რატომ მიდიან ახალგაზრდები ემიგრაციაში ?
By

რატომ მიდიან ახალგაზრდები ემიგრაციაში ?

„წავიდე თუ დავრჩე?“ – ამ კითხვას დღეს ბევრი ახალგაზრდა ხმამაღლა თუ ვერ სვამს, გულში მაინც ყოველდღე ატარებს… იმის გასარკვევად, რატომ ფიქრობენ წასვლაზე და რას ელიან ქვეყნისგან, ბათუმის ქუჩებში  ახალგაზრდებს გავესაუბრე. რესპონდენტები 20-დან 30 წლამდე ასაკის არიან – სტუდენტები, დასაქმებულები, უმუშევრები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. მათთან საუბარში გამოიკვეთა საერთო ტენდენციებიც და განსხვავებული ხედვებიც.

პირველი, რაც თითქმის ყველამ ახსენა, არის ანაზღაურება და რეალური ხარჯები. ლუკა, 25 წლის IT სპეციალისტი, ამბობს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი მის სფეროში 1500-2500 ლარის ფარგლებში მერყეობს,  მაშინ, როცა ევროპაში ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებული სპეციალისტი რამდენიმე ათას ევროს იღებს.

– საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ სამსახური გაქვს. ბინის ქირა, ტრანსპორტი და ყოველდღიური ხარჯები შემოსავლის დიდ ნაწილს როცა შთანთქავს, დაგეგმვა შეუძლებელი ხდება. ევროპაში იმავე შრომით უფრო სტაბილური ფინანსური პერსპექტივა გაქვს, – გვითხრა მან.

ანა, 22 წლის სტუდენტი, ხაზს უსვამს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ყველაზე რთული ეტაპი იწყება – დასაქმება:
– სტაჟირების ადგილები შეზღუდულია და ხშირად – ანაზღაურების გარეშე. რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ ფინანსურად დამოუკიდებელი მაინც რომ ვერ ხდები, იწყებ ფიქრს, ღირს თუ არა აქ დარჩენა.

გიორგი, 28 წლის ეკონომისტი, ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ხელფასზე, არამედ პროფესიული განვითარების ტემპზე:

– აქ, ხშირად, კარიერული წინსვლა წლების განმავლობაში გაწელილია. უცხოეთში კონკურენცია მეტია, მაგრამ შეფასებაც უფრო სწრაფი და კონკრეტულია.

საბედნიეროდ, ყველა რესპონდენტი წასვლაზე არ ფიქრობს. ნინო, 23 წლის დიზაინერი, ამბობს, რომ ემიგრაცია მისთვის მხოლოდ დროებითი გამოცდილება შეიძლება იყოს:

– მინდა, უცხოეთში ვისწავლო, გამოცდილება მივიღო და დავბრუნდე. აქ ჩემი გარემოა, ოჯახი და კულტურა. უბრალოდ, მინდა კონკურენტული ცოდნა მქონდეს.

სოფო, 24 წლის სოციალური მუშაკი, უფრო კრიტიკულია:

– ჩვენი სფერო საქართველოში დაბალანაზღაურებადია, თუმცა ყველაზე მეტად ადამიანებთან მუშაობის საჭიროება აქ არის. ხშირად ვფიქრობ წასვლაზე, მაგრამ მინდა, რომ ცვლილებები აქედან დაიწყოს.  როდესაც ემიგრაცია  მასობრივ ტენდენციად იქცევა, ეს უკვე სიგნალია, რომ საკუთარ სახლში რაღაც მნიშვნელოვანია მოსაგვარებელი, – გვითხრა მან.

გამოკითხვაში მონაწილე 10 ახალგაზრდიდან 7 ამბობს, რომ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ემიგრაციაში წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. ძირითადი მიზეზებია:  დაბალი ხელფასი და დიდი ხარჯები,

კარიერული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობა,

პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის განცდა,

განათლების ხარისხის გაუმჯობესების სურვილი.

სამი რესპონდენტის არგუმენტები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ, განსხვავებულია: ოჯახური გარემო, კულტურული კავშირი, საკუთარი საქმის აქ დაწყების სურვილი.
თორნიკე, 29 წლის აგრობიზნესის სპეციალისტი, ამბობს:

– სოფელში დარჩენა რთულია, მაგრამ პოტენციალი დიდია. თუ სახელმწიფო და ფინანსური ინსტიტუტები მეტ მხარდაჭერას გაგვიწევენ, აქაც შეიძლება წარმატების მიღწევა.

ქეთევანმა, ექიმი 26 წლის, გვითხრა, რომ პროფესიული განვითარებისთვის საზღვარგარეთ წასვლა ბევრისთვის აუცილებლობად იქცა:

– სპეციალიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები უფრო ხელმისაწვდომია. ანაზღაურებაც განსხვავებულია. ბევრი კოლეგა წავიდა და ჯერ დაბრუნებას არ გეგმავს, – ამბობს იგი.

ეკონომისტების შეფასებით, ახალგაზრდების მასობრივი ემიგრაცია ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევას ქმნის. სამუშაო ძალის შემცირება პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, ინოვაციის ტემპსა და დემოგრაფიულ ბალანსზე. როდესაც ქვეყნიდან გადის განათლებული და აქტიური თაობა, მცირდება კონკურენტუნარიანობა და იზრდება სოციალური ტვირთი.

თუმცა ემიგრაცია მხოლოდ ეკონომიკური კატეგორია არ არის. ის პირადი დილემაცაა,  არჩევანი უსაფრთხოებასა და ემოციურ კავშირს შორის. ბევრმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ თუ საქართველოში კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა გაჩნდება, დაბრუნებაზე იფიქრებენ.

ქუჩის გამოკითხვამ ერთი რამ ცხადად აჩვენა: ახალგაზრდები ქვეყანას იმიტომ არ ტოვებენ, რომ არ უყვართ, ისინი უკეთეს პერსპექტივას ეძებენ.

შეძლებს თუ არა საქართველო ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები საკუთარ მომავალს დაინახავენ? თუ  პირობები გაჩნდება, ემიგრაცია არჩევანი იქნება და არა აუცილებლობა.

ემიგრაცია შეიძლება იყოს გზა, მაგრამ როდესაც ის მასობრივ ტენდენციად იქცევა, ჩვენი რესპონდენტის სიტყვებს გავიმეორებთ:   ეს უკვე სიგნალია, რომ „საკუთარ სახლში რაღაც მნიშვნელოვანია მოსაგვარებელი“.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • თებერვალი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *