რკინიგზის რეფორმები და ქვეყნისთვის დაკავშირებადობის სტრატეგიული მნიშვნელობა – ირაკლი კობახიძის გზავნილები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა. მისი თქმით, მენეჯმენტის სრულმა განახლებამ საფუძველი ჩაუყარა ყველა რეფორმას, რომელმაც უკვე კონკრეტული შედეგები მოიტანა.
პრემიერმა ასევე, ისაუბრა ქვეყნისთვის დაკავშირებადობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და იმ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის, გზების, აეროპორტებისა და პორტების განვითარებაზე.
„საქართველოს რკინიგზას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში. ზოგადად, ხაზი უნდა გავუსვათ დაკავშირებადობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა კუთხით. მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის და 2030 წლისთვის, უკვე პრაქტიკულად ყველა უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება აშენებული.
აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვნად ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ასევე, 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შეძლებს, უმასპინძლოს წელიწადში დაახლოებით 18 მლნ მგზავრს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დაკავშირებადობის განვითარების, ასევე, ჩვენი ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების თვალსაზრისით. გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტი და რაც ასევე, ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ამ ყველაფერში რკინიგზის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანია საქართველოს რკინიგზის განვითარებაზე ზრუნვა“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ყველა სატრანზიტო ინფრასტრუქტურული ობიექტი განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ახალ ღრმაწყლოვან პორტს.
„გვექნება განახლება, განვითარება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ყველა მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.