სტიქიისგან დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 1989 წლის 19 აპრილს ხულოს რაიონის სხალთის ხეობის სოფელ წაბლანის ტერიტორიაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა. 37 წელი ისტორიისთვის დიდი დრო არაა, მაგრამ მათთვის ხანგრძლივი და ტკივილიანი წლებია, ვინც ოჯახის წევრები, ახლობლები დაკარგა, 3 მათგანის ცხედარსაც კი ვერ მიაკვლიეს.
ტრაგედიის დღეებში და შემდგომ წლებში სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს, მათ ახლობლებს, ყურადღება და თანადგომა არ მოაკლეს ქართველებმა, ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა, რაც დღემდე გრძელდება.
სხალთის ხეობაში ჩამოწოლილ მეწყერს მოჰყვა აჭარის მთიანეთის სოფლებიდან მოსახლეობის გაყვანისა და ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე დასახლკარების პროცესები, რაც 37 წელია გრძელდება. სტიქიასა და სხვა პროცესებს განრიდებულმა აჭარის მკვიდრებმა ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე ახალი სოფლების დაარსებას დაუდეს საფუძველი. ასე გაჩნდა საქართველოს რუკაზე. სოფლები: ივერია (ასპინძის რაიონი), აზმანა (ახალქალაქის რაიონი), ერის იმედი (სიღნაღის რაიონი), ახალი ხიხანი, ახალი დიოკნისი, მარადისი (მარნეულის რაიონი), დისველი (ბოლნისის რაიონი), ვაზიანი, მუხროვანი (გარდაბნის რაიონი), ფიროსმანი (დედოფლისწყაროს რაიონი). ქართული სული შთაბერეს ნინოწმინდის, ახალქალაქის რაიონების სოფლებს: სპასოვკას, ორელოვკას, გარელოვკას, კოთელიას, ჩუნჩხას, პტენას, ოკამს, აფნიას. მოსახლეობის დიდი ნაწილი დამკვიდრდა წალკის, ადიგენის, გორის, საგარეჯოს, ხონის, ხობის (შავღელე), ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონების სოფლებში. გურიის ტერიტორიაზე კომპაქტური დასახლებებია შრომის თემში, ნასაკირალში, ლაითურსა და ნარუჯაში.
საზოგადოება, ქვეყნის, აჭარისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელები, დიდ პატივს მიაგებენ 19 აპრილს დაღუპულთა ნათელ ხსოვნას.
იმ მძიმე დღეებში, სხალთაში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. იგი ჯერ კიდევ მაშინ ჩამობრძანდა სხალთაში, როცა სტიქიაში მოყოლილთა ცხედრების ძებნა გრძელდებოდა. მან დაღუპულების სულებს პანაშვიდი გადაუხადა და ბრძანა: „ჩვენ ჩამოვედით აქ, რათა თქვენთან ერთად აღვავლინოთ ლოცვები ჩვენი სისხლისა და ხორცისთვის, ჩვენი ძმებისა და დებისთვის, რომელნიც ასე მოულოდნელად წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მე დიდად კმაყოფილი ვარ, რომ ამ მე-40 დღეს დაემთხვა ბედნიერი დღე – მრავალი საუკუნის შემდეგ ამოქმედდა სხალთის ისტორიული ტაძარი. ეს არის უდიდესი მადლი ღვთისა. შევსთხოვ უფალს, რომ საქართველოს ამ ერთ-ერთ წმინდა მხარეში, აჭარაში, სადაც პირველ საუკუნეში წმინდა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა სახარება, კვლავ გაიხსნას ტაძრები. უნდა გვახსოვდეს, რომ ტაძრის ნანგრევებიც, ისევე, როგორც ტაძარი, უწმინდესი ადგილია, რადგან მფარველი ანგელოზი დანგრეულ ტაძარსაც პატრონობს და ეხმარება იმ ადამიანს, რომელიც რწმენით და სასოებით მიდის მასთან. ამ წეს-კანონით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. იმედი მაქვს, რომ ღვთის მადლით და ლოცვა-კურთხევით ისევ დავუბრუნდებით იმ ჩვენს ძლიერ ფესვებს, ჩვენი წინაპრების იმ დიდ რწმენას, რომელმაც გადაარჩინა საქართველო, რომელმაც გადაგვარჩინა ჩვენ, ყველანი. ღმერთმა დალოცოს და განანათლოს გარდაცვლილთა სულები. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“.
ასრულდა უწმინდესის ლოცვა. ახლა მართლმადიდებლური ტაძრებია სხალთაში, ხულოს, შუახევის, ქედის ცენტრებში, ზვარეში, ზესოფელში, ხიჭაურის დასახლებაში, გამონათლევში, ტაძრები შენდება ელვაურზე, ქედის ცენტრში, სოფელ ჭალაში, ხუნკუდაში, ხიჭაურში, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს კალოთაში. ტაძრების მშენებლობა-რესტავრაცია დღემდე გრძელდება.
ტრადიციად დამკვიდრდა სტიქიისგან იავარქნილ ტერიტორიაზე ხსოვნის ღონისძიებების ჩატარება, რომელსაც სათავე სხალთის თემის მაშინდელმა ხელმძღვანელმა იზოლდა სურმანიძემ დაუდო. ტრაგედიიდან 5 წლისთავის ღონიძიებაზე სხალთაში ჩამობრძანდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე…
ხულოს რაიონის გამგებლის მაშინდელი მოადგილის თემურ აბაშიძის, ამჟამად მოქმედი პარლამენტარის ანზორ ბოლქვაძის ინიციატივით, მარმარილოს ქვაზე ამოიტვიფრა დაღუპულთა გვარ-სახელები და იავარქმნილ ადგილზე განთავსდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის ახლანდელი მერის ვახტანგ ბერიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩანჩურხევშიც მემორიალი დაიდგა. ტრადიციულად, ხსოვნის მიტინგებიც ამ მემორიალთან იმართება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი თანამდებობაზე მოსვლისთანავე ტრაგედიის ადგილზე მივიდა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
ხულოელები ასევე პატივს მიაგებენ სატბაოს უბანში 1998 წლის 18 აპრილს დაღუპულთა ნათელ ხსოვნას. წელსაც, 18 და 19 აპრილს, სატბაოსა და ჩანჩურხევს უამრავი ადამიანი მიაკითხავს და პატივს მიაგებს სტიქიისგან დაღუპულთა ხსოვნას.
ოთარ ცინარიძე