მოძრაობა შეიზღუდება
საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 1-ლი ივნისის 00:00 საათიდან 5 ივნისამდე სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება აეროპორტის გზატკეცილის №1-დან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე მონაკვეთში.
შეზღუდვა დაკავშირებულია აეროპორტის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც გულისხმობს №1-დან №93-ის ჩათვლით მონაკვეთის განახლებას. ქუჩის ნაწილზე უკვე დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები იწყება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, მოწესრიგდება ეზოების შესასვლელები, განახლდება გარეგანათების ქსელი, მოეწყობა ავტოსადგომები, განთავსდება საგზაო ნიშნები და შესრულდება გამწვანების სამუშაოები. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
შეზღუდვის პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ცვლილებები მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტსაც შეეხება.