სიკეთე, რომელიც ზღაპრით იწყება
საბავშვო ზღაპრები ბავშვობის განუყოფელი ნაწილია, ისინი არა მხოლოდ გვართობენ, არამედ გვასწავლიან სიკეთისა და ბოროტების გარჩევას, მეგობრობასა და თანაგრძნობას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ლალი აფციაურის კრებულები – „ტურიკო ყურშას ამბები“, „სანამ ტყეში სიკეთე ტრიალებს“ და თერაპიული ზღაპრების წიგნი „ტკბილი სიტყვა“.
– რამდენი ხანია, რაც ჩანახატებს წერთ და კონკრეტულად რამ განაპირობა საბავშვო ნაწარმოებების შექმნის სურვილი?
– ჩანახატებს სხვადასხვა დროს ვწერდი ხოლმე, ოღონდ ჩემთვის, საბავშვო ნაწარმოებების შექმნა კი ორიოდე წლის წინ დავიწყე, თუმცა სურვილი დიდი ხნის წინ გამიჩნდა, როცა ჩემს პატარა შვილს ძილის წინ ექსპრომტად შეთხზულ ზღაპრებს ვუყვებოდი. ეს პატარა, საყვარელი ამბები ისე კარგად მოქმედებდა მასზე, რომ საბავშვო ზღაპრების წერის სურვილიც გამიჩინა. ძალაუნებურად დავიწყე ფიქრი, როგორ არიან ის ბავშვები, ვისაც ვერ უყვებიან ასეთ ამბებს. ჩემი შვილის ზრდასთან ერთად, სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე დაკვირვება, ასევე, საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება კიდევ უფრო მეტ საფიქრალს მიჩენდა და როგორც ჩანს, საბოლოოდ, ამ სახით ჩამოყალიბდა ჩემში – რაც წერა დავიწყე, თითქმის ყველაფერს ბავშვებისა და მოზარდებისთვის ვწერ და მათთან ყოველი შეხვედრა, გასაუბრება მიმყარებს აზრს, რომ ეს ძალიან სჭირდებათ. ამიტომ ვაპირებ, გავაგრძელო ამ ყოვლად მნიშვნელოვანი მკითხველებისთვის წერა.

– რა ასაკობრივი ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი თქვენი წიგნები?
– „ტურიკო ყურშას ამბები“ – ხუთი წლიდან, ზედა ზღვარი განსაზღვრული არ არის. ცნობილია, რომ ბავშვები ცხოველებზე დაწერილ ზღაპრებს 10-11 წლის მერე აღარ კითხულობენ, თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და ბევრი მშობლისგან მოვისმინე, რომ მათი 12-13 წლის შვილები გატაცებით კითხულობენ ყურშაზე ზღაპრებს და ისევე შეუყვარდათ, როგორც პატარებს. „ტურიკო ყურშას ამბებამდე“ ჩემი თანაავტორობითა და რედაქტორობით გამოცემული თერაპიული ზღაპრების კრებული „ტკბილი სიტყვა“ 3 წლიდან ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ყველა ეს ნაწარმოები ბევრად უფრო პატარა ასაკის ბავშვებსაც შეგიძლიათ წაუკითხოთ, მათში ვერაფერს შეხვდებით ისეთს, რაც რომელიმე ასაკის ბავშვის ფსიქიკას ზიანს მიაყენებს ან არასასურველ გავლენას მოახდენს.
– როგორ იბადებიან თქვენი ზღაპრების პერსონაჟები?
– ჩემი პერსონაჟები ჩემთან, როგორღაც, თავად მოდიან. ამ პროცესს ანთროპოსოფიულად ვუდგები (თუმცა საბავშვო წიგნებზე საუბრისას ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს) და წერისას ყოველთვის ვხელმძღვანელობ პრინციპით – „დააკვირდი და ხელი არ შეუშალო“. ამიტომ, ვინც და რაც მოდის ჩემთან, უბრალოდ, ვცდილობ, მოვასწრო და არ დავკარგო, მივყვე და საითაც წამიყვანენ, იქით მივყვები. როგორც ჩანს, ჩემში უკვე ბევრი რამ დაგროვდა წლების მანძილზე და ახლა, როცა საკუთარ თავს ვაძლევ საშუალებას, გარეთ გამოიტანოს ეს ამბები, მათი გმირებიც იბადებიან. გონება თვითონ მაწვდის რაღაცას, მე კი პარალელურ რეჟიმში ვფიქრობ და ზოგჯერ პროცესში, ზოგჯერ კი როცა ამბავი უკვე დასრულებულია, ან პერსონაჟი – ფორმირებული, მაშინ ვხვდები, რისთვის იყო საჭირო მისი გაჩენა, რას ემსახურებოდა ესა თუ ის ამბავი და რატომ მოვიდა ჩემთან.
– რა როლი ენიჭება ზღაპრებს ბავშვის განვითარებაში და რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა ფსიქოლოგიის ცოდნა თქვენს საქმიანობაში?
– ზღაპრები არის პირველი, რასაც ბავშვები ისმენენ მშობლების, ოჯახის წევრების საუბრის გარდა და ამდენად, მათთვის უდიდესი მნიშვნელობისაა. ის უშუალოდ და პირდაპირ ზემოქმედებს მათზე. ზღაპარი არის პირველი, რასაც ბავშვი იგებს თავისი გარემოს იქით არსებულ სამყაროზე, მისი მეშვეობით იფართოებს თვალსაწიერს, იძენს ცოდნას, მათ შორის ცხოველთა და მცენარეთა სამყაროზე, სხვა ადამიანებზე, კულტურებზე, საკუთარ წინაპრებზე; ზღაპრების მეშვეობით პატარას უვითარდება ფანტაზია, წარმოსახვის უნარი, ხდება მისი ემოციური განვითარება, მეტყველების, აზროვნებითი ჯაჭვის ჩამოყალიბება და ა.შ. ბავშვთა ფსიქოლოგიის ცოდნა ამ საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, „ტკბილ სიტყვაზე“ მუშაობისას ჩვენი გუნდი ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში თანამშრომლობდა ფსიქოლოგებთან და ფსიქოთერაპევტებთან. ვიშველიებდით ჩვენს პედაგოგიურ გამოცდილებასაც. ამას გარდა, ზღაპრები „ტესტირებას“ ჩვენსავე შვილებზე გადიოდა. როცა ყურშას ზღაპრების შემოწმება მინდოდა იმ თვალსაზრისით, რომ დანამდვილებით მცოდნოდა, თუ რამდენად მიჰქონდა მას ბავშვებამდე სათქმელი, რამდენად სწორი იყო მისი მიზანი, არაერთი შეხვედრა მოვაწყვეთ ბავშვებთან და პედაგოგებთან, ასევე ფსიქოლოგებთან. სწორედ ამ შეხვედრებმა დამიდასტურა, თუ რამდენად სწორად იღებენ ბავშვები მიწოდებულ სათქმელს და რამდენად პირდაპირ მიდის მათთან ზღაპრით ნათქვამი. იმ ბავშვებში, რომლებზეც შემდგომი დაკვირვების საშუალება მაქვს, მთელ რიგ ცვლილებებს ვხედავ მათ ქცევებში, ნააზრევში, სიტყვებში, მოქმედებებში, მიდგომებში. არაერთი დადებითი შედეგი გვაქვს უკვე სახეზე „ტკბილი სიტყვით“ მიღწეული. ეს არის დასტური იმისა, რომ ზღაპარი ყველაზე მეტ ზემოქმედებას ახდენს ბავშვზე, მისი სულიერი სამყაროს, აზროვნების, გემოვნების, ღირებულებათა პლატფორმის, ფსიქიკის ფორმირებაზე.
– რომელ პრობლემებზეა ორიენტირებული თქვენი წიგნები და როგორ ეხმარება ბავშვებს მათ გადაჭრაში?
– ჩემი წიგნების თემატიკა მრავალფეროვანია. ყურშას კრებულებში 12-12 ზღაპარია შესული და თითქმის ყველა მათგანში რამდენიმე ძირითადი თემაა მოცემული, რასაც, რაღა თქმა უნდა, გვერდითი თემებიც ავსებს. ამ ზღაპრების ძირითადი დანიშნულება ბავშვებში სწორი ხედვების, მიდგომების, ღირებულებების ჩამოყალიბებაა, სხვადასხვა სოციალური საკითხის გაგება, აღქმა, მათში სწორად გარკვევა და მოგვარება, საამისოდ სათანადო უნარების გამომუშავება, საკუთარ თავში ძალების პოვნა, უნარების, ნიჭის, ძალის დანახვა, იმის აღმოჩენა, თუ რისი მფლობელი შეიძლება იყოს თვითონ, რა უნარებს შეიძლება ფლობდეს და არც იცოდეს. ამ ზღაპრების წაკითხვის შემდეგ პატარები (და მოზარდები) ბევრ რამეს შეხედავენ სხვანაირად და მათი განვითარება, ჩამოყალიბებაც სწორად წარიმართება. ეს არის სწორედ ის თერაპია, რასაც ეს ზღაპრები ემსახურება. ჩემს ერთ-ერთ მოთხრობაში „ღამურა“, რომელიც პატარა მიუსაფარ ფისოსა და მის მეგობრებზეა – როგორც ცხოველებზე, ასევე ბავშვებზე, დღეს არსებული ისეთი პრობლემებია ნაჩვენები, რომლებსაც ჩვენს ქალაქებში, საზოგადოებაში ხშირად ვაწყდებით, იქნება ეს უგულო ადამიანები და მათი მცდელობა, რომ ადამიანებსა და ცხოვრებაზე გავლენა იქონიონ; იმათზე, ვინც ცდილობს, გარემო აიძულოს და საკუთარ თავზე მოირგოს; უპასუხისმგებლო ადამიანებზე, რომლებსაც ცხოვრებაში უარყოფითი მხარეები შემოაქვთ, მიუსაფარი ცხოველების გაჭირვებაზე. ყველა ამ წიგნში უარყოფითის, არასწორის საპირისპიროდ დახატული პერსონაჟები, მათი ბუნება, ქცევა, სიტყვები და დამოკიდებულებები ზედმეტი შეგონების გარეშე გვასწავლის, თუ რა და როგორ უნდა ვაკეთოთ, რას როგორ შევხედოთ და როგორები ვიყოთ. ამ წიგნების გმირები საკუთარი მაგალითით გვასწავლიან ყველაფერს და არაფერს გვაძალებენ, ვგრძნობთ, რომ ასე უკეთესია, ასე უკეთესები ვხდებით და ჩვენ გარშემოც ყველაფერი უკეთესობისაკენ იცვლება, უშუალოდ იმ პრობლემებს კი, რომლებიც ბავშვის ზრდის პროცესში იჩენს თავს, ეხება თერაპიული ზღაპრების კრებული „ტკბილი სიტყვა“, აქ პირდაპირ არის მითითებული ყოველი ზღაპრის დასაწყისში, თუ რა თემას, რა პრობლემას ეხება კონკრეტული ზღაპარი და რის მოგვარებაში დაგვეხმარება იგი, მაგრამ ეს წიგნი ცალკე სასაუბრო თემაა და შორს წაგვიყვანს. . .

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი წიგნებისთვის ილუსტრაციები და თავად თუ მონაწილეობთ მათ შექმნაში?
– საბავშვო წიგნისთვის ილუსტრაციები ორგანული ნაწილია და იმდენადვე მნიშვნელოვანი, რამდენადაც თვითონ ამბავი. როდესაც წიგნს ბავშვებისთვის ვქმნით, არა მარტო ამბები და პერსონაჟები, არამედ მათი დასურათებული ვერსიებიც ძალიან ფაქიზად უნდა მივაწოდოთ. საბავშვო წიგნზე მუშაობისას გაასმაგებული ყურადღება და სიფრთხილეა ყველაფერში საჭირო და მათ შორის ილუსტრაციებშიც, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება არა მხოლოდ გასართობ წიგნს, არამედ ისეთს, რომლის ყოველი ხაზი ბავშვის არა მარტო აღზრდას, არამედ მის ჰარმონიულ განვითარებას ემსახურება და თერაპიული გავლენა აქვს მასზე. გამიმართლა, რადგან სწორედ ის ადამიანი აღმოვაჩინე, რომელმაც ჩემი პერსონაჟების ხასიათები და ამ ზღაპრების სული სწორად დაინახა – ჩემთვის სწორედ ეს იყო მთავარი. მუშაობის დასაწყისში ყოველ ემოციას, მიმიკას, ფერებს და უმცირეს დეტალებსაც კი ძალიან დიდი დაკვირვებით, დაფიქრებით ვუკირკიტებდით. „ტურიკო ყურშას ამბები“ ორივესთვის პირველი წიგნი იყო და ორივემ მრავალი საათი, კვირები გავატარეთ მის ილუსტრირებაზე მუშაობაში. საბავშვო წიგნის ილუსტრატორი, გარკვეულწილად, ისევეა მისი შემქმნელი, როგორც ავტორი – ორივემ ერთი და იგივე უნდა დახატოს, ერთმა – სიტყვით, მეორემ – ფანქრით, ამიტომ მასაც უნდა ჰქონდეს მაქსიმალური თავისუფლება საკუთარი ხედვის გადმოსაცემად, რათა შეძლოს საკუთარი თავის გამოვლენა. ზოგი ნახატი ასეც შეიქმნა – მისი, და არა ჩემი ხედვით. ესეც საოცარი პროცესი ყოფილა, იდეების გაზიარებისას ხან მის ვარიანტს ვეთანხმებოდით, ხან – ჩემსას. ამოსავალი, რაღა თქმა უნდა, ყოველთვის ბავშვი იყო, რათა ყველაფერი საუკეთესოდ მორგებოდა მის ინტერესებს.
– არის თუ არა თქვენს ნაწარმოებებში პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ და რატომ?
– გონების თვალს რომ ვავლებ ახლა ჩემს პერსონაჟებს, მგონი, ყველა ერთნაირად მიყვარს და გამოყოფა მიჭირს. ალბათ ბანალურად გამომივა, მაგრამ შეიძლება ითქვას, როგორც დედას – შვილები, ისე მიყვარს ყველა ჩემი პერსონაჟი და იმდენივე ზრუნვა და შრომა მაქვს მათზე გაწეული. ალბათ ვერ გამოვარჩევ, თუმცა ყურშას ხშირად „ჩემს შვილად“ მოვიხსენიებთ ხოლმე.
– რა გასწავლათ ამ ნაწარმოებებზე მუშაობამ, რა საინტერესო და მოულოდნელი აღმოჩენები გააკეთეთ წერის პროცესში?
– ჩემთვის მართლაც ასეთი აღმოჩენა იყო და, ალბათ, მთავარი, რომ როგორც კი წერა დავიწყე, სწორედ ის მოხდა, რაც ადრე სხვებსაც უთქვამთ და სულ მიკვირდა – როგორც კი წერა დავიწყე, თავისით დაიწყეს მოსვლა პერსონაჟებმა, უფრო მეტიც, ამბების განვითარება თითქოს თავისით ხდებოდა. ოღონდ ვინმე კი არ მკარნახობდა, როგორც ხშირად ამბობენ, არამედ საკუთარი თავი მაწვდიდა ყველაფერს, მე კი ისე მივყვებოდი, როგორც მკითხველი – წიგნს. ვხედავდი, რომ ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა ამდენი წლის მანძილზე, რაც მიფიქრია, მიდარდია, გამოსავალი მიძებნია, ახლა ამ სახით ვლინდებოდა და ერთგვარ „სამკურნალო რეცეპტებად“ იქცეოდა. მთელი ჩემი ზრუნვა და ფიქრი მოზარდებზე, პატარებზე სწორედ ამ ამბებით გამოიხატა. ამ დროისთვის ზღაპრით თერაპია და ბიბლიოთერაპია უკვე გავლილი მქონდა, თერაპიულ ზღაპრებზე მუშაობის გამოცდილებაც მივიღე და მივხვდი, სწორედ თერაპიული სეანსები იყო გარკვეული საკითხებისთვის. ამიტომ მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ბავშვმა წაიკითხოს ეს ზღაპრები, გაიზარდონ მათზე და უფროსებიც იყვნენ ჩართული ამ პროცესში. გამოხმაურებას რომ ვიგებ მშობლებისა თუ პედაგოგებისგან, მიხარია, რადგან მოვახერხე ამ მცირე მარცვლის ჩათესვა ადამიანების უკეთესად ყოფნისთვის და რაც მთავარია, ბავშვების მომავლისთვის.
– რა არის მთავარი გზავნილი, რომელიც გსურთ ბავშვებმა ამ წიგნებიდან მიიღონ?
– ყოველ სიტყვას გულმოდგინედ ვუკირკიტებ, ვწონი და ვზომავ, რომ არც ზედმეტად ძლიერი მომივიდეს და არც რამე დავაკლო, სწორედ ის გავუგზავნო მათ, რაც სჭირდებათ და ზუსტად გამოადგებათ. მთავარი გზავნილი კი ისაა, რომ ყველა მათგანშია ძალიან დიდი ძალა, ყველა მათგანი ფლობს ძალიან ბევრ ისეთ ნიჭს, უნარს და ცოდნას, რომელზეც შეიძლება წარმოდგენა არ ჰქონდეს, მაგრამ თუ საკუთარ თავს ჩაუკვირდება, აღმოაჩენს, რომ ეს სწორედ ასეა. ირწმუნონ საკუთარი ძალებისა და ახსოვდეთ, რომ ამ ძალებით ყველაფრის მიღწევას შეძლებენ, რასაც მოინდომებენ. ოღონდ, ეს სურვილი და მიზანი კეთილშობილური უნდა იყოს. მინდა იცოდნენ, რომ მთავარი ცხოვრებაში ის არის, ერთმანეთს კარგი გავუკეთოთ და თუ ყველანი ასე მოვიქცევით, ყველაფერი კარგად გვექნება. რამე გართულდა და გამოსავალს ვერ ვხედავთ? გავიხსენოთ, რომ ყველანი დიდ ძალებს ვფლობთ, ერთმანეთის მხარში დგომა კი ამ ძალებთან ერთად შეუძლებელსაც შეგაძლებინებთ. გამოსავალი ყოველთვის არის. ყურშას ამბების ყოველი ფურცელი ამას ადასტურებს. კიდევ ერთი რამაა, რაც არ შემიძლია, არ გამოვყო: როცა ჩვენ უკეთესობისკენ ვიცვლებით, ჩვენ გარშემოც ყველაფერი ასევე იცვლება და ასე ცხოვრება ყველასთვის უკეთესი ხდება.

– რას გვეტყვით თქვენი მომდევნო ნაწარმოების შესახებ?
– სამომავლოდ რამდენიმე პროექტი მაქვს გეგმაში. იმ მკითხველებიდან, ვინც ყურშას ციკლის ორივე კრებულს გაეცნო, ბევრი ელოდება მომდევნოს. მაქვს რამდენიმე მონახაზი. თუმცა ჯერ დამუშავების პროცესშია და ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი; ვიცი ის, რომ ყველას, ვინც ყურშას დაუმეგობრდა და შეიყვარა, აუცილებლად გავახარებ მომავალშიც. არასაბავშვო წიგნების მონახაზებიც მაქვს. ასევე, აუცილებლად უნდა მივუბრუნდე დაწყებულ წიგნს თინეიჯერებისთვის, რომლის დასრულებასაც მათ დავპირდი და ელოდებიან. ვნახოთ, რომელი იქნება უფრო ადრე.
– რას ურჩევდით დამწყებ მწერლებს?
– ყველა დამწყებ მწერალს ვურჩევ, თუ ხედავენ, რომ მათ გონებაში რაღაც კარგი იბადება, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს სხვა ადამიანებამდე, თუ მათ დაწერილს მკითხველისთვის რაიმე კარგის გაკეთება შეუძლია, არაფრის წინაშე უკან არ დაიხიონ, არ დაკარგონ შთაგონება, იმედი და მიზანი. მთავარია, მათში დაბადებული ამბავი, რომლის მიტანაც უნდათ მკითხველთან, მორალურად, ზნეობრივად, ჰუმანურად გამართლებული იყოს. ამ გზაზე აუცილებლად შეხვდებათ დაბრკოლებები, ბევრჯერაც შეიძლება თავი დაკარგულადაც კი იგრძნონ, მაგრამ ახსოვდეთ, რომ ესეც ჩვეულებრივი ეტაპია ამ გზაზე და დაფიქრდნენ, რისთვის მიეცათ ეს საფეხური, მერე კი გამოიყენონ იმისთვის, რასაც აღმოაჩენენ ამ დაფიქრების შედეგად და გზა, რომელიც, მერწმუნეთ, აუცილებლად გამოჩნდება, ისე განაგრძონ. ყურშას დავესესხები და მისი სიტყვებით მივმართავ ყველას: „რამე გამოსავალი აუცილებლად იქნება“. მთავარია, ობიექტურად იცოდეთ, რომ კარგ საქმეს ემსახურებით და მკითხველამდე მისასვლელი გზა აუცილებლად გამოჩნდება.
ნინი ჩხარტიშვილი