პაატა აროშიძე: საკითხავია, ბიზნესმენები პროდუქტებს აიაფებენ თავიანთი მოგების მარჟის შემცირებით თუ დავალებით?
მთავრობის მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში მოცემული დაპირება, რომ აპრილში, მაინც, სურსათსა და მედიკამენტებზე ფასები დაიწევდა, ვერ შესრულდა. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე, ქსელურმა სუპერმარკეტებმა კიდევ უფრო გააძვირეს პროდუქცია. ხალხი ხუმრობდა კიდეც, შემდეგ ცოტას დაუკლებენ და გაიაფებული პროდუქცია ექნებათო. გავიდა აპრილიც, მაგრამ ის მომატებული ფასები არავინ დასწია, რაც მოსახლეობას უფრო მძიმე ტვირთად დააწვა.
მაისის პირველ რიცხვებში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს რეკომენდაციებსაც, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს.
გთავაზობთ ინტერვიუს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატთან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ პაატა აროშიძესთან, რომელიც აანალიზებს ქართულ ბაზარზე არსებულ ვითარებას და განმარტავს, თუ რა გზითაა შესაძლებელი დაბალი ფასების მიღება.
– რამდენად ერევა სახელმწიფო ბიზნესში ამ 104-გვერდიანი დასკვნით?
– დიახ, ბევრს სწორედ ასე წარმოუდგენია, თითქოს სახელმწიფო ერევა ბიზნესში, თვითნებურად აწესებს მაქსიმალურ და მინიმალურ ფასებს და სხვ. მაგრამ ახლა არ მიმდინარეობს ის პროცესი, რასაც მთავრობის მიერ ფასების რეგულირება ჰქვია. მთავრობა შეგნებულად ერიდება ბიზნესზე წნეხს, რადგან, როგორც წესი, მსგავს პროცესებს ნეგატიური ფინალი აქვს – სახელმწიფო მექანიკურად გადადის ბიზნესში უხეშად ჩარევაზე, რაც ძალიან ცუდია.
– მაშინ აგვიხსენით, ახლა კონკრეტულად რა პროცესი მიმდინარეობს?
– ახლა მიმდინარეობს იმ ფუნქციების წამოწევა, რომელიც სახელმწიფოს ისედაც გააჩნია, ვგულისხმობ ფასების სტაბილიზაციის ფუნქციას, რაც მიიღწევა, პირველ რიგში, საბაზრო სისტემის ფასების და იმ გარემოს შესწავლით, რაშიც ყალიბდება ეს ფასები და მეორე – სახელმწიფო ამით შეეცდება ბაზრის გათავისუფლებას მონოპოლისტებისაგან. სწორედ ეს არის მთავარი, რადგან ხშირად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ ფასების ზრდა დაკავშირებულია სხვადასხვა ლოგისტიკურ სისტემებში არსებულ გაუმართაობასთან, ასევე – მონოპოლისტების მიერ ერთმანეთში ფასების შეთანხმებასთან და ა.შ.
ჩვენთვის უცხო არ არის ის, რომ, პირველ რიგში, ეს შეთანხმება ეხება სამომხმარებლო და ფარმაცევტული პროდუქციის ფასებს, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ყველაზე მეტი თანხა ოჯახიდან მიდის პროდუქტებსა და წამლებზე. ამიტომ აიღეს ეს მიმართულება და სახელმწიფოს მთავარი როლი უნდა გამოიკვეთოს თავისუფალი ბაზრის დაცვაში, კერძოდ, ყველა ბიზნესმენს, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, სურვილისამებრ უნდა შეეძლოს სამომხმარებლო ბაზარზე შესვლა.
– დღესდღეობით, რამდენად არის შესაძლებელი სამომხმარებლო ბაზარზე თავისუფლად შესვლა?
– არ არის იოლი. . . ამას ვამბობ, სწორედ, ამაში მდგომარეობს სახელმწიფოს ფუნქცია, რომ უზრუნველყოს თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირება და მონოპოლისტების წინააღმდეგ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მაქსიმალურად აღასრულოს და აამოქმედოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და სხვა შესაბამისი კანონები თავისუფალი ბაზრის შესახებ. . . მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი ვალდებულებების შესრულებით აღწევს მთავრობა პროდუქციის გაიაფებას და არა ბიზნესში უხეშად ჩარევით. არავინ დავობს იმაზე, რომ არასეზონურ პროდუქციაზე ფასები დაბალი არ იქნება, მაგრამ ხომ შეიძლება პირველადი მოხმარების პროდუქტების გაიაფება. აქვე უნდა წამოვწიოთ სხვა პრობლემაც, რომელიც, ერთი მხრივ, მოგებაც არის ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ვგულისხმობ, საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას. კერძოდ, ქვეყანაში ტურისტების რიცხვის ზრდის პერიოდში იზრდება ფასებიც. ქალაქები, რომლებიც ამ საერთაშორისო ტურიზმში არიან ჩართული, მოქმედებენ ამ ტურისტების მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ვიზიტიორებს თან აქვთ გარკვეული თანხა, რომელსაც ადგილზე ხარჯავენ, ანუ არ აქვთ შეზღუდვა ფინანსებში, მაგრამ აქ უკვე მოსაკითხია ადგილობრივი მოსახლეობა შეზღუდული ბიუჯეტით, რომელთა ფიქსირებული ხელფასები არ ექვემდებარება სეზონებს და ფასების ზრდას – იგივე მასწავლებლები, ინჟინრები, ექიმები და სხვ. ცხადია, ამ ხალხს უწევს იგივე ფასის გადახდა, რასაც ბიზნესს სთავაზობს უცხოელი.
