ილონ მასკმა ირანელ მომხმარებელს უფასო ინტერნერტი შესთავაზა
ილონ მასკის SpaceX-ი ირანში მომხმარებლებს Starlink-ის თანამგზავრული სერვისის საშუალებით, უფასო ინტერნეტს სთავაზობს, – ინფორმაციას CNN-ი ტექნოლოგიურ ექსპერტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც Starlink-ის ირანელ მომხმარებლებთან კონტაქტში იმყოფება.
ტექნოლოგიური არაკომერციული ორგანიზაცია Holistic Resilience-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აჰმად აჰმადიანმა განაცხადა, რომ ირანში Starlink-ის ანგარიშებს, რომლებიც ადრე არააქტიური იყო, ახლა კავშირი აქვთ და მათი სააბონენტო გადასახადი სამშაბათიდან გაუქმებულია.
„ეს არის შეაერთე და დააკავშირე. უბრალოდ მოათავსეთ (სატელიტური ტერმინალი) ისეთ ადგილას, საიდანაც ცის მკაფიო ხედი იშლება და მზად ხართ“, – განუცხადა მან CNN-ს.
ცნობისთვის, კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა სატელეფონო საუბრის დროს ირანში Starlink-ზე წვდომის საკითხი განიხილეს.
ირანის მთავრობამ მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა ექვსი დღის წინ შეუზღუდა.