დაგვიბარა – მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, გაახაროთ ერთმანეთი!
ყველასგან გამორჩეული პატრიარქი გვყავდა, რომელმაც სიბრძნით, სიყვარულით, ლოცვით მთელი ერი გააერთიანა… მოსიარულე უდიდესი სიკეთე, რომელსაც ყველა უყვარდა… დაგვიტოვა ისეთი მტკიცე სულიერება, რომელიც მჯერა, კიდევ უფრო გაღვივდება… ამიერში დასრულდა მისი გამორჩეულად ნაყოფიერი მოღვაწეობა, მაგრამ ის იმიერიდანაც ყოველთვის შეგვეწევა, რადგან მუდამ ჩვენზე ფიქრში ათენებდა და აღამებდა… გვასწავლა უბრალოება, სიკეთის ქმნა, თავმდაბლობა, ერთურთის პატივისცემის, სიყვარულის, თმენის უნარი…
დაგვიბარა – ,,მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, გაახაროთ ერთმანეთი! ყველამ წესად დაიდეთ, ისე არ დაღამდეს და გათენდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული…“.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სულიერი მამის ეპოქაში ვცხოვრობდი, რომ მას არაერთხელ შევხვდი როგორც თბილისში – საქართველოს საპატრიარქოში (ოთხჯერ), ისე აჭარაში ჩამობრძანების დროს…
ბევრი მაქვს მოსაგონარი… ვერაფერს ვწერ… მადლობა, უწმინდესო, ყველაფრისთვის მადლობა, იმისთვისაც, რომ არაერთი ბედნიერი წუთი მაჩუქე….
აღარ გვყავს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, მზის სხივი დავკარგეთ… დაობლდა საქართველო… ყველას გისამძიმრებთ…
საოჯახო ფოტოარქივში ჩემი გადაღებული არაერთი ფოტო ინახება, რომელიც პატრიარქის აჭარაში მობრძანების მომენტებს ასახავს. მათ შორის აღსანიშნავია ადლიაში, საპატრიარქო რეზიდენციაში გადაღებული ფოტოები… უთბილესი შეხვედრა იყო აფხაზებთან… გამორჩეულია ჩემთვის ახალგაზრდა პატრიარქთან პირველი შეხვედრის ფოტოც, აეროპორტში დავხვდით, ძალიან ვნერვიულობდი, პირველად უნდა მომემზადებინა საგაზეთო წერილი უწმინდესის აჭარაში ჩამობრძანების შესახებ… მაშინ პატრიარქიც ახალგაზრდა იყო და მეც… რომ გაიღიმა, ირგვლივ ისეთი სითბო დაიღვარა, ჩემი ნერვიულობა სადღაც გადაიკარგა…
უწმინდესო გვიყვარდი, გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები..ერთიც უნდა გავიხსენო… ბავშვობაში წითელა ბატონები დამიბრძანდა, თურმე, მთელი კვირა არაფერს ვჭამდი, არც წყალს ვსვამდი. მორწმუნე მეზობელი მოვიდა სანახავად, სოფიო ბებო, როცა გაიგო მოუნათლავი ვიყავი, დედას არაფერი უთხრა და … რამდენიმე ხანში სახლში მოძღვარი მოიყვანა… დედა სულ იხსენებდა: – რომ შემოვიდა და გაიღიმა, ღმერთი შემოვიდა მეგონაო… სწორედ უწმინდესმა მომნათლა სახლში და როცა სახლიდან გასულა, იმ წამს წყალი მომითხოვია…
ერთიც არასოდეს დამავიწყდება. ბათუმში ჩამობრძანებულმა უწმინდესმა ახალი ტაძრის საძირკველი რომ აკურთხა და უკან ბრუნდებოდა, ძალიან ვიწრო გზაზე მანქანები შეჩერდა საცობის გამო. უწმინდესის მანქანაც შეაყოვნეს და ბედად, ზუსტად ჩემთან გაჩერდა, გზა ვერც ჩვენმა მანქანამ გააგრძელა… მინა ჩამოწეული იყო… საოცრად იღიმოდა… შევკადრე: – დამლოცეთ-მეთქი, მერე… ისიც „ვიკადრე“, ხელზე ხელი მომეკიდებინა და სახესთან მიმეტანა… მას ეღიმებოდა, მე კი სიხარულისგან არ ვიცოდი, რა მექნა… იმ ხელის სითბო დღესაც მათბობს…
მანანა ძიძიშვილი
გალერეა

