„და მაინც მიყვარს წლები გასული“ – გია დავითიანის პოეზიითა და სიმღერით გამთბარი საღამო
By

„და მაინც მიყვარს წლები გასული“ – გია დავითიანის პოეზიითა და სიმღერით გამთბარი საღამო

ბათუმის დრამატულ თეატრში მუსიკალურ-ლიტერატურული შემოქმედებითი საღამო – „და მაინც მიყვარს წლები გასული“ გაიმართა, რომელიც ქართული ესტრადის გამორჩეული ვარსკვლავის გია დავითიანის პოეტურ კრებულს „ნაბახუსევი თბილისი“ და მის მრავალწლიან მუსიკალურ მოღვაწეობას მიეძღვნა.
ანსამბლ „ალილოს“ წევრი გია დავითიანი მაყურებლის წინაშე ამჯერად განსხვავებულ ამპლუაში წარსდგა. მეგობრებთან ერთად, მან საკუთარი ლექსებით გააცოცხლა ცხოვრების მნიშვნელოვანი და ემოციური ეპიზოდები, პირადი მოგონებები და განცდები. პოეზია და მუსიკა ერთმანეთს შეერწყა, სცენიდან შესრულდა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები, რომლებმაც დარბაზში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა.


საღამოში გია დავითიანთან ერთად მონაწილეობდნენ მსახიობი და წამყვანი კახა მიქიაშვილი, ესტრადის მომღერალი და მსახიობი, ბათუმის დრამატული  თეატრის დირექტორი კოტე მჟავია, ასევე, მომღერალი ნინო დავითიანი.

ღონისძიება დადგა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ, მხატვრულად გააფორმა თეო კუხიანიძემ, პროექტი განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით.
საღამომ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წლები გადის, მაგრამ მუსიკა და სიტყვა,  ის ემოცია, რომელიც გულიდან მოდის,  არასდროს ძველდება.

  • No Comments
  • მარტი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *