დონალდ ტრამპი: ირანმა ყველას დაარტყა. მათ რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ
By

დონალდ ტრამპი: ირანმა ყველას დაარტყა. მათ რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ

ახლო აღმოსავლეთში რთული ვითარება ნარჩუნდება. ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ირანზე იერიშები გრძელდება. ავიაგამანადგურებლებით და სხვადასხვა ტიპის ბომბდამშენებით იბომბება სამხედრო ინფრასტრუქტურა. ამერიკული მხარე 20-მდე ირანული სამხედრო გემის ჩაძირვის შესახებ იტყობინება. მათ შორისაა გამთენიისას შრილანკასთან ჩაძირული ფრეგატიც. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ირანიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლამური რესპუბლიკის ძალებმა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში. ირანული დრონების სამიზნე გახდა დუბაიში მდებარე შტატების საკონსულოც. ისევ დაბლოკილია ჰორმუზის სრუტე. ოფიციალური თეირანი სრუტის გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში ტანკერების დაბომბვით იმუქრება. პარალელურად, ირანი აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას გლოვობს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო უზენაესი ლიდერის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია გადაიდო.

უცხოური მედიის ცნობით, ისრაელმა საჰაერო თავდასხმის შედეგად გაანადგურა ირანის მთავარი პოლიტიკური შენობა, სადაც „ექსპერტთა ასამბლეის“ წევრები იკრიბებოდნენ. „ექსპერტთა ასამბლეა“ ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი. მედიის ცნობით, თავდასხმას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის სამინისტროც. ირანის ექსპერტთა ასამბლეა 88 წევრისგან შედგება და მას ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა ევალება. უცხოური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენი მათგანი იმყოფებოდა შენობაში დარტყმის დროს. მალევე ცნობილი გახდა, რომ აიათოლა ალი ხამენეის შვილი – მოჯტაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, წყაროების ცნობით, მოჯტაბა ხამენეის არჩევის გადაწყვეტილება ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ზეწოლის შედეგად იყო მიღებული. ირანის ხელისუფლებასა და სახელმწიფო მედიას ინფორმაცია ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

როგორც ცნობილია, ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს, 28 თებერვალს მოკლეს ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი და ირანის ხელისუფლების არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი. ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს. აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. აიათოლა ხამენეის სიკვლიდის შემდეგ ირანი ისრაელს და აშშ-ის სხვა მოკავშირეებს „უძლიერესი” პასუხით დაემუქრა.

4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს საჰაერო თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო. ირანელი სამხედროები უარყოფენ ბრალდებას, რომ თურქეთის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ირანული მედია წერს. „ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები პატივს სცემენ მეზობელი და მეგობარი ქვეყნის, თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფენ ამ ქვეყნის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირანში ყველაფერი განადგურებულია. „მათ არ ჰყავთ საზღვაო ფლოტი, ის განადგურებულია, მათ არ ჰყავთ საჰაერო ძალები, ის განადგურებულია, თითქმის ყველაფერი განადგურებულია. ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ, გვყავს შესანიშნავი სამხედრო ძალები და ისინი ფანტასტიკურ საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა ტრამპმა. კითხვაზე, თუ როგორ მიიღო ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილება, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი თავად აპირებდა დარტყმას და მას ეს არ სურდა. „ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ამ შეშლილებთან. ისინი პირველები აპირებდნენ თავდასხმას, მე ამას ვგრძნობდი. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიდიოდა მოლაპარაკებები, ვფიქრობ, რომ ისინი პირველები გადმოვიდოდნენ შეტევაზე და არ მინდოდა, ეს მომხდარიყო. ისრაელი მზად იყო და ჩვენც მზად ვიყავით“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანმა დაარტყა ქვეყნებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო იმასთან, რაც ხდება. „ისინი უბრალოდ ბოროტები არიან. საქმე პოლიტიკაში არ არის, ეს მთელი მათი ფილოსოფიაა, ეს საშინელებაა. ეს უბრალოდ ძალიან ბოროტი იდეოლოგიაა და არავის უნახავს მსგავსი რამ. მათ დაარტყეს კატარს, დაარტყეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, დაარტყეს საუდის არაბეთს, დაარტყეს ომანს, ისინი გვეხმარებოდნენ მოლაპარაკებებში და ირანმა ყველას დაარტყა. ისინი გიჟები არიან. მათ რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ“, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ირანი უტევს მხოლოდ სამოქალაქო პირებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს.

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეების იმ ქვეყნებიდან გამოყვანაზე ზრუნავს, სადაც ცა ღიაა. რამდენიმე ფრენა უსაფრთხოდ უკვე შესრულდა. დაგეგმილია კიდევ ორი ჩარტერული რეისი. საქართველოს საელჩოები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ და დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებმა, სწორედ, დიპლომატიურ უწყებებს უნდა მიმართონ. ერ-რიადიდან თბილისში ავიარეისები შესრულდა. ახლო აღმოსავლეთიდან სამშობლოში 171 მგზავრი დაბრუნდა. რეისები შესრულდება ომანის სასულთნოდან და საუდის არაბეთიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელ ალი ლარიჯანის განცხადებით, ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს.

„დონალდ ტრამპმა რეგიონი ქაოსში ჩააგდო თავისი ცრუ იმედებით და ახლა ამერიკელი ჯარისკაცების მოსალოდნელი დანაკარგებით შეშფოთებულია. თავისი ბოდვითი ქმედებებით, მან თავისივე შექმნილი სლოგანი „ამერიკა პირველ რიგში“ გადააქცია სლოგანად – „ისრაელი პირველ რიგში“ და ამერიკელი ჯარისკაცები ისრაელის ძალაუფლებისკენ სწრაფვას შესწირა“, – აღნიშნა ლარიჯანიმ.

ლარიჯანიმ, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, ეს კომენტარი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, ირანი შეერთებულ შტატებს შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა და მოლაპარაკებების განახლება სთხოვა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ. ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას ვანგ იმ აღნიშნა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს და მოითხოვს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. „ძალას ნამდვილად არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა. ძალა ხშირად ახალ პრობლემებს ქმნის და სერიოზულ გრძელვადიან შედეგებს ტოვებს. სამხედრო ძალის რეალური ღირებულება არა ბრძოლის ველზე, არამედ ომის თავიდან აცილებაშია“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, ვანგ იმ გიდეონ საარს განუცხადა, რომ ჩინეთს სჯერა საერთაშორისო და რეგიონული საკითხების დიალოგის, მოლაპარაკებების გზით გადაჭრის და აღნიშნა, რომ პეკინი განაგრძობს კონსტრუქციული როლის შესრულებას დაძაბულობის განმუხტვაში.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ. საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.

საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

  • No Comments
  • მარტი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *