„მინისტრის საათი“ – აჭარის კულტურის სამინისტროს მიღწევები და პრიორიტეტები
By

„მინისტრის საათი“ – აჭარის კულტურის სამინისტროს მიღწევები და პრიორიტეტები

 

„მინისტრის საათის“ ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძეს მოუსმინეს, რომელმაც სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უწყების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც რეგიონის კულტურული ცხოვრების გააქტიურებას და მასში ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტად ჩართვას ემსახურება.

მინისტრის განცხადებით, კულტურა ქვეყნის სულიერი ხერხემალია – ძალა, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, იცავს ეროვნულ იდენტობას და ქმნის ხიდს წარსულსა და მომავალს შორის.

ამიტომ, სამინისტრო მზად არის, დაიცვას და განავითაროს კულტურული მემკვიდრეობა, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერას და უზრუნველყოს კულტურის ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა ფენისთვის. მინისტრის თქმით, კულტურა ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

მან ვრცლად ისაუბრა აჭარის კულტურის სამინისტროს მიღწევებსა და პრიორიტეტებზე. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ამოცანაა კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა, შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა და რეგიონში კულტურული ცხოვრების დინამიკის გაძლიერება.
მინისტრის ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს გასული წლის ბიუჯეტი 44 მილიონ ლარს შეადგენდა, აქედან 41 მილიონი პროგრამული დაფინანსებისთვის იყო გათვალისწინებული, რომლის ფარგლებში განხორციელდა პროგრამები და ქვეპროგრამები შემდეგი მიმართულებებით:

კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა, კულტურის ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა, ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია, მუზეუმებისა და გალერეების განვითარება, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა, ლიტერატურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით,  ფოლკლორის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა სახალხო დღესასწაულები, გაიმართა აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც 80-მდე ფოლკლორული ანსამბლი და 2000-მდე შემსრულებელი მონაწილეობდა, სასცენო სამოსი და აქსესუარები გადაეცა 6 ანსამბლის 350 შემსრულებელს, ეროვნული სამოსი და ხალხური საკრავები – ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებს, ასევე, სალოტბარო სკოლებს.

კულტურის პოპულარიზაციისა და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს დაფინანსდა 20 ფესტივალი, 24 შემოქმედებითი პროექტი და 20-მდე კულტურული ინიციატივა. განხორციელებული პროექტები მოიცავდა კულტურის სხვადასხვა მიმართულებას და ასაკობრივ ჯგუფს.

– სამინისტრომ, გასული წლის განმავლობაში, უწყების სისტემაში შემავალ ორგანიზაციებთან ერთად (9 სსიპ და 9 ააიპ), განახორციელა 700-მდე კულტურული ღონისძიება. აღნიშნული ინიციატივები ემსახურებოდა რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების დაცვა-პოპულარიზაციას, ახალგაზრდების ხელშეწყობას, ხელოვანთა მხარდაჭერას, ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტიორებისთვის მრავალფეროვანი პროგრამის შეთავაზებას. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, კულტურის სამინისტრო განახლებული პროგრამებითა და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე დაფუძნებული ინიციატივებით განაგრძობს კულტურის სფეროს განვითარებას. უწყების 2026 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 8 მილიონით გაზრდილია და შეადგენს 52 მილიონ ლარს, რაც ცხადყოფს, რომ კულტურის პოლიტიკის გაძლიერება და განვითარება არის აჭარის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.
ანგარიშის მოხსენების შემდეგ მინისტრმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.

დეპუტატებმა მინისტრს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა დაუსვეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროში ინკლუზიურობის მდგომარეობაზე, კერძოდ, რა ვითარებაა მუზეუმებში, კულტურულ დაწესებულებებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში შშმ პირებისთვის ადაპტაციის კუთხით; რამდენად უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურა, მათ შორის პანდუსები, ეტლით მოსარგებლეებისთვის?
გარდა ამისა, კითხვები შეეხო ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალ „ბიაფის“ მომავალს – რა გეგმები აქვს სამინისტროს აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით?

ოპოზიციამ ასევე დასვა კითხვა – აჭარაში კულტურის სამინისტროს შექმნის შემდეგ, კონკრეტულად რა სარგებელი მიიღო რეგიონმა – რა არ არსებობდა მანამდე და რა შეიცვალა ახალი უწყების ჩამოყალიბების შედეგად?

მინისტრის განცხადებით, ინკლუზიური მიმართულება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, მტკივნეული. მისივე განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობის პროგრამები სამინისტროს ვალია და ყოველწლიურად აუცილებლად უნდა განვითარდეს. რაც შეეხება „გახარია -საქართველოსთვის“ წარმომადგენელ ნინო ჩხეტიას კითხვას, რომელიც „ბიაფს“ ეხებოდა, მინისტრმა უპასუხა.

– ვიცი, რომ ბევრი წლის განმავლობაში „ბიაფი“ ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ. სახელნწიფოს არ აქვს იმის აუცილებლობა და ვალდებულება, რომ სულ აფინანსოს ყველა ფესტივალი. „ბიაფი“ წლების განმავლობაში ძალიან კარგად იყო დაფინანსებული და იმის გათვალისწინებით თუ როგორ განვითარდა და რა მოუტანა თავის რეგიონს, ალბათ განხილვის თემა იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი მინისტრობის განმავლობაში „ბიაფი“ არ ყოფილა ფესტივალების ჩამონათვალში“, – განაცხადა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ და დასძინა, რომ მისთვის პატივია, იყოს აღნიშნულ თანამდებობაზე და გააკეთოს ყველაფერი, რაც ემსახურება საქართველოს წარმოჩენას. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში კულტურული ტურიზმის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, რომლის განვითარებასაც ყველამ ერთად უნდა შეუწყოს ხელი, რათა მსოფლიო მასშტაბით ამაღლდეს ქვეყნის ცნობადობა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს კულტურის მინისტრს გაწეული შრომისთვის, მრავალფეროვანი ღონისძიებებისთვის და მომავალშიც წარმატებები უსურვეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძის განცხადებით, მინისტრი, სამინისტროს გუნდი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ  ახალ თაობას, სახელოვნებო სკოლებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაცილებით უფრო კომფორტულად და შესაბამისი აღჭურვილობით მიიღონ განათლება, მოახდინონ თავიანთი ნიჭის რეალიზება. ამავდროულად, მსოფლიოს ძალიან ბევრ კუთხეში გავიტანოთ ჩვენი კულტურა, ის მიმართულება, რომელიც ეროვნული თვითმყოფადობის აუცილებელი ნიშანია.

მინისტრის ანგარიშის ცნობად მიღების შემდეგ, კანონმდებლებმა მეორე მოსმენით განიხილეს და მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • აპრილი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *