პასუხები ჯერ არ არსებობს – ჯანდაცვის მინისტრი დიუშენის თემაზე
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ყურადღება გაამახვილა იმ საერთაშორისო კვლევებსა და შეფასებებზე, რომლებიც კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპისა და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანოები სწავლობენ როგორც მედიკამენტის ეფექტურობას, ისე მის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს, მათ შორის, დაფიქსირებულ მძიმე შემთხვევებს. მისი თქმით, სწორედ ამ კითხვებზე პასუხების არქონის გამო, რიგი ევროპული ქვეყნები გადაწყვეტილების მიღებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი თემების გარკვევის საჭიროებაზეა საუბარი და აქედან გამომდინარე, ახლა, ამ ეტაპზე, ზუსტად ან თუნდაც მიახლოებით იმის თქმა და პროგნოზის გაკეთება, რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი, ჩემთვის, მით უმეტეს, შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA, ბევრი სხვა ისეთი დაწესებულება, რომელსაც, ერთმნიშვნელოვნად, გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს კვლევითი და ბევრი სხვა მიმართულებით, ვიდრე საქართველოს შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც არის ლოგიკური, რომ ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას ისეთ ფაქტორებს, თუ როგორია პრაქტიკა მედიკამენტის გამოყენებისა განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოში. თუმცა, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და კომუნიკაციას შესაბამის დაწესებულებებთან, რომ მაქსიმალურად მეტი, რაც შეიძლება სწრაფად მიღებული პასუხები გვქონდეს კითხვებზე. ზუსტი თარიღების დასახელება, მე, სამწუხაროდ, არ ხელმეწიფება“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის განმარტებით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს სრულყოფილ და სანდო მონაცემებს, რაც საერთაშორისო დონეზე მიმდინარე კვლევების დასრულებასთან არის დაკავშირებული.