მაკა ბოჭორიშვილი: მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტია დაგეგმილი საქართველოში
„პირველად ამერიკული მხრიდან გაჟღერდა, რომ საქართველო დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგში. ჩვენ მას შემდგომ უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც ვიხილეთ. შედგა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის, შედგა ზარი პრემიერ-მინისტრთან, ვიზიტები როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
მინისტრმა მიმდინარე პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის კონსულტაციების საწყისი ეტაპი, რომლის შედეგები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მომავალ განვითარებაზე.
„რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პირველი ეტაპია კონსულტაციების და პირველი შეხვედრები ასეთი ფორმის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტთან და, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ როგორი იქნება ამ კონსულტაციების შედეგები. ამ ეტაპზე ის კომუნიკაციები, შეხვედრები, რაც ამ დრომდე იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხარესთან, შეგვიძლია შევაფასოთ პოზიტიურად და შედეგიანად, ვინაიდან სწორედ ამის გამოძახილი და გაგრძელებაა უკვე დაგეგმილი ვიზიტები, რომელსაც ჩვენ მაისში ველოდებით.“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აპრილში განხორციელებულ ვიზიტსა და მის კონკრეტულ შედეგებზე: „აპრილში იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, ბევრი შეხვედრა განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან. ამ ვიზიტის შედეგი იყო სწორედ სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს ის პროგრესია, რაც გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და აღნიშნა ასევე სახელმწიფო მდივანმა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი და არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ აქამდე მივსულიყავით ერთმანეთთან, დაგვეწყო საუბარი. მოხარული ვართ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი და შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში. შეხვედრები დაიგეგმება არა მხოლოდ ჩემთან, არამედ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, აშშ-ის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გზავნილები მიუთითებს ურთიერთობების გადატვირთვის რეალურ სურვილზე და ამ პროცესის დაწყებაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა პროცესის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ამერიკული მხარის პოლიტიკურ ნებაზე.
„სტრატეგიული თანამშრომლობის თავიდან დაწყების შესაძლებლობა არსებობს, ჩვენ სწორად უნდა წავიყვანოთ ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია თავად ამერიკის შეერთებული შტატების მხარეზე დამოკიდებული, თუ როგორი იქნება სურვილი საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის. ამ დრომდე განხორციელებული ზარებით, შეხვედრებით თუ კომუნიკაციით, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ეს სურვილი არსებობს და იმედი გვაქვს, რომ უფრო პოზიტიური დინამიკა გვექნება ურთიერთობებში“, – აღნიშნა მინისტრმა.