„სახლიდან – სამშობლომდე“
ხულოში, ღორჯომის თამაზ ირემაძის სახელობის კულტურის სახლში, სლოგანით ,,სახლიდან – სამშობლომდე“ ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.
კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის ,,კულტურა- მთაში” ფარგლებში შედგა, რომელიც 2026 წელს დაიწყო და აერთიანებს სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებებს. მისი მიზანია მთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და კულტურული პოტენციალის გაუმჯობესება.
კონცერტის მონაწილეებსა და დამსწრეებს მიესალმნენ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ხულოს დელეგატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე.
ღორჯომის კულტურის სახლში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ: ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა“, ქედის კულტურის ცენტთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი “იაგუნდი“, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი – „ათძალი“, ღორჯომის კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ღორჯომი“, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული დიდაჭარის სასოფლო კლუბის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერმისი“, ხულოს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებული, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ციცინათელა“, ხიხაძირის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხიხანი“, შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ჭვანა“, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“.
კულტურის სახლის ფოიეში გამოფენილი იყო ეროვნული სამოსი და ადგილობრივების მიერ შექმნილი ნაქსოვ-ნაქარგები.
პროექტის „კულტურა-მთაში“ ფარგლებში, კონცერტები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა

