კობახიძე ჰერჩინსკის განცხადებაზე – ქართველი ხალხის მუქარა წარმოუდგენელია
By

კობახიძე ჰერჩინსკის განცხადებაზე – ქართველი ხალხის მუქარა წარმოუდგენელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მწვავედ გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკი განცხადებას და აღნიშნა, რომ მსგავსი გზავნილები ქართველი ხალხის მიმართ მიუღებელია.
მისი თქმით, ელჩის შეფასებები, რომელიც ქვეყნის შესაძლო განვითარებას სამოქალაქო ომსა და გაღარიბებას უკავშირებს, „წარმოუდგენელია“ და „შეფასებასაც კი არ იმსახურებს“. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები მძიმე შინაარსის მატარებელია და მიზანშეწონილად მიიჩნევს, შესაბამის დიპლომატიურ რეაგირებას.
პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები არ უნდა განიხილებოდეს მუქარის ტონით და მსგავსი განცხადებები მხოლოდ აძლიერებს დაძაბულობას.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.
ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედს“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *