ცხოვრების ახალი ფურცელი
შვედეთში დროებით ცხოვრებამ ეკა ჭითავა, გამორჩეული მწიგნობარი, მწერალი და პოეტი, ახალი შემოქმედებითი ენერგიით დამუხტა. უცხო ქვეყნის მშვიდმა გარემომ, აქაურმა კულტურამ და ლიტერატურულმა ტრადიციებმა მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაშალა. როგორია ეკა ჭითავას თვალით დანახული ქვეყანა, რა აღმოაჩინა იქ საყურადღებო, როგორია შვედური კულტურა და რა არის ის არსებითი, რაც პარადიგმულია. როგორ აისახება ახალგაზრდა შემოქმედის პოეზიაში სიახლე და ცვლილებები? ამაზე თავად გვესაუბრება.
– თქვენი პირველი შთაბეჭდილება, როცა თვითმფრინავიდან ჩახვედით. . .
– ძალიან ემოციური ფონი მქონდა. ჩემი ქვეყანა მიმქონდა გულით და გაუცხოებას ვგრძნობდი. ეს იყო დღე, რომელიც ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება. უცებ, ბუნებრივად გათავისდა ჩემში ყოველი ადამიანის განცდა, რომელიც ტოვებს მშობლიურს და არ იცის, როდის დაბრუნდება.
– რა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი ახალ გარემოში?
– ვშიშობდი, უცხო საზოგადოებაში გარევას, დღემდე მაქვს ეს შიში. ჯერ არ გავცნობივარ შვედურ კულტურას, ზედაპირულად,
მონათხრობით ვიცი მის შესახებ. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი მათი მიმღებლობით, ქცევის კულტურით, ღია კომუნიკაციით.
მომეწონა, რომ ქუჩაში უცხო ადამიანები გაღიმებული სახით გესალმებიან და ბედნიერ დღეს გისურვებენ.
– როგორია იქაური ყოველდღიურობა თქვენი თვალთახედვით, რით ჰგავს ან განსხვავდება საქართველოსგან?
– ძნელია, დაზუსტებით აღწერა, თუმცა რასაც ვხედავ, ცხოვრება იწყება ძალიან ადრე. შევამჩნიე, რომ მოსწონთ უბრალოება, არავინ აკვირდება სხვას გაფაციცებით და დაინტერესებული არიან მხოლოდ თავიანთი ცხოვრებით. შვედი ხალხი განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა ცხოველებს. ჩემი ყურადღება რამაც მიიპყრო, ეს არის სისუფთავე ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადარბაზოებში. მსგავსება აღმოვაჩინე მიმღებლობაში. ჩვენთანაც, უმეტესწილად, ჩამოსულები თავს უცხოდ არ გრძნობენ. განსხვავება ძალიან ბევრია.
მკვეთრი განსხვავება კანონის და წესრიგის პატივისცემაშია.
– შვედურ ლიტერატურაში რა მიმართულება ან ავტორი აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო?
– შვედური ლიტერატურის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება ასტრიდ ლინდგრენის და სელმა ლაგერლოფისგან. სამწუხაროდ, სხვა შვედ ავტორებს არ გავცნობივარ და არც თანამედროვე შვედურ პოეზიას. ვიწყებ ენის შესწავლას, რომ ორიგინალში კითხვის სიამოვნება მივიღო, თუ, რა თქმა უნდა, სამუშაო პირობები მომცემს ამ ფუფუნების საშუალებას.
– შვედურ კულტურაში რამ მიიქცია თქვენი ყურადღება, რა არის ის, რაც ქართველ შემოქმედს განსაკუთრებულად შთააგონებდა?
– ალბათ, დრო უნდა გავიდეს, რომ ზუსტად შევძლო ანალიზის გაკეთება, რადგან ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში ვარ. ვიცი, რომ მათი სიმშვიდის წყაროა ბუნება, უყვართ მასზე ზრუნვა და დაცვა.
– შვედური და ქართული ტრადიციების შედარებისას სად ხედავთ ყველაზე დიდ მსგავსებას ან კონტრასტს?
– ვფიქრობ, შვედური ტრადიციები უფრო მშვიდ და თავშეკავებულ ბუნებაზე იქნება მორგებული. ჩვენ უფრო ერთად ყოფნა, თავშეყრა,
ემოციების გაზიარება გვიყვარს, მათ კი ინდივიდუალური და დაცული სივრცეები.
– ახალ წიგნზე ხომ არ მუშაობთ?
– სამწუხაროდ, არ დამიწყია წიგნზე მუშაობა, მაგრამ თუ დავიწყე, ეს იქნება წიგნი იმ ადამიანისა, რომელიც ერთდროულად სუსტიც არის და ძლიერიც, მშვიდიც და ამავდროულად, ძალიან მღელვარე.
ჩემი პოეზია იქნება მარტოობაზე, სიყვარულზე, დაკარგვაზე, მოლოდინზე, დედობაზე, ღმერთზე, სახლზე და უცხოობაზე,
წიგნი ადამიანობაზე, არა როგორც აბსტრაქტულ ცნებაზე, არამედ ყოველდღიურ ტკივილზე და სინათლეზე. ეს იქნება უკიდურესად გულწრფელი წიგნი, ასევე – მათზე, ვინც ჩუმად ცხოვრობს,
ვინც ტკივილზე არ ყვირის და სიხარულსაც ფრთხილად ეხება.
თუმცა არავინ იცის, როდის დაიბადება ეს წიგნი.
– შვედური გარემო – ბუნება, კლიმატი, დახვეწილი მინიმალიზმი, როგორ მოქმედებს თქვენს შემოქმედებით პროცესზე, წერის სტილზე?
– მიჭირს შეგუება ამინდთან. როგორც ამბობენ, მკაცრი ზამთარი იცის, თუმცა დეკემბერი ამ დროისთვის საშუალოდ ცივია. ახლა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ნამუშევრებს ვკითხულობ, როცა დრო მაქვს,
ნოსტალგიურ ჩანახატებსაც ვინახავ. მოვა დრო, როცა ამ პერიოდზე ყველაფერს დავწერ – რას ვგრძნობდი და როგორ გავიარე ეს ყველაფერი.
– შორიდან დანახული და განცდილი საქართველო. . .
– მიყვარს ჩემი სამშობლო და მტკივა მისი ყოველი ტკივილი, მინდა თავისუფალი, განვითარებული და ბედნიერი ვიხილო. ბევრი რამ აკლია თანამედროვე საქართველოს და ყველა გონიერი ხედავს ამ დანაკლისს. ყველამ, ვინც დავტოვეთ ქვეყანა, შეძენილი სასიკეთო გამოცდილებები საქართველოში უნდა გავაზიაროთ. სტოკჰოლმში გავიცანი ქართველი კეთილშობილი ქალბატონი, რომელიც 20 წელია საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ეს არის ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ლელა კუხიანიძე, რომელიც ქართული კულტურის და ხელოვნების წრეს გულისხმიერად უძღვება. ქართული სულით ზრდის თაობებს, ასევე, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება ადამიანებს უცხო ქვეყანაში სირთულეების დაძლევაში. ნამდვილად ღირსეული ქართული სახეა და ვემადლიერები ყოველი ჩვენიანის მიმართ გაღებული სიკეთისთვის. ქალბატონი ლელას მეოხებით ჩემი შვილებიც ამ წრეს შეუერთდნენ, რომელიც ერთ დიდ ქართულ ოჯახად აქცია ქალბატონმა ლელამ. ძალიან მინდა საქართველო იცნობდეს მას, როგორც ჭეშმარიტად პატრიოტ ადამიანს.
– სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თქვენგან რა ახალ პროექტებს უნდა ველოდოთ?
– მინდა პროფესიული კუთხით განვითარება და აქაური სასწავლო პროცესის კარგად შესწავლა, რომ შემდეგ მსგავსი მოდელი საქართველოში გამოვიყენო. ასევე, მინდა შვედურის შესწავლა, ეს აუცილებელი პირობაა აქ წინსვლისთვის.
– თუ შვედი ერთი წინადადებით წარუდგებოდა ქართველ მკითხველს, რას ეტყოდა?
– საინტერესო კითხვაა და მეტად დამაფიქრებელი. თავს შევიკავებ პასუხისგან, რადგან შვედური ბუნების ალღოს ჯერ არ ჩავწვდომივარ.
– დაბოლოს, რომელი შვედური სიტყვა აღწერს თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას და რატომ?
– Tålamod (თულამუდ), რაც ნიშნავს მოთმინებას. ეს ზუსტად აღწერს ჩემს მდგომარეობას.
ლაშა ხომერიკი