ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
19 აპრილს დაიწყო და 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს. წელს ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში 45 ქვეყნის ეროვნული ნაკრების 350-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატი საქართველოში მესამედ, ბათუმში კი მეორედ ტარდება. ევროპირველობაზე საქართველოს მამაკაცთა და ქალთა ნაკრებები მთავარი მწვრთნელების – გიორგი ასანიძისა და თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით გამოდიან.
გუშინ ჩემპიონატი ოფიციალურად და საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას მთავრობის წევრები, სპორტული სამყაროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეკრებილთ სიტყვით საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ტალახაძემ მიმართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაში მხარდაჭერისთვის.
„ბათუმი მეორედ მასპინძლობს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს და მეც მეორედ ვდგავარ ბათუმის ფიცარნაგზე, თუმცა, ამჯერად, როგორც ხელმძღვანელი. ვიმედოვნებ, ჩემზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, თავს უმაღლეს დონეზე გავართმევ…
ბათუმში თავი მოიყარეს ევროპის უძლიერესმა ძალოსნებმა, მწვრთნელებმა, სამედიცინო გუნდის წარმომადგენლებმა, მსაჯებმა, დელეგაციის ხელმძღვანელებმა. აქ არიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები, სპორტული მედიის წარმომადგენლები, რომელთა მეშვეობითაც, თითოეული ძალოსნის წარმატება გაშუქდება, აღიბეჭდება.
წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ძალოსანს. ვიმედოვნებ, რომ ბათუმში კონტინენტის პირველობა სპორტული თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე ჩაივლის“, – აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.
საზეიმო ცერემონიაზე ფიცარნაგი, სადაც კონტინენტის უძლიერესი ძალოსნები გამოდიან, ცოტა ხნით ქართულ ცეკვასა და სიმღერას დაეთმო. შეკრებილთა წინაშე წარსდგნენ ანსამბლები „ბასიანი“, „ხორუმი“, „არსიანი“. აქვე გამორჩეული ძალოსნებიც დააჯილდოვეს.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელობა და არაერთი საპატიო სტუმარი დაესწრო.
გახსნის ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი ასტრიდ ჰასანი გამოვიდნენ.
ბატონმა ასტრიდ ჰასანმა სპორტის ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) – ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო ალბანელ და უკრაინელ სპორტსმენებს გადასცა.
დაჯილდოვდნენ 2025 წლის ევროპის საუკეთესო ქალი და კაცი ძალოსნებიც. ქალებში საუკეთესოდ ნორვეგიელი სოლფრიდ კოანდა დასახელდა, კაცებში – ბულგარელი კარლოს ნასარი.
ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ სპორტის ამ სახეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ევროპის ძალოსნობის ფედერაციის უმაღლესი ჯილდო – სპორტული ღირსების ოქროს ვარსკვლავი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს გიორგი ასანიძეს გადასცა.
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატის სამზადისში გაწეული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ჯილდოები სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილს, ევროპის ფედერაციის პრეზიდენტ ასტრიდ ჰასანს გადასცა.
ცერემონიაზე სპორტსმენების, მწვრთნელების და მსაჯების სახელით ფიცი დაიდო, რომლის შემდეგაც, EWF-ის პრეზიდენტმა ევროპის ჩემპიონატი გახსნილად გამოაცხადა.
შეჯიბრება ყოველდღიურად დილის 10-საათიდან იწყება და საღამოს 21 საათამდე გრძელდება. დასწრება თავისუფალია.
მანანა ძიძიშვილი