ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
„საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. „დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, სომხეთში საქართველოდან შემოდის მატარებლები და იმედი გვაქვს, სარკინიგზო მიმოსვლის შედეგად, ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ საკითხში თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში. ჩვენ მომავალშიც უპირობოდ დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული ურთიერთობა ძალიან კარგი და პოზიტიურია. ეს არის არსებითი და მნიშვნელოვანი ფასეულობა“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მზარდ თანამშრომლობას და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე. სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. რაც შეეხება ვიზიტიორების რაოდენობას სომხეთიდან საქართველოში, ამ თვალსაზრისით, სომხეთი მთავარ სამეულშია. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიღმა, ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, სტრატეგიული მიმართულებები. ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ყველა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. მოხარულნი ვართ იმ ტენდენციებით, რომლებიც განვითარდა ბოლო დროის განმავლობაში ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში თქვენი პირადი წვლილისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.