ფესტივალს – „ღვთისმშობლის წილხვდომილობა“ ბათუმმა უმასპინძლა
12 მაისს საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის დამაარსებლის, წმინდა ანდრიას მოციქულის დღე აღინიშნა, ამავე დღეს ვზეიმობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობას, რომელიც იმედის დღეთაც მოიხსენიება. ამასთან დაკავშირებით, ბათუმის დრამატულმა თეატრმა ფესტივალს „ღვთისმშობლის წილხვდომილობა“ უმასპინძლა. ღონისძიება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მხარდაჭერითა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.
საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, სამღვდელოებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ელისაბედ აბულაძე და დავით ჯაყელი უძღვებოდნენ, რომლებიც კონცერტის მსვლელობისას, აღნიშნული დღესასწაულისა და ზოგადად, საქართველოში ქრისტიანული სარწმუნეობის დამკვიდრების შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტზე გვიამბობდნენ.
კონცერტში მონაწილეობდნენ: საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე), ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი (სამხატვრო ხელმძღვანელი, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, აჭარის დამსახურებული მოღვაწე, გუნდის დამაარსებელი ზაირა ვადაჭკორია), აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – თემურ დოლიძე, ქორმაისტერი, აჭარის დამსახურებული მოღვაწე – გელა ვადაჭკორია), კამერული ორკესტრი მაესტრო მამუკა ალაფიშვილის დირიჟორობით, სოლისტები ნინო წულაია, სოფო ხალვაში, დავით გველესიანი, მარიამ მინდორაშვილი (ფლეიტა)…
შესრულდა ქართული საგუნდო და კლასიკური მუსიკის გამორჩეული ნაწარმოებები.
საღამოს ფარგლებში, თეატრის ფოიეში თბილისის ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეისა და ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიების შესახებ ფესტივალის ორგანიზატორი მანანა ხვედელიძე გვესაუბრა.
– უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ქადაგებებში ქართველებს „ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის შვილებს“ უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ „ღვთისმშობლის წილხვედრობა არის ღვთის მადლი და განსაკუთრებული მფარველობა, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა ქართველი ერისთვის“. „ღვთისმშობლის წილხვედრილობის“ ფესტივალი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, ჩემთვის პირველი იყო იმ მხრივ, რომ მსგავსი შინაარსის, თემატიკის საღამო არასოდეს გამიკეთებია. რადგანაც ფინანსურად შეზღუდულები ვიყავით, ამიტომ თავად დავწერე სცენარი… დავტვირთე საღამო არა მხოლოდ ადგილობრივი კოლექტივებით, არამედ თბილისიდანაც ჩამოვიყვანე ჩემი უსაყვარლესი ანსამბლი „ბასიანი“. ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა ზურაბ ნადარეიშვილმა სპეციალურად ამ პროექტისთვის, უწმინდესის „ავე მარიას“, ასევე, სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებების ახალი არანჟირება შექმნა და ვფიქრობ, ამან გაამართლა. მოვიწვიე ძალიან კარგი სოლისტები, როგორც ადგილობრივი, ასევე, თბილისელი შემსრულებლები. ასე მოვიქეცი წამყვანების შემთხვევაშიც. ერთი – ელისაბედ აბულაძე თბილისელია, დავით ჯაყელი – ბათუმელი მსახიობი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო ის ექსკლუზიური მასალა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და საპატრიარქოს ტელევიზიიდან მოვიპოვეთ – უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის უკვე ისტორიად ქცეული კადრები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის კადრები, სადაც უწმინდესი თავის „ავე მარიაზე“ ჰყვება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბათუმის მერიას, რომლის ინიციატივითაც წელს მე ვუხელმძღვანელე ამ ფესტივალს. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც რაიმე სახით ან უშუალოდ მონაწილეობდა ფესტივალში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ბათუმისა და თბილისის ბავშვთა სამხატვრო სკოლების ნორჩი მხატვრების შემოქმედება, რომლებმაც შესანიშნავი თემატური ნამუშევრები შექმნეს. მადლობა მათ ხელმძღვანელებს, – გვითხრა მანანა ხვედელიძემ.
გალერეა







