შუახევის მერიის თანამშრომელი დააკავეს
სუს-ის ინფორმაციით, 5 დეკემბერს, შუახევში, ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით, მერიის თანამშრომელი გ. ჭ-ძე დააკავეს.
„ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დააკავეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე, ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, „ემიგრანტთა საცხოვრისის პროგრამით“ უზრუნველყოფილი 50-ათასლარიანი თანადაფინანსების მისაღებად, ახალი, საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3 ათასი ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1500 ლარი, ხოლო, დარჩენილი 1500 ლარის გადაცემა მოითხოვა დასკვნის მომზადების შემდეგ,“ – აცხადებს სუს-ი.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სოლომონ თაგინურელი