გარემოს დაცვის კომპონენტის ინტეგრაცია – უწყების სტრუქტურაში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება იცვლება და მას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო“ ეწოდება.
აღნიშნული ცვლილება აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ცოტნე ანანიძე თავმჯდომარეობდა. საკანონმდებლო ორგანომ, გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები კანონში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.
კანონპროექტი სხდომაზე წარადგინა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ. ინიციატივა ეკუთვნის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მიზნად ისახავს უწყების ფუნქციური მიმართულებების უფრო ზუსტ ასახვას.
ცვლილების შედეგად, სამინისტროს სახელწოდება სრულ შესაბამისობაში მოდის მის მმართველობის სფეროებთან, ამოცანებსა და კომპეტენციებთან, რაც, თავის მხრივ, ასახავს გარემოს დაცვის მიმართულების გაძლიერებულ როლს უწყების საქმიანობაში.