– პროდუქტები – გასაგებია, მაგრამ ფარმაცევტულ ბაზარს ხომ არ ჰყავს სეზონური მომხმარებელი?
– აქ უკვე სხვა პრობლემაა. ფარმაციაშია თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები, რომლებიც განსაზღვრავენ და კარნახობენ ბაზარს მედიკამენტების ფასებს. თუ მოხდება ამ კომპანიების მაქსიმალური დალაგება, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ფასები შემცირდება.
– ხელისუფლება ჯერ კიდევ აპრილში გვპირდებოდა ფასების დაწევას. . .
– კი, იყო საუბარი იმაზე, რომ ვთქვათ, აპრილში დაიდებოდა პირველი შედეგები, მაგრამ ფაქტია, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე მხოლოდ მთავრობის განცხადებაა, რომ სუპერმარკეტების ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი. ისიც თქვეს, რომ ამ ყველაფერმა გრძელვადიანად უნდა იმუშაოს. დაპირება იყო, რომ მსხვილი ქსელური მარკეტები პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააიაფებენ, რამდენიმე დღეში დახლებზე პროდუქტების ფასი შემცირდება და „საოჯახო კალათის“ ფარგლებში განსაკუთრებული შეთავაზებები მუდმივად გავრცელდება. როგორც ვიცი, შესაბამისი განცხადებები „რითეილ ასოციაციამ“, „გუდვილმა“, „დეილი გრუპმა“ და „ნიკორამ“ გამოაქვეყნეს.
– მხოლოდ მათ მიერ დადებული პირობა საკმარისია?
– მოგეხსენებათ, დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დადო 104-გვერდიანი დასკვნა, რომელიც საორიენტაციოდ გაეგზავნა მთავრობას, ხოლო მთავრობის წევრები რას და როგორ მოიმოქმედებენ, ჯერ უცნობია, ანუ ახლა უკვე შეიმუშავეს თეორია, რომელიც პრაქტიკაში უნდა დანერგოს მთავრობამ და მაქსიმალურად შეძლოს იმ კანონების აღსრულება, რომელიც აუცილებელია თავისუფალი ბაზრის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, მათ შორის, ბაზრის და არჩევანის თავისუფლება, გამყიდველთა რაოდენობების ზრდა და სხვ.
– შოთა ბერეკაშვილმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ დოკუმენტზე მუშაობისას, ბაზარში ჩარევის უნგრული და რუმინული მოდელი მიიჩნიეს აგრესიულად, ამიტომ აირჩიეს ფრანგული და ბერძნული რბილი ინვესტიცია.
– კარგია, რომ არ აირჩიეს ბაზარზე აგრესიული ჩარევის მოდელი, რადგან ეს არ იქნებოდა კარგი ქვეყნის ეკონომიკის გასავითარებლად… გასარკვევია, პროდუქტების გაიაფებაში რას გულისხმობენ მეწარმეები, რომელ საშუალო და მასზე დაბალი სოციალური შეძლების მქონე მოქალაქეებზეა ეს გაიაფება გათვლილი. პრინციპში, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა მიეკუთვნება საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ფენას. ისიც საკითხავია, ეს ბიზნესმენები პროდუქტს აიაფებენ თავიანთი მოგების მარჟის შემცირებით თუ დავალებით. გახსოვთ, ადრე ვამბობდით, რომ სწორედ მოგების მარჟის შემცირება იქნებოდა ფასების კლების საფუძველი.
– ცხადია, რომ დავალებით წავიდნენ ამ დათმობაზე. . .
– რა თქმა უნდა, ისინი რეაგირებენ იმ მასალებზე, რაც დაიდო ფასების რეგულირების დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ, ანუ შესაძლებელი ყოფილა მსგავსი ღონისძიების ადრე გატარებაც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მოქალაქეს თავისთავად უჩნდება სამართლიანი პროტესტი ამ კუთხით. თუკი მსხვილი მარკეტები დათმობაზე წავლენ, ისინი ქმნიან ამინდს ფასების სისტემაში და სხვებიც მიჰყვებიან. კი, იყო წინადადებები, შემცირებულიყო დღგ ასეთ პროდუქტებზე, მაგრამ პრემიერმა განაცხადა, რომ ეს თანხა შეადგენს დაახლოებით 800 მილიონს, რაც ძალიან მძიმე გავლენას იქონიებს სახელმწიფოს ბიუჯეტზე. თავისუფალ ბაზარზე არამც და არამც არ უნდა მოხდეს აგრესიული ჩარევა, ძალიან რბილად უნდა შეეხონ მას, რათა შემდგომ არ მიიღონ გამოუსწორებელი შედეგები. არც ბაზრის კანონები უნდა დაარღვიონ, რასაც მოთხოვნა-მიწოდების-ფასების დადგენა ჰქვია და არც მონოპოლისტებს მისცენ მათთვის სასარგებლო ფასების დაწესების შესაძლებლობა. თუკი აქეთკენ წავა პროცესი, მაშინ ვიხილავთ რეალურ შედეგებს. ამას ისიც დაეხმარება, რომ დასრულდება ეს გაზაფხულია თუ ზამთარი და შემოვა სეზონზე ადგილობრივი ხილ-ბოსტნეული, რაც შედარებით დააგდებს ფასებს.
– რაღაც მეეჭვება, რომ შემცირდეს, ისეთი მდგომარეობაა. . .
– რა ვიცი, მოსავლიანობა მცირდება, იგივე გაუარესებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სათბურების დახმარება, მაგრამ იქ ვერ გამოზრდი ბალს თუ ალუჩას და ფაქტია, რომ ხილ-ბოსტნეულის ნაწილი იქნება ძვირი, თუმცა იმაზე იაფი, ვიდრე ახლაა.
– ანუ სეზონზე ბალს და ალუჩას ისევ „ცეცხლი მოეკიდება“?
– კი რადგან მოსავლიანობა აშკარად შემცირებულია, ხოლო მოთხოვნა გაიზრდება დამსვენებლების ხარჯზე, ბუნებრივია, შეიქმნება დეფიციტი და მოიმატებს ფასი. ვთქვათ, ფერმერი 100 კგ ბალს გამოიტანს გასაყიდად, ის გაყიდის იმ ფასში, რომელსაც შესთავაზებს მოსახლეობის შეძლებული ფენა. ცხადია, ეს ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რჩება სეზონური ხილ-ბოსტნეულის გარეშე, მაგრამ ასეთია ბაზრის კანონები, რომელსაც წინ ვერ აღვუდგებით. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ დაპირებულ გაიაფებას, არავინ გულისხმობდა ბალს ან მარწყვს, ფასებს დააკლებენ საოჯახო კალათის შემადგენელ აუცილებელ კომპონენტებს.
– თუ შეიძლება, დააკომენტარეთ პრემიერის ფრაზა, ხორცის და კვერცხის შედარებას რომ აკეთებდა. გასაგებია, რომ იქ იყო საუბარი ნახევარ კგ ღორის ხორცზე, თუმცა ხალხი ხაზგასმით კითხულობს, 10 ლარად სად ან რა ხორცი ნახა. . .
– სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი ხორცის ფასები და ვერ დავაკომენტარებ ამ ნათქვამს, მაგრამ ხალხისაც მესმის, ვერ მიიღეს პროდუქტების დაპირებული გაიაფება და ამან, თავისთავად, გამოიწვია პროტესტი, რომელიც გადაიზარდა ასეთ საუბრებში. ამ კუთხით წარმოთქმულ ნებისმიერ წინადადებას „გამოეკიდებიან“, ოდნავ მაინც ხელჩასაჭიდი თუ ნახეს. შემდეგ აღარავინ დაგიდევთ, ვინ რა თქვა და როგორ. . . სხვათა შორის, ახლა ვკითხულობ 70-იანებში გამოცემულ წიგნს ცნობილ ფიზიკოსებზე და ვილჰემ რენტგენზე წერია შემდეგი: ის ხელმოკლედ ცხოვრობდა, რადგან კვირაში ერთხელ შეეძლო ხორციანი კერძის მირთმევაო. . . ახლა, რატომღაც, ეს ფრაზა ამომიტივტივდა მეხსიერებიდან და, ვფიქრობ, ამას კომენტარიც არ სჭირდება, ისედაც გასაგებია ყველაფერი. . .
– თქვენ ამბობთ, რომ ამ ფასების ზრდით ზარალდებიან ხელფასზე დამოკიდებული ადამიანები. იქნებ გამოსავალი არა ფასების დაკლებაში, არამედ ხელფასების და პენსიების ზრდაშია. ვიცი, როგორც დილეტანტი, ისე ვკითხულობ, მაგრამ მაინც. . .
– რაც შეეხება პენსიებს, კი, გასაგებია, რომ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ხელფასები, საჯარო სამსახურებს თუ არ ჩავთვლით, ისევ და ისევ ეკუთვნის კერძო ბიზნესსაც, რომელსაც ვერ უკარნახებ, რამდენი გადაუხადოს მის მიერ დაქირავებულ მუშაკს, მაგრამ ერთიცაა, კიდეც რომ გაორმაგდეს ხელფასები და პენსიები, ამ პროცესს მოჰყვება ფასების ავტომატური ზრდა. თუ გამყიდველმა იცის, რომ ბაზარზე შემოდიან მომხმარებლები მეტი გადახდისუნარიანობით, რატომ მისცემს ვაშლს ან ხორცს იმავე ფასად?!.
– თუ შეიძლება, ავხსნათ, ევროპასა და აშშ-ში ან სხვა წამყვან ქვეყნებში, რატომ არ ძვირდება პროდუქტი, როდესაც მატულობს ხელფასები? ანუ იქ შესაძლებელია, რომ ხელფასი და პენსია ჰყოფნიდეს მოსახლეობას არა მხოლოდ საკვებად და სამკურნალოდ, არამედ, ჩაცმა-დახურვისა და მოგზაურობებისთვის. . .
– აი, სწორედ ამაშია საქმე, იქ ფასებიც და ხელფასებიც მხოლოდ და მხოლოდ წმინდა საბაზრო წესებით დგინდება, ჩვენთან კი ყველაფერი მონოპოლიზებულია. იქ რომელიმე მონოპოლისტმა რაიმე გარიგება-შეთანხმება რომ დადოს, მაშინვე გამოააშკარავებენ და ამ ფაქტს ისეთი რეაგირება მოჰყვება, შეიძლება საერთოდ დაუშალონ კომპანია. ჩვენთან კი რაც ხდება, კარგად ხედავს ყველა – არსებობენ მონოპოლისტები, ერთმანეთში დებენ შეთანხმებას, თავად აწესებენ ფასებს და ეს მდგომარეობა გრძელდება უკვე ათწლეულებია. პლუს ამას, საზოგადოებაც, გარკვეულწილად, არ რეაგირებს. უდრტვინველად იღებს, რასაც სთავაზობენ. საზღვარგარეთ დეკლარირებული შემოსავლებია, ჩვენთან კი ბევრია ისეთი, რომელსაც გააჩნია არადეკლარირებული შემოსავლები. მაგალითად, გაიზარდა კომუნალური ტრანსპორტის ფასი, არავის აზრად არ მოსვლია მისი გაპროტესტება. . .
– რა უნდა ვქნათ, ვიცით, რომ ჰორმუზის სრუტის დაკეტვასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში გაძვირდა ბენზინი. . .
– აი, სწორედ ამაშია საქმე, როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებიც ახდენს ფასებზე გავლენას, ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში, თუმცა როდესაც შესაძლებელია რაღაც რეგულაციების შემოღება, აუცილებლად უნდა ვცადოთ. ვნახოთ, ახლა რა გამოვა ზემოთხსენებული 104-გვერდიანი დოკუმენტის პრაქტიკაში, ცხოვრებაში და კანონებში განხორციელებით. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უკვე შეიმუშავა თეორია, დაამტკიცა და ახლა ჯერი მთავრობაზეა, მან უნდა მოახერხოს შესაბამისი ზომების მიღება, ანუ აღმასრულებელმა უნდა აღასრულოს.
– თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ, რა უნდა აღასრულოს მთავრობამ ამ დოკუმენტის მიხედვით?
– როგორც ვიცი, ბევრი რეკომენდაცია არ არის, მხოლოდ მშრალი ფაქტებია, მაგრამ აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, მას გააჩნია ყველა აუცილებელი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც კანონის აღსრულებას შეძლებს.
– რომ სურთ, ეს ვიცით, მაგრამ გაქვთ იმედი, რომ შეძლებს?
– წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ პროგნოზირება ამ სიტუაციაში რთულია. არსებობს ტერმინები: ყოვლისშემძლე მენეჯერი და სიმბოლური მენეჯერი. ყოვლისშემძლე ნიშნავს, რომ მარტო მასზეა ყველაფერი დამოკიდებული, ხოლო სიმბოლურის გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს გარე ფაქტორები და მას რაც უნდა სურვილი ჰქონდეს, არ ეძლევა განხორციელების საშუალება საერთაშორისო ვითარების თუ საგარეო მიმართულებების გამო.
ირმა ცეცხლაძე