ხვალ ბათუმში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხნება
2-დან 6 ივნისის ჩათვლით, სპორტის ქალაქად აღიარებული ბათუმი კიდევ ერთ მასშტაბურ ღონისძიებას – საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ეს არის მასშტაბული ღონისძიება, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია.
ეს არის პირველი მასშტაბური შეჯიბრება, რომელშიც საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. ფესტივალი ტარდება მოზარდებში – 14-17 წლის ასაკის სპორტსმენებში, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს ქულათა ჯამური მაჩვენებლით აჩვენებს.
შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში გაიმართება და მასში დაახლოებით 1200 სპორტსმენი ჩემპიონობისთვის და მედლებისთვის იბრძოლებს.
ფესტივალი საზეიმოდ ხვალ, საღამოს 21 საათზე, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გაიხსნება. ორგანიზატორები გრანდიოზულ შოუპროგრამას გვპირდებიან, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ცნობილი ანსამბლები მიიღებენ.
დაესწარით, ისიამოვნეთ, ეს მართლაც დაუვიწყარი შოუ იქნება.
2-დან 6 ივნისის დღეები კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ფურცელი გახდება ქართული სპორტის ისტორიაში.
მანანა ძიძიშვილი