მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა, რომელიც საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უმასპინძლა.
პავილიონებში წარმოდგენილი იყო თემატური ექსპოზიციები: წყალი, ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ქალაქი, ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, მწვანე მშენებლობა და სხვა.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმყოფებოდა.