთ, განვავითაროთ და უფრო თანამედროვედ მივუდგეთ ამ საკითხს. არამხოლოდ შევინარჩუნოთ, უფრო წინაც წავიდეთ. ჩვენი კომიტეტი, როგორც წამყვანი სტრუქტურა, დაუკავშირდება ყველა უწყებას, კოორდინაციას მოვახდენთ უწყებებს შორის და დავაგზავნით ყველა მასალას, ყველა დოკუმენტს, რა პროცესში ვართ, სამომავლოდ რა გვაქვს გასაკეთებელი. სააღრიცხვო ბარათსაც დავაგზავნით, რომ იცოდეთ, რა საბუთებს ითხოვს იუნესკო, როდესაც მიმართავ ამა თუ იმ ნომინაციაზე. ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის შეგვეძლება, სრული პაკეტი გვქონდეს“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე ხმიადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა, როგორიც არის მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი, წარმატებით დაგვირგვინდება. „ამ ნომინაციას გამარჯვების და აღიარების საფუძველი რეალურად აქვს“, – განაცხადა მან.

 

  • No Comments
  • ივნისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *