ვახტანგ გოგრაჭაძე: წარმატებულ თურქეთელ გოგრაჭაძეებს ჩემს წიგნში ცალკე თავი დაეთმობა
ვახტანგ გოგრაჭაძე რამდენიმე წიგნის ავტორია. საზოგადოება მას მრავალმხრივი შემოქმედებითი საქმიანობით იცნობს – ავტორია ერთი რომანის, ლექსების კრებულების, იღებს დოკუმენტურ ფილმებს, დააფუძნა „სმარტ ფილმების საერთაშორისო ფესტივალი“ და ფესტივალი „შვილიშვილები“. ამ ეტაპზე, აჭარის მთიანეთში 1929 წლის აჯანყების შესახებ მხატვრულ ფილმს იღებს. აგრძელებს გოგრაჭაძეების გვარის წარმომავლობის კვლევას, მარტის ბოლო დღეები თურქეთის რესპუბლიკაში გაატარა. იგი ამ ვიზიტისა და სხვა საქმიანობის შესახებ გვესაუბრება.
– ბატონო ვახტანგ, აჭარის მთიანეთში გოგრაჭაძეები ჭვანის ხეობის სამ სოფელში სახლობთ. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა რა დასკვნამდე მიგიყვანათ?
– სოფელი წყაროთა გოგრაჭაძეთა გვარის პირველ საცხოვრებელ კერად – „ადგილის დედად“ მიიჩნევა, რასაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება ადასტურებს. უპირველეს ყოვლისა, რაოდენობრივი თვალსაზრისით, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტი გოგრაჭაძე სწორედ ამ სოფელში ცხოვრობს, რაც მის დემოგრაფიულ და გენეალოგიურ მნიშვნელობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, გოგრაჭაძეთა გვარის განსახლების ისტორია შედარებით ახალია. ადგილობრივ მოსახლეობას და თავად გვარის წარმომადგენლებს კარგად ახსოვდათ ცალკეული ოჯახების სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში გადასვლის პროცესები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები გოგრაჭაძეებიც აღიარებენ წყაროთას საგვარეულო წარმოშობის ძირითად კერად. ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, სავსებით ლოგიკურია ვარაუდი, რომ დაახლოებით 4–5 საუკუნის წინ, რაჭიდან გადმოსული პირველი გოგრაჭაძეებისთვის ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემო სწორედ წყაროთა უნდა ყოფილიყო. სოფელი გამოირჩეოდა მდიდარი ფლორით, ნაყოფიერი მიწებითა და ტყის რესურსებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოცვის კულტურა, რადგან ზეპირი გადმოცემების მიხედვით, მოცვი ახალმოსახლეთა კვების ერთ-ერთ ძირითად პროდუქტს წარმოადგენდა. ეს გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ ბუნებრივი რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ადრეული დასახლების არჩევასა და მოსახლეობის ეკონომიკურ ადაპტაციაში. მისასალმებელია, რომ გოგრაჭაძეთა საკარმიდამო ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნაეკლესიარი, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ამ სივრცის ძველ საკულტო და რელიგიურ მნიშვნელობაზე. მსგავსი არქეოლოგიური და ტოპონიმიკური ნიშნები ხშირად მნიშვნელოვანი წყაროა კონკრეტული გვარის ისტორიული ფესვებისა და დასახლების უწყვეტობის დასადგენად.
– საქართველოს ისტორიაში ეს გვარი რომელი საუკუნიდან მოიხსენიება?
– XVI საუკუნეში, როსტომ გურიელის სიგელის მიხედვით ქობულეთში გოგრაჭაძეები უკვე არიან. ,,ერთი საბუთით, გოგრაჭაძეები ქობულეთში XVI-XVII საუკუნეში უკვე ყოფილან. კეჭიეთ-სამების მამულებისა და ტყეების სიგელში მოხსენიებულია გოგრაჭაძე, გოლიაძე, ევგენიძე და სხვა“,- წერს დავით ბაქრაძე. ეტყობა ისინი შუახევიდან არიან გადასულები. ცნობილია აქაური ხალხური მთქმელი ლომან გოგრაჭაძე. ამბროლაურის რაიონში არსებულ გვარ გოგრიჭიანთან დაკავშირებით ილია მაისურაძე წერს: „წარმომავლობა სავარაუდებელია სახელ გოგრიჭიდანო“.
– თურქეთის რესპუბლიკის რომელ ტერიტორიებზე მიაკვლიეთ გოგრაჭაძეებს?
– როცა საკუთარ სისხლს ეძებ, სულ სხვა ემოცია და ამავდროულად, პასუხისმგებლობაა. ზოგადად, გოგრაჭაძეები ბევრნი არ ვართ, მაგრამ თურქეთელმა გოგრაჭაძეებმა შეგვავსეს. ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი მათი საკმაო რაოდენობა აღმოჩნდა. ისინი იმდენივენი არიან, რამდენიც დანარჩენ მსოფლიოში. ცხოვრობენ ქალაქ ორჰანგაზში, გოლჯუკში, იზნიქში, სოფელ ელმალსა და ყირინთაში. ასევე, არიან ინეგოლსა და ბურსაში, მაგრამ ამჯერად ვერ მოვასწარი იქ ჩასვლა, თუმცა მალე ვეწვევი იქაურ გოგრაჭაძეებსაც. თურქეთში საკმაოდ წარმატებული გოგრაჭაძეები გვყოლია და ამან მეტად გამახარა. მრავალი კერძო სექტორში მუშაობს, ბევრი კი სახელმწიფო უწყებებში. მაგალითად, ჰაირეთთინ გოგრაჭაძე-დემირჯანი წლების განმავლობაში ამერიკის წამყვან კომპანიებში მუშაობდა, ამჟამად თურქეთის მთავრობის აპარატში ეკონომიკის მრჩეველია. საკმაოდ შორს წაგვიყვანს თითოეულის ჩამოთვლა, მაგრამ ერთი გოგრაჭაძის შესახებ აუცილებლად უნდა გიამბოთ, რომელსაც შეიძლება თამამად ვუწოდოთ ,,ნოვატორი საქართველოში“. ახმედ გოგრაჭაძე-ქაჰრამანი ქალაქ ორჰანგაზში ცხოვრობს, ის 1995-2002 წლებში ორჰანგაზის ქართული კულტურის ასოციაციას ხელმძღვანელობდა. მრავალი ქართული საქმე აქვს ნაკეთები. თურქეთში ფლობდა სამშენებლო კომპანიებს. 2009 წელს საქართველოში ახალი იდეით შემოვიდა. ეს იდეა ზეთისხილის პლანტაციების გაშენება გახლდათ, რომელიც მანამდე ჩვენთან არ არსებობდა. საქართველოს მთავრობას მოეწონა ჩვენებურის იდეა და დღეს პარტნიორებთან ერთად, მისი კომპანია 800 ჰექტარ ზეთისხილის ბაღებს ფლობს. საქართველოში სოფლის მეურნეობის კუთხით ბატონმა ახმედმა მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. მას პროდუქცია გააქვს ექსპორტზე და საქართველოში ფული შემოაქვს, რაც ჰაერივით სჭირდება ქართულ ეკონომიკას. ის მეგობრობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან. დაახლოებული პიროვნებაა ქართულ ინტელიგენციასთან. რამდენიმე დღის წინ ორჰანგაზის ქართული კულტურის ასოციაციის თავმჯდომარედ მურად ქაჰრამან-გოგრაჭაძე აირჩიეს. არ დამავიწყდება ის ემოციები, რაც არჩევნების დღეს ქართველებით სავსე დარბაზში სუფევდა. ყველა ერთმანეთს ეფერებოდა. მხვდა პატივი, მათ წინაშე სიტყვით გამოვსულიყავი და ჩემი ემოციებიც გამეზიარებინა. გოგრაჭაძეების გვარზე ვწერ წიგნს. წარმატებულ თურქეთელ გოგრაჭაძეებს წიგნში ცალკე თავი დაეთმობა.
– წესად დაამკვიდრეს გვარების სამების საკათედრო ტაძარში დალოცვა და გვარების ისტორიაზე წიგნების გამოცემა…
– ვფიქრობ, ეს წამოწყება აუცილებელი იყო, რადგან ქართული გვარები ქრისტიანულად უნდა იყოს დალოცვილი. ჩვენ თითქმის მზად ვართ, რომ ეს ისტორიული რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში შედგეს. რაც შეეხება საგვარეულო წიგნს, იგი აუცილებლად უნდა არსებობდეს. მკვლევრებს დიდი შრომა სჭირდებათ, რათა რაიმე ხელმოსაჭიდი მასალა მოიპოვონ და ისტორია დაწერონ. ამ გზას მეც გავდივარ. სამწუხაროდ, წინაპრებმა ძალიან მწირი დოკუმენტური მასალა დაგვიტოვეს და ჩვენ ასე აღარ უნდა გავაგრძელოთ. მომავალ გოგრაჭაძეებს და ამ გვარით დაინტერესებულებს სრულყოფილი ისტორია უნდა დავახვედროთ. აუცილებელია, იცოდნენ საკუთარი გენეალოგიური წარსული, რათა მომავალიც შესაბამისად ააშენონ. დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები მახსენდება: „ვინც თავისი ქვეყნის ისტორია არ იცის, იგი უსახლკარო კაციაო“. აქედან გამომდინარე, საკუთარი გვარის წარმოშობის ცოდნა ჰაერივით აუცილებელია. რამდენიმე წლის წინ დავიწყე გოგრაჭაძეთა გვარის ისტორიის კვლევა და მალე მას ფინიშამდე მივიყვან. წიგნში შევა გოგრაჭაძეთა როგორც წარსული, ასევე, დღევანდელობაც.
– 1929 წლის აჯანყებაზე ფილმს იღებთ. თუ გაქვთ ფინანსური თანადგომა და ამჟამად რა ეტაპზე ხართ?
– გამომდინარე იქიდან, რომ ეს ამბიციური საქმე ნულიდან დავიწყე, მას დიდი დრო მიაქვს. როდესაც ერთი კამერაც არ გაქვს და ისტორიულ ფილმს ეჭიდები, დიდი ენერგია და შრომაა საჭირო. ერთი ფრაგმენტის გადასაღებად ორი თვის განმავლობაში ვემზადები. მთავარი ისაა, რომ ვალდებულება არავის წინაშე არ მაქვს აღებული და შესაბამისად, დროის ფაქტორიც გადამწყვეტი არ არის. ჩემი მიზანია, ფილმი ხარისხიანი და კარგი გამოვიდეს. ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, საკუთარი სახსრებით დავიწყე, მერე ფონდი შევქმენი და თანხის რაღაც ნაწილი შემოიწირა, თუმცა ფილმის ბიუჯეტთან დაკავშირებულ დეტალებზე პრემიერაზე ვისაუბრებ.
– ფილმში ვის ნახავს მაყურებელი?
– ფილმში მრავალი მოყვარულია გადაღებული გამომდინარე იქიდან, რომ ხშირია კადრები, სადაც ხალხის მასაა საჭირო. არის სცენები, სადაც არაა აუცილებელი მსახიობის თამაში. კინოში, ზოგადად, შესაძლებელია არ ათამაშო პროფესიონალი მსახიობი და არაჩვეულებრივი პროდუქტი მიიღო. ჩვენს შემთხვევაში, ფილმში ცნობილ მსახიობებსაც იხილავს მაყურებელი, კერძოდ, ზურაბ ცინცქილაძეს, ასევე, ხულოსა და ბათუმის თეატრების მსახიობებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ცნობილ თბილისელ მსახიობებთან.
– ფესტივალის „ლიტერატურა – იალაღებზე“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ხართ. წელს რას გვპირდებით?
– სპეციალობით ეკონომისტი ვარ, მინდა ვაღიარო, რომ ეკონომიკა ჩემში ძალინ მცირე დოზით არის, ალბათ, ესეც საჭიროების გამო. 90-იანი წლების საქართველოში სპეციალობის არჩევის ფუფუნება ნაკლებად იყო. ახლა ვაკეთებ იმას, რაც ჩემშია და მიუხედავად ბევრი შემოქმედებითი საქმისა, დაღლაც სასიამოვნოდ მეჩვენება. ვფიქრობ, იმ გზას ვადგავარ, საიდანაც შევძლებ, მომავალ თაობას სარგებელი დავუტოვო. 2025 წელი, გუნდთან ერთად, ყველაზე დატვირთული მქონდა სამსახურებრივად – ფესტივალებისა თუ ღონისძიებების მომზადება, სცენარის შექმნა, რეჟისურა, ღონისძიებების წაყვანა და ასე შემდეგ. ვნახოთ, წელს რის გაკეთებას შევძლებთ. კულტურის ცენტრს გვაქვს სამოქმედო გეგმა და ვცდილობთ, შედეგი მოლოდინზე მეტი იყოს. ამჯერად, ფესტივალ ,,შვილიშვილების“ მომზადების პროცესში ვართ. წელს მეორედ ჩატარდება და მთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს. რაც შეეხება ფესტივალს ,,ლიტერატურა იალაღებზე“, წელს ტაიმ-აუტი ავიღეთ, თუმცა შემოქმედებითი გუნდი ერთ-ერთ მთაზე გასვლას და ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ. მთა ჯერჯერობით, შერჩეული არ გვაქვს.
ოთარ ცინარიძე