ეს წიგნი საუკეთესო გზამკვლევია
სწორედ ასე აღიქვა დამსწრე საზოგადოებამ ბათუმში, მწერალთა სახლში გამართულ პრეზენტაციაზე ცნობილი მეცნიერის, ლიტერატურის მკვლევრის, პროფესორ შორენა მახაჭაძის წიგნი „ეპოქათა მიჯნაზე“. ნაშრომმა ლიტერატურულ სამყაროში დიდი ინტერესი გამოიწვია.
საყურადღებოა, რომ ქალბატონი შორენას ესეების პერსონაჟები აჭარაში მოღვაწე უფროსი და ახალი თაობის ის მწერლები არიან, რომლებმაც თავიანთი მაღალმხატვრული ნაწარმოებებით ახალი ფურცელი ჩაწერეს აჭარის ლიტერატურის ისტორიაში და ორგანულად შეერწყნენ ქართულ მწერლობას.
რატომ უწოდა წიგნს „ეპოქათა მიჯნაზე“, რა იყო მისი მიზანი და როგორ შეიქმნა ეს ნაშრომი, ვინ არიან ესეების გმირები და რით არიან საყურადღებონი, სამომავლოდ კიდევ რას გვპირდება მკვლევარი? – ყოველივე ამის შესახებ ვსაუბრობთ სწორედ ამ ინტერვიუში.
– თქვენ მკითხველის სამსჯავროზე გამოიტანეთ სამეცნიერო ესეების ახალი კრებული „ეპოქათა მიჯნაზე“, სათაურის შესახებ რას გვეტყოდით, როგორ დაიბადა ეს წიგნი?
– მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველო, ბატონო ლაშა. მადლობა თქვენ და გაზეთ „აჭარის“ რედაქციას ჩემი ესეების ახალი კრებულით დაინტერესებისათვის. თუ ნებას მომცემთ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ასევე, წიგნის რედაქტორს – ბატონ დავით თედორაძეს, მწერალთა სახლის დირექტორს – ქალბატონ ლალი კონცელიძეს და ჩემი წიგნის ტექნიკურ რედაქტორს – ბატონ მალხაზ ფაღავას. მადლობა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროებს, რომელთა დაფინანსებითაც იბეჭდება აჭარის მწერალთა სახლის მიერ წარდგენილი წიგნები. მადლობა და დიდი პატივისცემა ჩემს წიგნში შესული ესეების ინსპირაციის მთავარ გმირებს – აჭარაში მოღვაწე მწერლებს, ქალბატონებს: გენრიეტა ქუთათელაძეს, ნინო ნიჟარაძეს, ჟუჟუნა შაინიძეს, ქალთამზე ანა სურმანიძეს, მზია სალვარიძეს, ნანა ნანო შაინიძეს, ინგა გოგიბერიძეს. ბატონებს: ანზორ კუდბას, დავით თედორაძეს, ვახტანგ ღლონტს, ნიაზ ზოსიძეს, სანდრო ბერიძეს, როინ აბუსელიძეს, სულხან წულუკიძეს, გიორგი გაბაიძეს, გენრი დოლიძეს, აჩი ბერიძეს, პაატა აბაშიძეს, ნიკა ფუტკარაძეს;
ნათელი ქალბატონ ჟუჟუნა ხაჯიშვილისა და ბატონ შოთა ზოიძის სულებს, უკვდავება მათ სახელებსა და პოეზიას. რაც შეეხება ჩემი წიგნის სათაურს: „ეპოქათა მიჯნაზე“, მართლაც, სიმბოლურია, რადგან მეც და ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მწერლებიც ორ საუკუნეში მცხოვრები ადამიანები ვართ (გამონაკლისი მხოლოდ ნიკა ფუტკარაძეა). მოგეხსენებათ, ეპოქათა ცვლილებები, რადიკალური სოციალურ-პოლიტიკური გარდაქმნები, ციფრული რევოლუცია და ბეჭდური სიტყვის გაუფასურება, გლობალიზაციისა და ღირებულებათა დევალვაციის პროცესი, მულტიკულტურული და მულტილინგვისტური გარემო ორი საუკუნის მიჯნის საქართველოს, ქართველებისა და ქართული მწერლობისათვის სერიოზულ გამოწვევად იქცა ცხოვრების ყველა სფეროში: ყოფითიდან დაწყებული – საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სახელოვნებო პრობლემებით დამთავრებული.
XX-XXI საუკუნეთა მიჯნა ურთულესი ეპოქაა საქართველოსთვის არა მარტო სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების გამო, არამედ პოსტკოლონიურ ქვეყანაში კულტურული დომინანტა//პარადიგმის ტრანსფორმაციის მხრივაც – პოსტმოდერნისტული ეპოქის დასრულებისა და მეტამოდერნისტული ეპოქის დადგომის გამო. ეს წიგნი არის მოკრძალებული მცდელობა იმისა, რომ გავერკვეთ, როგორ, რა მიმართულებით განვითარდა ამ წინააღმდეგობებით სავსე ეპოქაში ქართული მწერლობის ერთ-ერთი მძლავრი და საინტერესო ფრთის – აჭარაში მოღვაწე მწერლების შემოქმედება. წიგნზე ვმუშაობდი რამდენიმე წლის მანძილზე, მუდმივად ვადევნებდი თვალს მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს და ვცდილობდი, მათგან შედარებით ღირებულის, ახლის და მნიშვნელოვნის გამოყოფას. აქედან რაც გამოვიდა, მკითხველი განსჯის, ალბათ, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სრულყოფილების პრეტენზია ნამდვილად არ გვაქვს.
– კულტურული პარადიგმების ცვლილებების ფონზე აჭარაში მოღვაწე მწერლები რა გამოწვევების წინაშე დადგნენ და თქვენი წიგნის 21 პერსონაჟს უმთავრესად რა გამოარჩევს?
– როგორც უკვე ვთქვით, ორი საუკუნის მიჯნაზე მოღვაწეობენ ჩვენი ესეების ადრესატები: როგორც ახალი თაობის წარმომადგენლები, ასევე, შედარებით უფროსი პლეადის მწერლებიც. მათ აერთიანებთ უმთავრესი: კლასიკური ქართული მწერლობის ძირითადი იდეალებისადმი ერთგულება, „ენა, მამული, სარწმუნოება“ – ეს წმინდა ტრიადა, რაც უდავოდ საიმედო ნიშანია ქართული მწერლობის მომავლისათვის. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანის შემოქმედება ინდივიდუალობის ბეჭედდასმული, ორიგინალური და გამორჩეულია, სხვაგვარად მათ შესახებ საუბარი, მათი პოეტური თუ პროზაული ტექსტების ანალიზი ფუჭი იქნებოდა. მეტამოდერნისტული ეპოქის გამორჩეული პოეტური ხმაა როინ აბუსელიძე, რომლის პოეზიაში შეხვდებით ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ ყველა ძირითად მოტივს: იქნება ეს ღმერთის ძიებისა თუ ორ ღმერთს შორის გაჭედილი ცნობიერების პრობლემა, მერყეობა სოფელსა და ქალაქს შორის, წარსულის ნოსტალგია და ფესვებისაკენ ჩაღრმავება, ნეორომანტიკული განწყობები, ლირიკული გმირების ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნა და ა.შ. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის თანაბრად ძლიერია როგორც კონვენციური ლექსის, ისე ვერლიბრის შექმნაში. უფროსი თაობიდან კი უნდა გამოვყოთ ბატონების: ვახტანგ ღლონტის, დავით თედორაძისა და სანდრო ბერიძის პოეზია. ისინი დღესაც აქტიურად იღვწიან სამწერლო ასპარეზზე და თავიანთი შემოქმედებით ამდიდრებენ ქართულ ლიტერატურას.
ინტერვიუს ფორმატში ნამდვილად ვერ მოვახერხებ 21 მწერლის დახასიათებას, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მიმართოს ჩემს წიგნს.
– აჭარაში მოღვაწე მწერლების შემოქმედება ქართული კრიტიკის ჩრდილშია… ობიექტური კრიტიკა კი მწერლობის განვითარების საფუძველია, ამ მიმართებით რას ფიქრობთ?
– აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ „აჭარაში მოღვაწე მწერლების შემოქმედება ქართული კრიტიკის ჩრდილშია“, მაგრამ ეს, როგორც იტყვიან, არახალია – ძველია. ჯერ კიდევ დიდი ზურაბ გორგილაძე ამბობდა გულდაწყვეტით: „საქართველოში ისე ვბერდები, რომ თბილისს ლექსი ვერ წავუკითხე“, ხოლო ფრიდონ ხალვაშმა ხმამაღლა უთხრა დედაქალაქს:
„თბილისო, მე რომ შენთან მოვედი,
სიყვარულივით ვიდექ მდუმარი. . .
მეც უნდა ვიყო შენი პოეტი,
მე არ ვიქნები შენი სტუმარი!“
სხვათა შორის, „ომრიშიც“ საუბრობს ბრძენი ფრიდონ ხალვაში ამ პრობლემის შესახებ: ,,როცა რომელიმე კუთხეში მცხოვრები მწერალი ხარ, გულისამრევად ჩანს, ზოგ-ზოგნი, დედაქალაქელი თანამოკალმეთაგანნი, როგორ შემალულად, ოდნავ მაღლიდან, გადმოგკრავენ თვალს“ – ეს სიტყვები თანაბარი ძალით ეხება კრიტიკასაც, არადა, გეთანხმებით, ობიექტური კრიტიკა, მართლაც, აუცილებელია, განსაკუთრებით დღეს, „ერზაცლიტერატურის“ მომძლავრების ეპოქაში, თუმცა მე მჯერა, რომ ნამდვილი ტალანტი არასოდეს დაიკარგება, ადრე თუ გვიან იპოვის თავის ადგილს.
– კრიტიკოსის პროფესია ისეთია, რომელსაც არც ბავშვობაში და არც მერე არავინ ნატრობს, მაინც როგორი უნდა იყოს კრიტიკოსი–მკვლევარი, თქვენი არჩევანი რამ განაპირობა. . . „ნიჭიერმა კრიტიკოსმა რომ დიაგნოზი დაგისვას, ეს იგივეა, კარგმა ექიმმა რომ გაგსინჯოს“- ეთანხმებით ჰერმან ჰესეს ამ სიტყვებს?
– თავისთავად კარგი შედარებაა, მაგრამ მთლად ვერ დავეთანხმები. ჩემი აზრით, კარგ მწერალს არანაირი ექიმ-კრიტიკოსი არ სჭირდება, აი, კრიტიკოსი-მკვლევარი კი სხვა საქმეა: ის ერთგვარი მეკავშირეა ტექსტსა და მკითხველს შორის, შესაძლოა, რაღაც ახალი აღმოაჩენინოს, ან – სხვა რაკურსით დაანახოს; დაეხმაროს რთული სახე-სიმბოლოების, ქვეტექსტების, მითოლოგიური არქეტიპების ამოცნობა-გაშიფრვაში, თუნდაც ემოციურ-ექსპრესიული კამერტონის სწორად მომართვაში. საინფორმაციო ბუმის, ციფრულ ეპოქაში კრიტიკოსი ერთგვარი გზამკვლევი და რეკლამის ოსტატიც უნდა იყოს, რათა ტექსტების ოკეანეში არ ჩაიკარგოს ნამდვილად ღირებული შემოქმედებითი პროდუქტი. მე სწორედ ეს მიმაჩნია ჩემს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად.
– დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალ მწერალთა რიცხვი, როგორც პოეტების, ასევე პროზაიკოსების, ეს აჭარაშიც თვალნათელია. . . ამ პროცესზე თქვენი აზრი?
– ეს ქალთა ემანსიპაციის თანმდევი ბუნებრივი პროცესია. ჩემს კრებულშიც საკმაოდ არიან წარმოდგენილი ქალი ავტორები, როგორც შედარებით უფროსი თაობის, ისე – ახალგაზრდები. სასიამოვნოა, რომ ისინი ნიჭიერებით, სიახლეების მიმღებლობით, შემოქმედებითი მრავალფეროვნებით ტოლს არ უდებენ მამაკაც ავტორებს: თითოეული მათგანი გამოირჩევა ორიგინალური ხელწერითა და სტილით.
უპირველესად, მინდა გავიხსენო ჟუჟუნა ხაჯიშვილი, რომელმაც დაგვიტოვა ქალის თვალით დანახული, მისი დიდი სევდისა და ულევი სიყვარულის დამტევი, ყოვლისმპატიებელი გულით ნაგრძნობი და ღვთიური სულით შთაგონებული მშვენიერი – „გრილ ნიჟარაში გამომწყვდეული“ – პოეზია; მასში იგრძნობა თავშეკავებული ჟინი, ვნება და, იმავდროულად – ქალური კდემა, კრძალვა, იდუმალი თრთოლვა.
მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული გენრიეტა ქუთათელაძე, რომელსაც აქვს შესანიშნავი პროზა, პუბლიცისტიკა და ფილოსოფიური კითხვებით დახუნძლული, ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნით გაჯერებული პოეზიაც. ის თავისუფალი ლექსის დიდოსტატია. მის მიერ ვერლიბრით შექმნილი პოეტური სამყარო მდიდარია, ნატიფი, ფაქიზი, მრავალწახნაგოვანი და მეტაფორული სახისმეტყველებითაა გაჯერებული. უფრო მეტიც, ის ფეხდაფეხ მიჰყვება ეპოქას და, რამდენადაც ვიცი, ამჟამად მუშაობს „Non-Fiction“ ჟანრის კრებულზე, ამიტომ მინდა მზეგრძელობა, ჯანმრთელობა და დაწყებული საქმის წარმატებით დაგვირგვინება ვუსურვო მას.
თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი გახლავთ ჟუჟუნა შაინიძე: არაორდინარული, დიდი შინაგანი კულტურისა და სულიერი სიმდიდრის მქონე, ინტელექტუალური და, იმავდროულად, ექსპრესიული, ემოციურად დატვირთული, მთრთოლვარე პოეზიის შემოქმედი. მნიშვნელოვანია, რომ პოეტი-ქალის განწყობილება, ხმა და სტილი ეპოქების ცვლილების კვალდაკვალ იცვლება: ახალგაზრდული რომანტიზმით შებურვილ „იების მთვარეს“ (2000წ) დუმილის ფილოსოფიას ნაზიარები, ცხოვრებისეული წინააღმდეგობებით დახუნძლული „გრამატიკა თევზებისთვის“ (2014წ) ცვლის, რომლის სტრიქონებს შინაგანი ილუმინაციით ანათებს კაცობრიობის გადარჩენისთვის ჯვარცმული უფლის ხატება; ამას მოსდევს საკუთარ არსებაში კიდევ უფრო ჩაღრმავება, საკუთარი „მეს“ ძირისძირობამდე განჩხრეკის, თვითრეფლექსიის დაუძლეველი სურვილი, სამყაროში ადგილის ძიებისა და განსაზღვრის ცდები – კრებულში „ვინ-მე არა-ვინ“ (2019წ), რომელშიც მკვეთრად იცვლება რიტმი, დინამიკა და გრაფიკაც პოეტური სტრიქონებისა. ნებისმიერ ეპოქაში საერთო რჩება ის, რომ ჟუჟუნა შაინიძის ორიგინალური, უაღრესად გულწრფელი, დიდი შინაგანი ტკივილით სავსე ლამაზი და დახვეწილი პოეზია ესთეტიკურადაც გატკბობს და დიდ საფიქრალსაც გიჩენს. შთამბეჭდავია ნანა ნანო შაინიძის ნატყვიარ-უარყოფილი სულის აღსარება, რადგან ტკივილიანი განცდა – ხასხასა ფერებიანი ცხოვრების დღესასწაულის ვერმოხელთებისა – პირველიდან ბოლო სტრიქონამდე მიჰყვება მის პოეტურ კრებულს „რიგითი“. აქ ყველა სტრიქონი ქალის ცრემლშია ჩამბალი, მისი გრძნობების ნაღვერდალშია გამოწრთობილი. ექსპრესიული და ხატოვანია საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ქალის ვერთქმული აღსარება, სადა, ნათელი და ნატიფი მხატვრული სახეებითაა გადმოცემული მისი გრძნობები. ნინო ნიჟარაძეს რომ თანაბრად ეხერხება კალმით და ფუნჯით ხატვა, მისი „სევდიანი მონოლოგებიც“ დაგარწმუნებთ. მკითხველის წინაშე წარმოსდგება საკუთარი სტილის მქონე ელეგანტური ბათუმელი მხატვრის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის პიროვნება, ხელოვანის მეამბოხე და ნატიფი სული, ქართული ოჯახის ღირსეული დედა და ერთგული მეუღლე, სტუმართმოყვარე დიასახლისი და თავმდაბალი შემოქმედი, რომელიც ყველაზე რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც არ კარგავს ღირსებას, იუმორის გრძნობას, ჭირსა შიგან გამაგრების უნარს და, რაც მთავარია, ყველგან და ყოველთვის რჩება ქართულისა და საქართველოს ერთგულ მეხოტბედ. საინტერესოა ქალბატონ მზია სალვარიძის პროზაული კრებული „არ გადაგვქართულდა!“, რომელშიც შესულია აჭარული დიალექტით დაწერილი ნოველები: „ნენიკულა“, „სასელა“, „დევისყელი“. ისინი გამოირჩევა ნოველისეული მოულოდნელი ფინალით, ინტრიგის შექმნისა და პერსონაჟთა პორტრეტების ხატვის ხელოვნებით.
ინგა გოგიბერიძე ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვდა, როგორც ბათუმისადმი მიძღვნილი საინტერესო კრებულის შემდგენელ-რედაქტორი. ერთ მშვენიერ თაიგულად შეკრულ ლექსებსა და მინიატურებში გამოიკვეთა თანამედროვე ბათუმის კონცეპტი, როგორც განსაკუთრებული ფენომენი – კონტრასტების ქალაქი, სადაც ერთმანეთს ერწყმის და თანაარსებობს ევროპულ-აზიური, ქრისტიანულ-მუსულმანური, ინტელექტუალურ-ტურისტული, პრაგმატულ-რომანტიკული, ცათამბჯენები და ერთ-ორსართულიანი შენობები, ფუფუნება და შეჭირვება… ბათუმი კი ამ უკიდურესობათა, ბინარულ ოპოზიციათა დაბალანსებას გასაოცარი ხელოვნებითა და ტაქტით ახერხებს, რაღაცნაირად ინარჩუნებს მათ შორის წონასწორობას; შეიძლება ითქვას, ბათუმი გლობალიზაციის, მულტიკულტურული და მულტილინგვისტური სამყაროს მიკრომოდელად ქცევას ლამობს.
დაბოლოს, ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი პოეტი – ქალთამზე ანა სურმანიძე, რომლის შემოქმედებით გამარჯვებას განაპირობებს ემოციათა გულწრფელობა, სამყაროს აღქმის ორიგინალური მანერა, საკუთარი ხელწერის ჯიუტი ძიება. მისი ლექსების კრებული, სიმბოლური სათაურით – „მზერწყული“, „მზითაა მოფენილი და სავსე“. ავტორისთვის მზის სახე-სიმბოლოს კონცეპტუალური მნიშვნელობა გააჩნია, მას ოპტიმისტური განწყობა და კაშკაშა ფერები შემოაქვს, თუმცა „მზერწყულში“ იგრძნობა, რომ ავტორს კიდევ უფრო მეტი აქვს სათქმელი, რასაც მომავალ კრებულებში ველით.
– „აკრძალული თემები“ – როგორ ფიქრობთ, არსებობს თანამედროვე ლიტერატურაში ასეთი თემები? ამ კუთხით როგორ გამოიყურებიან აჭარაში მოღვაწე მწერლები?
– რა გითხრათ, არა მგონია, დღევანდელ „ენაგადმოგდებულ“ სამყაროში დარჩენილიყოს კიდევ რაიმე აკრძალული თემა. პირიქით, როგორც გინდათ გამიგეთ და, ხშირად ისეთ რამეს ვკითხულობ და ვისმენ, ცენზორის ინსტიტუტის მიმართ ნოსტალგია მიჩნდება. აჭარაში მოღვაწე მწერლები ამ მიმართებით საკმაოდ რესპექტაბელურად გამოიყურებიან. ჩემი აღშფოთება მათთან ნამდვილად არაა დაკავშირებული.
– „ეპოქათა მიჯნაზე“ რომ დაასრულეთ და ერთხელ კიდევ თვალი გადაავლეთ მასში წარმოდგენილი მწერლების მხატვრული ტექსტების ენას, რა თავისებურება გამოიკვეთა, რითაა ნიშანდობლივი და საინტერესო?
– ნებისმიერი კარგი მწერლის შემოქმედება უნდა გამოირჩეოდეს ინდივიდუალობითა და საკუთარი სტილით – ეს აქსიომაა. მადლობა აჭარაში მოღვაწე მწერლებს იმისათვის, რომ ისინი სწორედ წერის თავისებური მანერით და ენობრივ საშუალებათა პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალურად საინტერესო გამოყენებით გამოირჩევიან – მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა. საერთო თუ გვინდა მოვნახოთ, აქ შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე პროზაცა და პოეზიაც, ძირითადად, მიისწრაფვის მკითხველისთვის იოლად აღსაქმელი, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ფორმების გამოყენებისაკენ (რაც ხშირად ფრიად ერთფეროვანი ტექსტების შექმნის საშიშროების წინაშეც აყენებს ავტორებს); ადგილობრივი კოლორიტის შესაქმნელად არაიშვიათად გვხვდება დიალექტური ფორმები, პერსონაჟის, ლირიკული გმირის ტიპიზაციისთვის კი – ჟარგონები, ბარბარიზმები და ა.შ.
ენობრივი თვალსაზრისით, გამოირჩევა მზია სალვარიძის აჭარული დიალექტით დაწერილი ნოველები და ნიაზ ზოსიძის, ასევე, აჭარული დიალექტის ზომიერი გამოყენებით შექმნილი „Non-Fiction“ ჟანრის ნაწარმოებები. ამ უკანასკნელში დიალექტი მხოლოდ პერსონაჟთა მეტყველების კოლორიტულობის მისაღწევად გამოიყენება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიაზ ზოსიძე ბევრს აკეთებს ქართული სალიტერატურო ენის გამდიდრებისთვის: ქმნის კომპოზიტებს, აწარმოებს ახალ სიტყვებს, რომელთაგან ზოგი ნეოლოგიზმია.
მდიდარი ლექსიკითა და ძველი ქართული ენის ფორმების გამოყენებით გამოირჩევა გენრიეტა ქუთათელაძის პოეზია და ანზორ კუდბას პროზა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მათ შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით ბიბლიურ მოტივებს, ღმერთის ძიების საკითხს. საინტერესოა, რომ ტექსტების ენობრივი ქსოვილიცა და გადმოცემის სტილიც იცვლება იმის მიხედვით, თუ რა თემას, პრობლემას ეხება მწერალი. ამის მკაფიო მაგალითებია სანდრო ბერიძის პროზა და ვახტანგ ღლონტის პოეზია.
„Non-Fiction“ ჟანრის ბრწყინვალე ნიმუში – დილოგია „აზღარბული წელიწადი“, ფაქტობრივად, ორი განსხვავებული სტილითაა დაწერილი: მკაცრად მშრალი, ლამის კანცელარიული სტილითაა გადმოცემული საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი მომენტები. სანდრო ბერიძე ამით ხაზს უსვამს მოთხრობილი ეპიზოდების დოკუმენტურობას, ზუსტად გვაგრძნობინებს სულიერებადაცლილი, ეპოქათა/საზოგადოებრივ წყობათა მიჯნაზე შექმნილი არეულობის, გაურკვევლობის, დაბნეულობის განცდას და დილოგიის მეორე ნაწილი – „ნიამორის კოპლებიანი დღიურიდან“, რომელიც არა მარტო შრიფტით განსხვავდება პირველისაგან, არამედ ენითა და წერის სტილით: თუ დილოგიის პირველ ნაწილში მწერლის ინტონაცია მკაცრი და უშეღავათოა, მეორე ნაწილში ლირიკულ-მეტაფორულია, პოეტური პროზის ელემენტებს იძენს. ენითა და სტილით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან ვახტანგ ღლონტის ადრინდელი პოეტური კრებულები და მისი „ფეისბუქწამოკრულები“. თუკი „მთვარის რაინდობის“ პერიოდში პოეტისათვის ორგანული იყო ლოცვასავით ჩურჩულით სათქმელი, ნაზი სევდის ბურუსში გახვეული ლექსები, რომლებსაც ალაგ ბიბლიური სურნელიც დაჰკრავდა, „წამოკრულებში“ ყალყზე შემდგარი, ირონიულ-პაროდიულ ტალღაზე მომართული, მახვილადქცეული სტრიქონები იჩხვლიტება. ვფიქრობთ, ეს მაგალითებიც საკმარისია იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ: რაოდენ კარგად ფლობენ ქართულ სიტყვას აჭარაში მოღვაწე მწერლები, როგორ ოსტატურად და მრავალფეროვნად იყენებენ მშობლიური ენის უმდიდრეს, ამოუწურავ შესაძლებლობებს, თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მწერლების ენისა და სტილის საკითხების შესწავლა დამოუკიდებელ, გამოწვლილვით კვლევასა და ანალიზს საჭიროებს.
– მხატვრული ტექსტის უმთავრესი დანიშნულება კათარსისი, ანუ სულიერი თერაპიაა… ამ ასპექტში როგორ გამოიყურებიან თქვენი ესეების პერსონაჟები, ვის გამოყოფდით?
– მკითხველის სულიერი კათარსისი მხატვრული ტექსტის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა და ამ ასპექტითაც აჭარაში მოღვაწე მწერლების შემოქმედება თავის სიმაღლეზე დგას. მათ გააჩნიათ ღვთით ბოძებული მადლი და უნარი, მკითხველი „თანამოდარდედ“ (ეს ნიაზ ზოსიძის მიერ შემოტანილი ტერმინია და თავადაა ამ თანაგანცდის გამოწვევის დიდოსტატი) გაიხადონ. ეს მეტად მნიშვნელოვანია საყოველთაო გულგრილობისა და ნიჰილიზმის ეპოქაში. აქაც, უპირველესად, გამოვყოფ გენრიეტა ქუთათელაძესა და ანზორ კუდბას, რომლებიც „ღმერთის სიკვდილის“ ეპოქაში დაუღალავად ეძებენ ღმერთს და მისკენ სავალი ბილიკების აღმოჩენისკენ მიუძღვებიან მკითხველს. დავით თედორაძის პოეზია კი საქართველოზე თქმულ ერთიან საგალობლად აღიქმება. სამშობლოს, ქართული სისხლის ეს ორგანული განცდა, მისით სიამაყე გადადის მკითხველზეც და ქვეყნის მზიან-ღიმილიანი მომავლის იმედით მსჭვალავს მას. ამ მიმართებითაც განსაკუთრებულია ვახტანგ ღლონტის პოეზია, კერძოდ, მისი სამოქალაქო ლირიკა, ე.წ. „ფეისბუქწამოკრულები“, რომლებშიც პოეტი ილიასეული სატირული სიმძაფრით იბრძვის საქართველოსა და ქართველი ხალხის ყველა მტრისა და მოღალატის, ყველა უგვანოსა და ქვეგამხედვარის წინააღმდეგ. მასში შეგძრავთ ჭეშმარიტი მამულიშვილის უსაზღვრო, გულწრფელი წუხილი თანამედროვე ქართული საზოგადოების უკუღმართობათა გამო, ამიტომაც ეს ლექსები მკითხველისთვის ცივი შხაპივითაა: ერთდროულად კიდეც აფხიზლებს და თვითრეფლექსიისთვისაც განაწყობს. ასეთივე ტკივილიანი და მწვავე ტექსტების ავტორია სანდრო ბერიძე, რომელიც პოეზიაშიც და პროზაშიც თანაბრად უკომპრომისო და პრინციპულია ყველა იმ პიროვნებისა თუ მოვლენის მიმართ, რომლებიც ქვეყნისა და ხალხის საზიანოდ მოქმედებენ. ის მკაფიოდ უჩვენებს და აფრთხილებს მკითხველს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ძმათამკვლელ ომს, მედროვეობას და „სულერთიაობას“. მკითხველის სულიერი კათარსისის გამოწვევის უნარი არანაკლებ აქვს მომადლებული ახალთაობელ როინ აბუსელიძეს. მისი პოეზია გამსჭვალულია მძლავრი ფსიქოლოგიზმით, მისი მხატვრული სახეების ემოციურობა, ექსპრესიულობა, მრავალპლანიანობა მკითხველზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს, სულიერად შეძრავს და აფორიაქებს მას.
– ციფრული ტექნოლოგია და მწერლობა, ეს დრო თავისი ვირტუალური და ონლაინშესაძლებლობებით სიკეთეა თუ საფრთხეცაა?
– ერთიცაა და მეორეც: სიკეთეა, რადგან უამრავ მწერალს, პოეტს მიეცა საშუალება, საზოგადოების ფართო წრეებს გააცნოს თავისი შემოქმედება (მე ასე გავეცანი არდაშელ თაქთირიძის შესანიშნავ ნოველებს, ან კიდევ, ალექსანდრე მიშელაშვილის მინიმებს), მაგრამ საფრთხეა იმ მხრივ, რომ ახალი თაობა საერთოდ გადააჩვია წიგნის (დიდტანიანი ტექსტების) კითხვასა და გაგებას.
– თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარების უახლოესი ათწლეული როგორ წარმოგიდგენიათ?
– ჩვენ მხატვრულ ლიტერატურაშიც უაღრესად ნიჭიერი თაობა გვყავს, ვფიქრობ, ქართული მწერლობა, წინა ეპოქების მსგავსად, არ ჩამორჩება მსოფლიო ლიტერატურის განვითარებას და ამ საუკუნეშიც გვეყოლებიან გენიალური პოეტები, პროზაიკოსები და, იქნებ, დრამატურგებიც. ამ მხრივ იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან ამის გარანტი თექვსმეტსაუკუნოვანი უდიდესი ქართული მწერლობაა, მთავარია, ქართულ ენაზე წიგნის მკითხველი გვყავდეს მრავლად.
– ლიტერატურული კონკურსებისა და ფესტივალების თემასაც შევეხოთ, მწერლის შეხვედრა მკითხველებთან რამდენად მნიშვნელოვანია და საერთოდ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები ჩვენს რეალობაში? რას ურჩევდით ორგანიზატორებს?
– ლიტერატურული კონკურსები და ფესტივალები ნამდვილად მნიშვნელოვანია რამდენიმე კუთხით: ჯერ ერთი, ადვილდება საერთოლიტერატურულ პროცესებზე თვალის მიდევნება, სიახლეების გაცნობა, საზოგადოება, ახალგაზრდები უშუალოდ ხვდებიან ავტორებს, კონკურსში გამარჯვებულებს ეძლევათ მეტი სტიმული შემოქმედებითი მუშაობისთვის და ა. შ. აჭარის რეალობაში, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მდგომარეობაა ამ მხრივ. მე გამოვყოფდი შესანიშნავ ლიტერატურულ ფესტივალებს: „შემოდგომის სერენადა“, „ლიტერატურა იალაღებზე“, „ზე – კართან“. ორგანიზატორებს კი ვურჩევ მეტ მასობრიობას, საზოგადოების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით, მოსწავლეების, სტუდენტების ჩართვას. სწორედ ისინი უნდა დავაინტერესოთ მწერლობით, წიგნით, შემოქმედებით.
– იდეალურ მკითხველად ვინ მიგაჩნიათ . . . და ასეთი მკითხველი მომავალში როგორ ლიტერატურულ ჟანრს მიანიჭებს უპირატესობას, რა დააინტერესებს?..
– იდეალური მკითხველი გემოვნებიანი, ინტელექტუალი და ემოციური მკითხველია, სწორედ ის, „თანაგანცდისა“ და სიტყვის გრძნობა რომ გააჩნია. ცხოვრების რიტმის უპრეცედენტო აჩქარების, დიგიმოდერნისტული ეპოქის თავისებურებების გათვალისწინებით, ძნელია ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება. მომავლის მკითხველი ალბათ, მინიმებს (ამ ბოლო დროს რომ ასე შემოვიდა მოდაში), ზოგადად, მცირე ფორმის ტექსტებს მიანიჭებს უპირატესობას, თუმცა თუ „დიდოსტატის მარჯვენას“, „ჯაყოს ხიზნების“ ან „დათა თუთაშხიას“ მსგავსი გენიალური რომანი დაიწერება (ღმერთმა ქნას!) – არც მას დატოვებს წაუკითხავს!
– კითხვა, რომლის დასმასაც ისურვებდით . . . დასვით თავად და უპასუხეთ.
აჭარაში მოღვაწე მწერალთაგან რომელია თქვენი საყვარელი პოეტი /პროზაიკოსი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– უზომოდ მიყვარს ზურაბ გორგილაძის პოეზია, ხოლო პროზიდან – ფრიდონ ხალვაშის „ომრი“. აქ მგონი კითხვა – „რატომ?“ – არც გაჩნდება, რადგან ისინი მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის კლასიკოსები არიან. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ უკვე ვმუშაობ ახალ წიგნზე, რომელშიც, ძირითადად, შევა ისევ აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ ესეები (ბევრი ღირსეული შემოქმედის შესახებ არ დამიწერია) და ამას დაემატება სხვა წერილები, რეცენზიები და ა.შ., რომლებიც ჯერ არცერთ ჩემს კრებულში არ დაბეჭდილა. საკმაო რაოდენობით მასალა უკვე მაქვს და, იმედია, თანდათან, აჭარაში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების განვითარების, მნიშვნელოვანი// ღირებული წიგნების გამოსვლის კვალდაკვალ ჩემი ახალი კრებულის გვერდებიც შეივსება საინტერესო ესეებით.
კიდევ ერთხელ მადლობა გაზეთ „აჭარას“ და თქვენ.
ლაშა ხომერიკი
გალერეა
