„ირანმა გაუძლო სუპერგლობალური ძალის უპრეცედენტო დარტყმას და აქამდე არნახულ ზიანს აყენებს აშშ-ს“
გთავაზობთ ინტერვიუს ისტორიკოს გია ხელაშვილთან, რომელიც აანალიზებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს, საქართველოს როლს ამ სიტუაციაში და ტრამპის და ნეთანიაჰუს მიზნებს, რომელსაც, ისტორიკოსის აზრით, ასრულება არ უწერია.
– ბატონო გია, თუ შეიძლება, მიმოვიხილოთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
– დღეს ახლო აღმოსავლეთში, პრაქტიკულად, მსოფლიოს გლობალური გადანაწილება მიმდინარეობს. ამას სხვადასხვა მიზნებით ამართლებენ, რასაც მოწმობს ტრამპის არაადეკვატური განცხადებები: ხან ნავთობი უნდა, ხან ირანში დემოკრატიას ამყარებს, ან მომიტინგეებს ეხმარება. აგერ ახლახან ისიც კი თქვა, მე ჰომოსექსუალების დასაცავად დავიწყე ეს შეტევებიო. ვფიქრობ, მისი ლაპარაკის გაანალიზებით ვერაფერს გავარკვევთ, რადგან მართლა არავინ იცის, რას ემყარება ამ კაცის სურვილები, ხედვა და ქმედებები.
– რა გაგრძელება მოჰყვება ირან-აშშ-ისრაელის კონფლიქტს?
– უკვე ღრმად შეტოპეს და ამას რა გაგრძელება მოჰყვება, ვერავინ გეტყვით. პოლიტიკური პროგნოზი უმადური საქმეა. მე, მაგალითად, რამდენჯერმე დავაფიქსირე, რომ ამერიკის და ისრაელის დაზვერვის მიერ გავრცელებული ცნობები არანაირად არ ჯდება არცერთ განზომილებაში. ხშირად ეს ინფორმაციები არაკომპეტენტურად მეჩვენება. ის მიკვირს, ჩვენ თუ ვიცით, მათ რატომ არ იციან? მაგალითად, ნეთანიაჰუ არწმუნებდა ტრამპს, რომ ხამენეის და სხვა პირველი პირების ლიკვიდაციის შემთხვევაში, დაიწყებოდა საერთო სახალხო აჯანყება ირანში, შეიცვლებოდა ხელისუფლება, მოვიდოდა პროამერიკული მთავრობა და მის ხელში (აშშ-ის) აღმოჩნდებოდა ნავთობზე სრული კონტროლი… როგორც ხედავთ, მსგავსი არაფერი მომხდარა. როგორც კი პირველად დაარტყა აშშ-მა ირანს, დაახლოებით, საათ-ნახევარში დარტყმითვე უპასუხა მას თეირანმა, იმის მიუხედავად, რომ პირველივე წუთებში დაიღუპა ირანის მთავრობის ბევრი პირველი პირი, მათ შორის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი. ისეთი სისწრაფით დაარტყეს ირანელებმა ამერიკელებს, რომ მაშინვე შევეჭვდი დასავლეთის გამარჯვებაში და იმაშიც, რომ ეს კონფლიქტი ისე იოლად ვერ დასრულდებოდა, როგორც ტრამპს წარმოედგინა.
ომის დასაწყისშივე ვთქვი, აბსოლუტურად მცდარი იყო ირანის შეფასებაში როგორც თეთრი სახლის, ისე ებრაული „მოსადის“ გათვლები, რომ ალი ხამენეის მოკვლით 48 საათში მიაღწევდნენ გამარჯვებას. მწარედ შეცდნენ, როგორც უკვე ვთქვი, ირანმა გაუძლო სუპერგლობალური ძალის უპრეცედენტო დარტყმას და აქამდე არნახულ ზიანს აყენებს აშშ-ს. თუ ომი არ შეჩერდა (ატომური იარაღის გამოყენების შემთხვევაშიც კი), დიდი ალბათობით, შეიძლება ისტორიას ჩაბარდეს ისრაელის სახელით ცნობილი მე-XX საუკუნის პოლიტიკური პროექტი!!!!
– ეს საკმაოდ სერიოზული განცხადებაა, თანაც ისრაელში ვისაც არ უნდა ვკითხოთ, ამბობენ, რომ იქ საშიში არაფერი ხდება. . .
-კი, ყველა ამას გაიძახის ერთხმად, ჩვენი ემიგრანტებიც კი, ისრაელში, ამტკიცებენ, აქ ცუდი არაფერი ხდებაო, ვერაფერს დააცდენინებ. რას მალავენ და როგორ მალავენ, გაოცებული ვრჩები. არადა, ევროპის ტელე-არხებზე ტრიალებს ისრაელის დაბომბილ-განადგურებული უმთავრესი სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, არაერთი მაღალჩინოსნის დაღუპვის ინფორმაცია, ხოლო ისრაელში მყოფები აცხადებენ, რომ არცერთი ჩამოვარდნილი რაკეტა არავის უნახავს. ირანიდან კი პირიქით, ყველა სახის ინფორმაცია ვრცელდება მომენტალურად.
როდესაც ამ კონფლიქტს ვუყურებ, სულ ვფიქრობ, არ მივიდეს ისრაელი უკიდურესობამდე და ატომური იარაღი არ გამოიყენოს. რა არის იცით, ირანი დიდია, იქ დაარტყამ, აქ დაარტყამ, ამდენ თუ იმდენ ზარალს მიაყენებ – გადაიტანს, მაინც გამოძვრება ნებისმიერი სიტუაციიდან. ყველამ ვიცით მისი ისტორია და ისიც, თუ რა ურთულესი კონფლიქტები გადაუტანია. ეს ყველაფერი უმძიმესი იქნება ისრაელისთვის, ის რას გადაიტანს, არავინ იცის. ამიტომ ვივარაუდე ისრაელის აღსასრული.
– თქვენ თვლით, რომ ისრაელს იმაზე მეტი ზარალი აქვს, ვიდრე ამას აფიშირებენ?
– დიახ, უდავოდ ასეა, გაცილებით მეტი ზარალი აქვთ. უკვე ორი დღეა, ნეთანიაჰუ არ დასწრებია მთავრობის კაბინეტის და უშიშროების სხდომას, არადა, რაც ომი დაიწყო, აქამდე არცერთი არ გამოუტოვებია. ირანული წყაროები ამბობენ, დაჭრილიაო. მსგავსი ინსინუაციები გრძელდება. ასევე არ ჩანს „მოსადის“ დირექტორი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ თქვეს, ლიკვიდირებულიაო, ანუ ძალიან კარგად ახერხებენ, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს, მაგრამ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, არაფერი იმალება. ფაქტია, ამ კონფლიქტის მასშტაბები იზრდება. რაც არ უნდა დამალონ, საბოლოოდ ყველაფერი ზედაპირზე ამოვა. ამერიკის პრეზიდენტს და მისი თავდაცვის მინისტრს ვუსმენდი, საუბრობდნენ ირანზე, თუ რა ზარალი მიაყენეს, რა დანაკარგები, რამდენი პროცენტით შეუმცირდათ იარაღის მარაგი და სხვ. მე რასაც ვხედავ, ყველა დარტყმას ირანი განუწყვეტლივ პასუხობს და არა მგონია, ამათ ნაკლები დანაკარგები ჰქონდეთ. ამბობენ, იარაღი აღარ აქვთო, თუმცა შეშინებულების არაფერი ეტყობათ ირანის მთავრობის წევრებს, მათი ნებისმიერი ქმედებიდან ჩანს, რომ თავს დამარცხებულად არ თვლიან, არც დანებებას აპირებენ, პირიქით, იქით ემუქრებიან სხვებს და საკმაოდ შედეგიანადაც. ტრამპს პირდაპირ შეუთვალეს, თუ კიდევ გაბედავ ირანის ახალ ლიდერზე ხელის აწევას, შენ გაგაქრობთ პირადადო…
– მაინც ვინ ვის მხარეს ომობს?
– აქ ძალიან ბევრი აქტორია ჩართული. ირანის რაკეტების თუ დრონების ასეთ ზუსტ დარტყმებს კოსმოსური დაზვერვა სჭირდება. როგორც ჩანს, რუსეთი დაუდგა გვერდით ირანს და რაც დასავლეთმა უკრაინაში გააკეთა, ახლა სამაგიეროს უხდიან. ვითომ არ აფიშირებენ, მაგრამ – ანადგურებენ. აშკარა პროქსი ომი გვაქვს.
– თუ შეიძლება დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
– ე.წ. პროქსი ომებით ანუ მესამე სახელმწიფოების ჩართულობით, ქვეყნები ცდილობენ შექმნან გაცილებით უფრო მტკიცე და მყარი გარანტიები საკუთარი თავისთვის. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ დღეს უკრაინის ომიც და ირანის კონფლიქტიც, ოღონდ ერთი რამ არ დაგავიწყდეთ, ირანი გაცილებით სახიფათოა ამერიკისთვის, ვიდრე რუსეთისთვის – უკრაინა. ამ დამოკიდებულებაში ბევრი ვერ ერკვევა. მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდები კი არადა ზოგიერთი პოლიტიკოსიც. ისინი თვლიან, რომ უკრაინელი და რუსი სხვადასხვა ერია. მე კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მათ შორის ზღვარი, პრაქტიკულად, არ არის. გამორჩეული კულტურა შეინიშნება დასავლეთ უკრაინაში (სტალინის ტერმინია, მან უწოდა ასე), მთელი დანარჩენი ტერიტორია არის – რუსეთი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
– მაშინ რატომ ანადგურებს რუსეთი უკრაინას?
– ხედავთ, რა სისასტიკით ბომბავს აშშ და ისრაელი ირანს. თავადაც აღნიშნეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი არაფერი გაგვიკეთებიაო. ასეთი რამ არ ხდება უკრაინაში. მიმდინარეობს წერტილოვანი დარტყმები ალაგ-ალაგ, კონკრეტულ სამხედრო შენაერთებსა და სამრეწველო ობიექტებზე. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივად ცხოვრობენ, დისკოთეკებს, კონცერტებს და პრაიდებს მართავენ. მოსკოვი უკრაინელებს უყურებს როგორც ეთნიკურ რუსებს. ეს შესანიშნავად იცის, იგივე, დასავლეთმა და რუსები გამოჭერილი ჰყავთ. იციან, რომ პუტინი ვერ გააკეთებს იმას, რასაც, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები გააკეთებს, იგივე, ირანში. . . მე მცხეთას და ნოქალაქევს დავანგრევ? ისეთივე დამოკიდებულება აქვთ რუსებს კიევთან. ის რუსი ოდესას ისევე უყურებს, როგორც ჩვენ – სოხუმს.
– რაც შეეხება მოკლულ ბავშვებს ირანში, მხოლოდ მათი სისხლიც კმარა აშშ-ის და ისრაელისთვის ბრალის წასაყენებლად.
– დიახ, საშინელი გამეტებით ურტყამენ ირანს. თავს იმართლებენ, რომ ამით სურთ ირანს დათმობაზე წამოსვლა აიძულონ, მაგრამ, პრაქტიკულად, მიმდინარეობს ირანელთა ხოცვა-ჟლეტა. სადამდე დაეცნენ – ამას წინათ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ამტკიცებდა, ირანული რაკეტა მოხვდა მათ სკოლასო. მერე უბრალოდ აუხსნეს, რომ ეს ტომაჰავკი იყო, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ტომაჰავკები სხვებსაც აქვთ. . . ლამის ისიც კი თქვა, იქნებ ბაზრობაზე იყიდეს ირანელებმაო. ბოლო შეკითხვა რომ დაუსვეს ამ თემაზე, მოკლედ მოხაზა, არ მინდა ამაზე პასუხიო. უკვე გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ისრაელი არაფერ შუაშია, ამერიკის შეერთებული შტატების ნასროლი იყო. იმ ბავშვების დახოცვა ამათი დასასრულია უკვე. ვერაფრით გაიმართლებენ თავს. 1943 წელი აღარ არის, ვიღაცას რაღაც მაინც რომ შერჩებოდა. იქ არანაირი სამხედრო ობიექტი არ არსებობდა. 2016-ში იყო და სხვაგან გადაუტანიათო. სპეციალისტები ხელოვნურ ინტელექტსაც კი აბრალებენ ამას – მის მონაცემებზე დაყრდნობით დაარტყესო. . .
– აშშ-მა სანქციები მოუხსნა რუსეთს, თითქოს, ერთი თვით, საწვავი გაძვირდა, მსოფლიო ეკონომიკა ცუდ დღეშია. როგორ რეაგირებენ ყველაფერ ამაზე ტრამპის მოკავშირეები?
– ამ ეკონომიკურ ასპექტს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ დასავლეთში და სხვათა შორის, ყველაზე მეტად სწორედ მათზე აისახება კრიზისი. ირანს დასაკარგი აღარაფერი აქვს. მას ურტყამენ ყველა დონეზე. ის გახდა ნგრევის ობიექტი. რა ეკონომიკურ ზარალზე იფიქრებს ახლა. ასე რომ, ძირითადი ეკონომიკური დარტყმა მაინც დასავლეთზეა. ჩინეთი და ინდოეთიც ჩამოკიდებულია რუსეთზე. ფაქტობრივად, ევრაზიის კონტინენტის სანავთობო ბაზარი პუტინის ხელშია. ტრამპმა განაცხადა, რუსეთს ერთი თვით მოვუხსენი სანქციებიო. მოვა 11 აპრილი და ვნახავთ, რამდენითაც მოუხსნა, ეს ორჯერ ორია. . .
ერთი რამ შემიძლია ზუსტად ვთქვა, ირანმა, პრაქტიკულად, თავი გადადო. აღარ დაითვლის, კიდევ რა ზარალი მოუვა. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ არ შეიძლება ირანი სხვა ქვეყნებს შევადაროთ. ვენესუელაში უცებ მოგვარდა საქმე, პრეზიდენტის მოტაცება ეყო ტრამპს კონტროლის ხელში ჩასაგდებად, სხვა ქვეყანაშიც ექნებოდა ამ სქემას შედეგი, მაგრამ ირანი აბსოლუტურად განსხვავებული სახელმწიფოა, სხვა ისტორია, სხვა სამყაროა. . .
– ტრამპი ვეღარ ინარჩუნებს მოკავშირეებს. . .
– დიახ, თითქოსდა ომში „გამარჯვებული“ ტრამპი, რომლის ტრაბახმა ირანის განადგურებისა და ამერიკული არმიის „უძლეველობის“ შესახებ მთელ მსოფლიოს მოაბეზრა თავი, შეშინდა და ისტერიულად მოუწოდებს მოკავშირეებს ნატოდან, რომ დაეხმარონ, არადა, კარგად გვახსოვს, რასაც ომის პირველ დღეს ამბობდა – არავის დახმარება არ სჭირდებოდა და ორ დღეში ჩამოშლიდა ირანის მთავრობას, თუმცა ახლა ჩინეთსაც კი მოუწოდებს, სამხედრო გემები გაგზავნოს ჰორმუზის განსაბლოკად, რაც სერიოზულად არავინ აღიქვა პეკინში და რასაც, დიდი ალბათობით, ჩინეთში მისი ვიზიტის გაუქმება შეიძლება მოჰყვეს. . . ამერიკის პრესტიჟისთვის განსაკუთრებით მძიმეა ირანის გადაწყვეტილება, რომ აშშ-ის და ისრაელის გარდა ყველა სხვა ქვეყნის გემებს გაატარებს, ოღონდ მათ ჩინურ ეროვნულ ვალუტაში, იუანში უნდა გადაიხადონ თანხა სრუტის გადასაკვეთად, რაც დოლარის დომინაციისთვის უსერიოზულესი დარტყმაა! როგორც აშშ ყიდის ვენესუელის ნავთობს, იგივეს აკეთებს ირანი ახლა, ის ყიდის სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობს, ფულს ტანკერების გატარებაში მას უხდიან… ამასობაში ბრიტანეთმა (რომელსაც ტრამპმა უკვე მოუხსნა განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსი), საფრანგეთმა, იტალიამ (ჯორჯა მელონისგან აშშ აშკარად არ ელოდა), სატელიტმა სამხრეთ კორეამ, გერმანიამ (რომლის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ირანის წინააღმდეგ ომში გერმანიას ვალდებულება არ აქვს, ხოლო მისმა თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, რომელსაც თითქოს არ ეშინოდა რუსეთთან დაპირისპირების, თქვა, ეს გერმანიის ომი არ არის, ეს არის ამერიკის ომი და თვითონ მიხედონ თავის საქმესო) და იაპონიამაც კი უარი უთხრეს აშშ-ს ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემების გაგზავნაზე. ერაყელმა ქურთებმაც მკაცრი უარი განუცხადეს ამერიკელებს ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ომში ჩართვაზე, რადგან ირანი მათ იცავდა ისლამური სახელმწიფოს (AISIS-ის) ტერორისტებისგან სირიაშიც და ერაყშიც და ეშინიათ, ისევ არ მოტყუვდნენ და საზარბაზნე ხორცად არ იქცნენ აშშ-ის მორიგ ავანტიურისტულ ომში. ახსოვთ ქურთებს, როგორ მიუგდეს საჯიჯგნად თურქებს და ტერორისტ ალ ჯულანის ჯიჰადისტურ ბანდებს მათი სირიელი ძმები! უამრავი ამერიკელი ექსპერტი თუ ანალიტიკოსი (დუგლას მაკგრეგორი, ლარი ჯონსონი, ჯონ მერშაიმერი, ჯეფრი საქსი) ამბობს, რომ ეს უაზრო ომი აშშ-ს ძვირად დაუჯდება როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით და კიდევ უფრო მეტად მოახდენს საერთაშორისო საზოგადოებისგან მის იზოლირებას ისრაელთან ერთად.
– ზელენსკიმ დახმარება შესთავაზა ტრამპს, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ განუცხადა, უმჯობესია პუტინს მოელაპარაკო და ტერიტორიების რაღაც ნაწილი მაინც შეგრჩესო… როგორ დააკომენტარებთ ამ სიტუაციას?
– კი, ამას უკვე კარგა ხანია ეუბნება, რომ უნდა დათმოს ის, რაც დასათმობია, თუ არადა, 22%-ის ნაცვლად დაკარგავ 50-60%-სო. უკრაინა რითი ომობს? ასიათასობით ნატოელი დაქირავებული პროფესიონალი ჯარისკაცით. აქედან 4 ათასამდე დაღუპული პოლონელია. მთელი დასავლეთია ამ ომში ჩართული. ორბანმაც იგივე განაცხადა, ყველა ჩართული ხართო. ეს არის რუსეთ-ნატოს ომი, რომელსაც რუსეთი იგებს. როდესაც ამას აცხადებ, ამბობენ, პრორუსი ხარო. . . სიმართლე არის და ვამბობ, აბა, რა ვთქვა? სისულელეებს რომ დებენ ეს ლიბერალები თავიანთ გვერდებზე, დღეში ორი ათასი რუსი ჯარისკაცი იღუპებაო, უკრაინელი – არც ერთი?!. გახსოვთ, ალბათ, ამერიკელმა „კონსერვატორებმა“ ფაილები რომ გატეხეს და ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნეს. ჯერ კიდევ 6 თვის წინ მილიონ 721 ათასი უკრაინელი სამხედრო იყო მოკლული, რუსები კი – 200-დან 300 ათასი. გამოდის, ათ-თორმეტჯერ მეტი უკრაინელი დაიღუპა. რომ ამბობენ, ხარკოვი და კიევი ვერ აიღოო, ომს თავისი წესები აქვს, დიდი ქალაქი რომ აიღო, ის ჯერ ძირფესვიანად უნდა გაანადგურო. ამას კრემლი არ აკეთებს. უფრო მეტიც, დნეპრზე ხიდები, სარკინიგზო ქსელი თუ სხვა ინფრასტრუქტურა ხელუხლებელია. არ უშლიან უკრაინას, ბოლომდე შეაკლას თავი მოწინააღმდეგეს. სამხედრო ძალების დაფქვა ჰქვია ამას სამხედრო ენაზე, რათა სამომავლოდ, პარტიზანული მოძრაობის შანსები ნულამდე დაიყვანონ. ამერიკელი ანალიტიკოსი დუგლას მაკგრეგორიც იგივეს ამბობდა რამდენიმე დღის წინ. ხდება სამხედრო ძალის ფიზიკური განადგურება, მშვიდობიანის – არა. უკრაინის 15 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლეა მოკლული, აქედან 700 – ბავშვი. აი, ამ სამოქალაქო პირების 60%-ზე მეტი დაღუპულია ლუგანსკის და დონეცკის ანუ სეპარატისტულ ოლქებში, სადაც იბრძოდნენ რუსეთის მხარეს. დასკვნა თავად გააკეთეთ, ამაზე რატომღაც ჩუმად არიან. უკრაინა ერთიანი ვერ არის.
– საქართველო, ირანის კონფლიქტის შუა ცეცხლში თუ არა, მიმდებარედ ნამდვილად არის. რამდენად შევძლებთ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას? ყველაფერ ამას დაემატა ისრაელის ზეწოლაც. . .
– ნამდვილად არასასიამოვნო იყო ისრაელის ელჩის განცხადება და ის ბრალდებები, რაც წაგვიყენეს. ჯერ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიუსამძიმრა ირანს, მესამე იყო ჩვენი პრემიერი. გვჭირდებითო, რომ გვითხრეს, 2008 წელში ჩვენც გვჭირდებოდნენ, მაგრამ რაც აკეთეს, ამაზე უკვე ბევრმა ილაპარაკა. ვალში ისინი არიან ჩვენთან, ისრაელის შექმნის საბოლოო გადაწყვეტილება სტალინმა მიიღო.
– კონკრეტულად რას ითხოვენ?
– ჩვენი ომში ჩართვის მოთხოვნა ცეცხლის არეალის მნიშვნელოვნად გაფართოებაზეა გათვლილი. იმდენად საქართველოს თემა არ არის, რამდენადაც – რუსეთის. ჩვენგან გადის ჩრდილოეთ კავკასიაზე ძალიან მნიშვნელოვანი გზა. . . იარაღის გატარების საკითხია. ქართველებს რა მოგვივა, არავის აინტერესებს. მათ სურთ ათი ათასობით ბოევიკის შემოყვანა და ჩეჩნეთ-დაღესტნამდე გზის აქედან გაკვალვა. ოპოზიციას ერთი სული აქვს, რაღაც ისეთი უბედურება მოხდეს, ხელისუფლება შეიცვალოს, მაგალითად, ტრამპმა დაარტყას რაკეტა თბილისში კანცელარიის შენობას, ან ბიძინას შესაპყრობად „დელტა“ გამოგზავნონ და სხვ. აი, ასეთი ფანტაზიები აქვთ. ნუთუ დაავიწყდათ, ამ გეოსტრატეგიულ ზონაში, თბილისიდან 35 კმ-ში ვინ დგას?!. მსგავსი რომ გადაწყვიტონ და მართლა გამოუშვას ტრამპმა რაკეტა, რა მოჰყვება ამას, ხომ წარმოგვიდგენია? გამოთქმა რომ არის, არა, ბიჭო, მოსკოვს შევეკითხებიო, აი, შეეკითხებიან კი არადა, ნაბიჯს ვერ გადადგამენ უმისოდ. იგივე ირანი, აზერბაიჯანს მანამ არ დაარტყამს, სანამ მოსკოვი არ მისცემს თანხმობას, სხვა ზონაა. . . ჩვენი ლამაზი თვალების გამო კი არ გვწყალობენ, აქ რუსეთის ინტერესებია.
ირმა ცეცხლაძე