მიზანი: ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება
By

მიზანი: ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატად პროფესიით ჟურნალისტი მარიამ მიქელაძე აირჩიეს. იგი ჩვენი სტუმარია.

– პროექტი, ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და ათ თვეს მოიცავს. მისი მიზანია რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდა. პროექტის ბოლოს გამოვლინდებიან საუკეთესო დელეგატები, რომლებიც სასწავლო ვიზიტით საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებაზე გაემგზავრებიან. ჩემი, როგორც ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატის, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს დროულად და სრულყოფილად მივაწოდო ინფორმაცია სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამის, პროექტისა და ღონისძიების შესახებ, რათა თითოეულ მათგანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს მისთვის მნიშვნელოვან აქტივობებში და გამოიყენოს არსებული  შესაძლებლობები საკუთარი განვითარებისთვის. მსურს, თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს განცდა, რომ მისი აზრი ფასობს და რომ მას შეუძლია, საკუთარი წვლილი შეიტანოს მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში.

– შუახევთან მიმართებაში რა პროგრამებსა და პროექტებზეა აქცენტი გადატანილი?

– ახალგაზრდობის სააგენტოს პროგრამები და პროექტები მაქსიმალურად მორგებულია თითოეულ ახალგაზრდაზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების არაფორმალური განათლების განვითარებას, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდასა და მათი უნარების გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ ინფორმაცია როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ და საერთაშორისო შესაძლებლობებზე, იქნება ეს სემინარები, გაცვლითი პროგრამები, საგრანტო კონკურსები თუ  სახალისო პროექტები. ჩვენი მიზანია, თითოეულ  შუახეველ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა იმ რესურსებზე, რომლებიც მის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

რა კავშირი გაქვთ შუახევში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციასთან  – „მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდულ კავშირი“, თუ თანამშრომლობთ“?

– არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირი“ წლების განმავლობაში მუშაობს ახალგაზრდებთან. მიმაჩნია, რომ მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ახალგაზრდულ სფეროს მუნიციპალიტეტში, ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივების განხორციელებას და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას.

ახალგაზრდების ყველაზე მეტი კონტინგენტი რომელ სოფლებშია?

– ახალგაზრდების კონტინგენტი მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში თანაბრადაა წარმოდგენილი, თუმცა შედარებით მეტი რაოდენობა ფიქსირდება დაბა შუახევისა და ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თანაბარი ყურადღება დაეთმოს როგორც ცენტრალურ, ისე მთისპირა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა არცერთი მათგანი არ დარჩეს განვითარების შესაძლებლობების გარეშე.

სკოლების ახალგაზრდობასთან მუშაობას რა მეთოდებით წარმართავთ?

– სკოლებში ახალგაზრდებთან მუშაობა განხორციელდება ინტერაქციული და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, არა მხოლოდ მიიღონ ინფორმაცია, არამედ აქტიურად ჩაერთონ პროცესებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უშუალო კომუნიკაციასა და უკუკავშირის მიღებას, რათა მათი საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • მაისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *