თანამშრომლობის მხარდაჭერა აღუთქვა
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, სამინისტროს დელაგაციის წევრებთან ერთად, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს მარმარილოს რეგიონის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის თავმჯდომარე ომერ ფარუქ დემირთაშსა და ამავე რეგიონში მოქმედი რვა დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მინისტრს კულტურულ ინიციატივებთან დაკავშირებით მათი საჭიროებები და მოსაზრებები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ქორეოგრაფებისა და სიმღერის მასწავლებლების გადამზადებასა და სასცენო სამოსის განახლების საკითხებზე.
ელისო ბოლქვაძემ დიასპორულ ორგანიზაციებს თურქეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერის, ქართული კულტურის, ტრადიციების დაცვა-შენარჩუნებისა და მომავალი თაობისთვის გადაცემის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრი დიასპორების წარმომადგენლებს კულტურული აქტივობების განხორციელების პროცესში ხელშეწყობას დაჰპირდა.
შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, აჭარის კულტურის სამინისტროს ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი მადონა თევზაძე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
