ზურაბ პატარაძე: აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მთიანი აჭარის გაძლიერებისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ხულოსა და შუახევში გამართული შეხვედრების შემდეგ ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს უკავშირდება, ეტაპობრივად განხორციელდება. მისივე თქმით, გაგრძელდება საქმისადმი გულისხმიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რათა მაქსიმალურად გამართლდეს მოსახლეობის ნდობა და მოლოდინები.
„მთიანი აჭარის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება – საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების სისტემები, ინტერნეტისა და ბუნებრივი აირის ხელმისაწვდომობა არის ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.
2026 წელს გვექნება შესაძლებლობა ქედის მუნიციპალიტეტში გავხსნათ ახალი, მრავალფუნქციური კულტურის ცენტრი. ასევე, დაგეგმილია სპორტული კომპლექსის, საბავშვო სახლისა და 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მინდა განსაკუთრებულად გავახარო ქედელები – უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტადიონის მშენებლობაც იგეგმება.
ეს და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ამჟამად ქედაში დღის წესრიგში დგას, მიზნობრივად განხორციელდება. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ანგარიში ჩავაბაროთ მოსახლეობას – გვექნება შეხვედრები ყველა სოფელში. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მთიანი აჭარის გაძლიერებისთვის, ექვსივე მუნიციპალიტეტის თანაბარი განვითარებისთვის და ხვალინდელი ძლიერი აჭარისთვის“, – თქვა ზურაბ პატარაძემ.
დაბა ქედაში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო. ქედის მერმა მამუკა თურმანიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პროექტის ფარგლებში შენობის სრული შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. განახლებული სივრცე გააერთიანებს კულტურის ცენტრს, სახელოვნებო სკოლასა და ბიბლიოთეკას. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის და აღიჭურვება თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების, გახმოვანებისა და განათების სისტემებით. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 4 652 040 ლარია მობილიზებული.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედაში ღვინის მარანი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მეღვინეობას განსაკუთრებული როლი აქვს მუნიციპალიტეტის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისთვის. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად გააგრძელებს კერძო სექტორისა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას.
მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე ესაუბრა.
ცოტნე ცაბაძე