„ექსპო – ახალგაზრდულ სერვისებზე“
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას „ექსპო – ახალგაზრდულ სერვისებზე“ დაესწრნენ.
მოწვეული სტუმრის სტატუსით ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენის მიზანი ახალგაზრდების ინფორმირებულობა, აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და რეგიონში არსებულ იმ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო, რომელიც მათ პიროვნულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ განათლებას უწყობს ხელს.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო რეგიონში არსებული სახელმწიფო, საგანმანათლებლო, ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტების, ტრენინგების, საგანმანათლებლო შესაძლებლობების თუ კარიერული მიმართულებების შესახებ.
ღონისძიება, რომელმაც 500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.