გამოსათხოვარი…
By

გამოსათხოვარი…

ყველასთვის უსაყვარლესი პოეტის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწის ცისანა ანთაძის გარდაცვალება მტკივნეულად განიცადა საზოგადოებამ.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურყვეთიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა გოგონამ, რომელმაც მოღვაწეობა მათემატიკის პედაგოგობით დაიწყო, ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით იმდენს მიაღწია, რომ ბათუმში, აჭარაში, საქართველოში სახელი გაითქვა როგორც საუკეთესო შემოქმედმა…

ცისანა ანთაძესთან გამოსამშვიდობებლად ბათუმის წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარში, სადაც დასვენებული იყო, უამრავი ადამიანი მივიდა. მეორე დღეს პოეტის ცხედარი ახალგაზრდა კოლეგებმა, საზოგადოებასთან ერთად, უკანასკნელ გზაზე ბათუმის ქუჩებით გააცილეს და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოში გადაასვენეს. დაკრძალვამდე სახელდახელო მიტინგი გაიმართა, რომელსაც აჭარის მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე უძღვებოდა. ყველა მსურველს შეეძლო გამომშვიდობებოდა საყვარელ ქალბატონს.

რამდენიმე მათგანი ჩავწერეთ.

დავით თედორაძე:

– დღეს ამ ადამიანმა შეგვაკავშირა და მოგვიყვანა აქ. არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ, მეგობარი, პატრიოტი სამშობლოს ერთგული, უღალატო ყველაფერში, მებრძოლი, შეურიგებელი სამშობლოს მტრებთან, ქვეყანაზე მოფიქრალი… დღეს მას მთელი საქართველო გლოვობს… იუმორის ნიჭით უხვად შემკული, ყველა სიტუაციაში რომ გამოურევდა და ტკივილისა და დარდისგან გამოგიყვანდა. „მივდივარ და წერილები გამატანეთო…“ – ბოლო დღეებშიც კი გვეხუმრებოდა… მის გარეშე არასოდეს არსად არ წავსულვართ, არც საქართველოში და არც მის გარეთ. აქლემზე ამხედრებული ცისოც კი გვყავს ნანახი… კურიოზებით, ფათერაკებით სავსე იყო მისი ცხოვრება. მწერალთა სახლს თუ რაიმე ღირსება აქვს, სწორედ ცისანასნაირი ადამიანებით…

ვახტანგ ღლონტი:

– ჩვენ დიდებული ხალხის პომპეზური გაცილებები გვინახავს, მაგრამ არ მახსოვს ასეთი – საოცრად თბილი გაცილება. თუ რამე არსებობს, ცისანა გახარებული უნდა იყოს…ზინიკოს მერე მას ყველა ის ადამიანი უყვარდა, ვინც დღეს აქ არის – მისი უფროსი მეგობრები, თანატოლები…

სადაც ღვთის სახლია, იქ ქალაქის გულია და ჩვენი ცისო დღეს ქალაქის გულში დარჩება, თავის მეგობრებთან ერთად და ჩვენც გვექნება შანსი, როცა აქ მოვალთ, ყველა მოვიაროთ, ვინც ჩვენს გულთან ახლოსაა. მადლიერება მინდა გამოვთქვა – ყველანი მიყვარხართ, ვინც აქ ხართ, რადგან სხვა ფასს ადებთ დღევანდელ გაცილებას, ეს სხვა ხალხია – უხმაურო, რომელმაც ზედმეტობის გარეშე, თავისი გულის ნაწილი გააყოლა ისე, როგორც მან თავისი გულის ჩუქება ყველასთვის უხმაუროდ იცოდა.

ბელა ქებურია:

– ბოლო სიტყვის თქმა ყოველთვის ძნელია, თანაც იმ ადამიანზე, რომელიც შვილობილს გიწოდებდა…. ჩემი მამობილიც აქ განისვენებს და მე შემიძლია ვთქვა, რომ ამიერიდან მშობლების საფლავებთან მომიწევს მოსვლა. მამა თეოდორემ აღნიშნა, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში აქტიური აღმსარებელი და მაზიარებელი იყოო… გურიაში დაიბადა, მაგრამ ბათუმის მზით, მიწით, ცით, სიყვარულით ნაკვებია და ზღვა სიყვარულიც მიჰყვება. თავადაც სიგიჟემდე უყვარდა ბათუმი. მისი „მწიფე ლექსის სურნელი“ არც ერთ ჩვენგანს არ დაგვავიწყდება…

ნათელში იყავი, დედობილო… მადლობა…

ნათია გეგუჩაძე, აჭარის სკაუტური ორგანიზაციის ლიდერი:

– ქალბატონი ცისანა აჭარის სკაუტური ორგანიზაციის დიდი მეგობარი გახლდათ. 15 წლის განმავლობაში ჩვენი ბანაკების მონაწილე იყო, დიდთან – დიდი და პატარასთან – პატარა. არ დამავიწყდება, თითოეულ მოზარდთან შეხვედრის ემოცია, სიყვარული, რომელსაც თვალებში ამოიკითხავდი. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს და მადლობას ვუხდით ქალბატონ ცისანას ჩვენთან ერთად გატარებული თითოეული წუთისთვის. ნათელი მის სულს.

ლალი კონცელიძე:

– ცისანა ანთაძის დაბერებას ვერ მოვესწარით და მისი წასვლა ძალიან ძნელადაა შესაგუებელი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემო დედის მაგიერო, უძვირფასესო, საყვარელო ადამიანო… მადლობა, ამ ქალაქს ცისოს სიყვარულისთვის და მადლობა ცისოს იმ უდიდესი ემოციისთვის, რასაც ჩვენ გვანიჭებდა. მადლობა დედაეკლესიას, რომ დღეს ცისო ასე ჩაიკრა გულში.

გულო გაბაიძე:

– ქალბატონი ცისანა ყოველთვის დარჩება ჩემი და და მეგობარი, გზის გამკვალავი… მასთან პატარა ლექსით მივედი, ორი ობოლი ბავშვით ხელში, გულში ჩამიკრა და მას შემდეგ ასე ვყავდი. მე კი მისი სახელი და ლექსები ჩავიკარი გულში და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

ნათელი მის სულს…

შაქრო ჩიკვაიძე:

– ამჟამად ბათუმის ერთ-ერთ სტამბაში ორი წიგნი იბეჭდება და ორივე ცისანა ანთაძის ხელდასმით. ის ამ წიგნების გამოცემას ვერ მოესწრო, მაგრამ მქონდა პატივი, როგორც მის მეგობარს, ამ ორივე წიგნის პირველი გამოცემები მასთან მიმეტანა. ერთი წიგნი ბათუმის ცხოვრებას, ქალაქის ისტორიას ეძღვნება, ცისო მისი ავტორი გახლდათ, ხოლო მეორე, სხვა პოეტ ქალბატონს ეკუთვნის და ის ამ კრებულის მთავარი რედაქტორია. ამ წიგნების მადლით ვაცილებთ დღეს.

… წავიდა ჩვენგან უკეთილშობილესი ქალბატონი, რომლის სახელი მუდამ დარჩება იმათ ხსოვნაში, ვინც მას იცნობდა, შემორჩება იმ ულამაზეს პწკარებში, გულს ასე რომ გვითბობდა…

 

მანანა ძიძიშვილი

 

 

  • No Comments
  • მარტი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *