„აგრარული განათლების პოპულარიზაცია“ პრეზენტაცია გაიმართა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში პროექტის „აგრარული განათლების პოპულარიზაცია“ დაესწრო.
ღონისძიებას ესწრეობოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით ბაციკაძე, ფრიდონ ფუტკარაძე და განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სკოლას, პედაგოგებს, ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში მონაწილეობისთვის. აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს განათლებული, მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდების აღზრდას.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში აგრარული მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული ცოდნისა და უნარების განვითარება, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროსადმი ინტერესის გაძლიერება. მიმდინარე წელს აღნიშნული ინიციატივა განხორციელდება აჭარის ხუთ საჯარო სკოლაში. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ჩაერთვებიან სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობაში, მათ შორისაა: მცენარეთა დარგვა და მოვლა, ნიადაგის დამუშავება, აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მოცვის ნერგების დარგვაში.