ბათუმში საზეიმო ღონისძიებები ანბანის კოშკთან გაიმართება
By

ბათუმში საზეიმო ღონისძიებები ანბანის კოშკთან გაიმართება

საქართველოს ეროვნული დღესასწაულის – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება აჭარის რეგიონში მასშტაბური აქტივობებით გრძელდება.

სამზადისში ჩართულნი არიან აჭარის მთავრობის, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და უწყებები.

26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, რეგიონში მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობებია დაგეგმილი.

17:10 საათზე საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში საზეიმოდ შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდება.

ბათუმში საზეიმო ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

11:00-20:00 – შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ბავშვებისათვის, ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;

12:00-19:00 – „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრების სტენდი;

17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომელსაც შეასრულებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბათუმის სალოტბარო სკოლა;

17:15 – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები, დირიჟორი დავით მუქერია;

18:30 – ფოლკლორული ანსამბლები;

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 20:00 „ურსას“ კონცერტით დასრულდება.

26 მაისს განსხვავებული და საინტერესო პროგრამით ხვდებიან მუნიციპალიტეტებშიც. ქობულეთის ცენტრალურ პარკსა და ამფითეატრში სხვადასხვა საბავშვო და გასართობი აქტივობა იგეგმება, ასევე გაიმართება საზეიმო კონცერტი. ხელვაჩაურში კი, ადგილობრივი ანსამბლების კონცერტის გარდა, სპორტული ტურნირები და მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. სადღესასწაულო ატმოსფერო იქნება მაღალმთიან აჭარაშიც. ქედაში დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები, ფლეშმობი „ხორუმი“ და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი. შუახევში მოეწყობა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე სპორტული და საბავშვო აქტივობები, ხოლო ხულოში დღე სახალხო მსვლელობით დაიწყება და საზეიმო კონცერტით დასრულდება.

 

  • No Comments
  • მაისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *