რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა
By

რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. მასვე აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთმევა ესპანეთის ბინა, მცხეთის სახლი, მანქანები – „Mercedes-Benz“, „RANGE ROVER“, „Lexus“, 1200კვ მეტრი ნაკვეთი, ნახიდურის 15%-იანი წილი, ამოღებული ნივთები.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.
ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ. ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით – სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

  • No Comments
  • მარტი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *