ახალი ხელმძღვანელის სამუშაო პრინციპი – გუნდურობა და ადამიანური ურთიერთობები
By

ახალი ხელმძღვანელის სამუშაო პრინციპი – გუნდურობა და ადამიანური ურთიერთობები

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანებას“ ახალი დირექტორი ჰყავს, იგი ხიჭაურის საბავშვო ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი მადონა არძენაძეა. ვფიქრობთ, მასთან საუბარი ინტერესმოკლებული არ იქნება ჩვენი მკითხველისთვის.

– ქალბატონო მადონა, როგორი მემკვიდრეობა გერგოთ ახალ თანამდებობაზე?

– მიხარია, რომ კიდევ ერთხელ, ამჯერად ახალ ამპლუაში, თქვენი გაზეთის მკითხველთან შეხვედრა წილად მერგო, მადლობა ამისთვის. რაც შეეხება მემკვიდრეობას, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი მემკვიდრეობა დამხვდა. განსაკუთრებული მადლობა აქაურ გუნდს. ეს ადამიანები და გარემო ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა, რადგან ამ სფეროში ცხრა წელი ვიმუშავე და თითოეული მათგანი ჩემთვის არა მარტო კარგი საქმის მკეთებელი, არამედ უკვე მეგობარიცაა. მათთან ერთად მრავალი ჭირ-ვარამი მაქვს გამოვლილი სკოლამდელ დაწესებულებაში როგორც ხიჭაურის ბაგა-ბაღის მენეჯერს. იმ პერიოდის ყველაზე დიდი გამოცდა ხიჭაურის ბაგა-ბაღის ავტორიზაცია იყო. ავტორიზაციის მოპოვებას, პირველ რიგში, ვუმადლი ხიჭაურის ბაგა-ბაღის პერსონალს, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ხიჭაურის ბაგა-ბაღის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისათვის. 2017 წლიდან დღემდე, გუნდურობა, საქმის ერთად კეთება, ჭირისა და ლხინის გაზიარება სამუშაო პრინციპად გვქონდა ქცეული. მიყვარს ჩემი გუნდი და თუ რამ ვისწავლე და პროფესიულად გავიზარდე, მისი დამსახურებაა. კიდევ ერთხელ, საჯაროდ მადლობა ჩემს გუნდს.

– ყოველი ახალი ხელმძღვანელი ცდილობს, პირველი დღეებიდანვე სიახლე შემოიტანოს. თქვენთვის სამსახურში რით იყო დასამახსოვრებელი ეს დღეები?

– პირველ რიგში, გავიხსენებ გუნდის დახვედრას. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიმიღეს ძალიან მეგობრულად და თანამშრომლობისთვის საუკეთესო გარემოში, გამოხატეს გვერდით დგომისა და დახმარების მზაობა. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი მოტივაცია იყო და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის. რაც შეეხება სიახლეს, ორგანიზაციული საკითხები განვაახლეთ, დავაწესეთ, ყოველ ორშაბათს, შეხვედრები და კვირის საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელება, დავაკომპლექტეთ მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ამოწმებს ბაღების მუშაობას, ასევე, სხვა მრავალი სიახლე, რომლებიც ბაღების წარმატებულ მუშაობას განაპირობებს.

– გუნდი უცვლელად დარჩება თუ. . .

– რა თქმა უნდა, გუნდი უცვლელად დარჩება, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც წლებია ვიცნობ და ეჭვი არ მეპარება მათ კომპეტენციაში. თითოეულს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული დაკისრებული მოვალეობა და მინდობილ საქმეს დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ეკიდება. ამდენად, ჩემთვის ეს გუნდი უცვლელია და ვაპირებ, მათთან ერთად ბევრი სიახლე დავნერგო ბაღების ცხოვრებაში.

– ახალი თანამშრომლების შერჩევისას რა კრიტერიუმებით ისარგებლებთ?

– ჩემთვის ყველაზე ძვირფასია შრომისმოყვარეობა და საქმის ერთგულება, ასევე – სოციალური უნარები, რომელშიც ვგულისხმობ ადამიანის პატივისცემას, გვერდით დგომას. ადამიანი ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით მიყვარს კარგი ურთიერთობები, გუნდური მუშაობის პრინციპი, რა ჯობია კარგ თანამშრომელს, რომელიც სულ გეიმედება.

– მთიანი აჭარიდან მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიგრაცია ყველაზე მეტად სკოლამდელ დაწესებულებებს აზარალებს. შუახევში რა მდგომარეობაა?

– გამოგიტყდებით, ეს პრობლემა ჩვენი დიდი წუხილია. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, პრობლემა მაინც უდიდეს გამოწვევად რჩება.

– დასაქმებულებს სამუშაოს დატოვება ხომ არ ემუქრებათ?

– ჯერჯერობით ამ საკითხზე სერიოზულად არ გვიფიქრია, თუმცა თუკი ადამიანი სამსახურიდან თავისი ნებით მიდის, ახალი კადრი აღარ მოგვყავს ზუსტად იმ მიზეზით, რომ მიგრაციის გამო ბავშვთა კონტინგენტი ყოველწლიურად იკლებს.

– ოჯახი, ორი შვილის გაზრდა, საპასუხისმგებლო სამსახური, სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს. როგორ ახერხებთ?

– ჩემთვის სწავლა და საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა პრიორიტეტი იყო ყოველთვის. ადრეულ ასაკშივე, როცა ექსტერნად ჩავაბარე სასკოლო გამოცდები, იმავე წელს, ეროვნული გამოცდების შემდეგ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. შემდეგ მობილობით სწავლა გავაგრძელე საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტში. სტიპენდიით დავასრულე ბაკალავრი, მაგისტრატურა, შემდეგ ჩავაბარე მასწავლებლის გამოცდები, მივიღე უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ჩემი გამოცდილების ყველაზე დიდი გვირგვინია დოქტორანტურა ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით, რაც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მოსწავლეობის პერიოდში მამაჩემს პირობა მივეცი, რომ მეცნიერებაში კვალს დავტოვებდი, რადგან მამა ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და მოტივატორი იყო. მუდმივად მიმეორებდა: ,,არავის დასანახად არ ისწავლო, არავის უმტკიცო, რომ რაღაც იცი. შენ არ გჭირდება ნიშნების გამოფენა, ისწავლე და ცოდნა ყოველთვის გამოგაჩენს, ის უკვალოდ არ დაიკარგება, ისწავლე საკუთარი თავისთვის“. მართლაც, ასე ვიქცევი. სწავლის პარალელურად, სტუდენტობიდან მოყოლებული, ვმუშაობდი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში: სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში. მყავს ორი შვილი, ოჯახი, რომელიც ყოველმხრივ მიწყობს ხელს, რომ ვიმუშაო, ვისწავლო და წინსვლაზე ვიფიქრო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, თითქმის ცხრა წელი ვიმუშავე ხიჭაურის ბაგა-ბაღის გამგედ. ამ მიმართულებით მიღებული ცოდნა და გამოცდილება იმდენად დიდია, რომ ჩემს მეორე სპეციალობად იქცა. ხიჭაურის უნივერსიტეტში ბაკალავრებთან ვკითხულობ ქართული ენის სპეციალურ კურსს სკოლამდელი განათლების მიმართულებით. ლექციებს ვკითხულობ პროფესიულ სასწავლებელში, ბაღის მომავალ აღმზრდელებთან და ამ მიმართულებით ვფიქრობ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას.

– სადისერტაციო ნაშრომი რა თემას მოიცავს?

– ჩემი სადისერტაციო ნაშრომი გამოჩენილ ქართველ მწერალ ემენ დავითაძის შემოქმედებაზეა. ბატონი ემენის შემოქმედება, სიტყვათწარმოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესო და მეტყველია. ხაზს გავუსვამდი იმ ძირძველ ტრადიციებსა და დიალექტურ ფორმებს, რაც ამშვენებს მის ნაშრომებს. ბატონ ემენს სათუთად აურჩევია თითოეული სიტყვა, რომელიც გვაბრუნებს ჩვენს წარსულში, მთიანი აჭარის მეტყველების თავისებურებანი მარგალიტებივით ჩაუქსოვია თავის შემოქმედებაში. ამდენად, ვფიქრობ, საინტერესო ნაშრომი გამოვა და ამით ჩვენი კუთხის შემოქმედების პოპულარიზაციასაც შევუწყობ ხელს.

– ინტერვიუს ქალთა კვირეულის დღეებში ვწერთ. ორი შვილის დედა და წარმატებული ქალი რას ისურვებდით?

– ქვეყნად მშვიდობას, ყოველი დედის, ქალის წარმატებულ საქმიანობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

         ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • მარტი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *