დაზარალებული მოქალაქეები საერთაშორისო ექსპერტიზას ითხოვენ
საქართველოს ხელისუფლება BBC-ის მიერ გავრცელებულ რეპორტაჟს „კოორდინირებულ სპეცოპერაციად“ აფასებს, რომლის მიზანი, მათი თქმით, ქვეყნის რეპუტაციისა და სტაბილურობის შერყევაა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბრალდებები „თეთრი ძაფით ნაკერი“ იყო და „საპნის ბუშტივით გასკდა“, რადგან გამოძიების მასალები და დოკუმენტაცია არ ადასტურებს აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. მისი თქმით, აქციების დროს არ დაფიქსირებულა მძიმე ინტოქსიკაციით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რის გამოც, „ჟურნალისტურ გამოძიებას ფასი ვერ ექნება“.
მსგავს პოზიციას იზიარებს თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, ჩატარებულმა გამოძიებამ „უტყუარად აჩვენა“, რომ ბრომობენზილ ციანიდი („კამიტი“) საქართველოში საერთოდ არ არსებობს და შსს-ს არასოდეს შეუსყიდია. კალაძე ამბობს, რომ ეს კამპანია უცხოური სპეცსამსახურების მიერაა ორგანიზებული და ეყრდნობა „გამოგონილ ისტორიებს“, ხოლო აღნიშნული ქიმიკატის გამოყენების შემთხვევაში, მოსახლეობას მძიმე და თვალსაჩინო დაზიანებები ექნებოდა, რაც არც დაზარალებულთა მონაცემებში, არც სამედიცინო მიმართვიანობაში არ აისახა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო ბოჟაძეც ხაზს უსვამს, რომ გამოძიებამ სწრაფად გადაამოწმა ყველა მასალა და დაადგინა, რომ აკრძალული ნივთიერება არც შეძენილა და არც გამოყენებულა. მისი შეფასებით, BBC-ის ფილმი მიზანად ისახავდა დასავლურ პოლიტიკურ წრეებში და შიდა სივრცეშიც საქართველოს იმიჯის შესარყევად „ახალი აჟიოტაჟის“ შექმნას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ არცერთი გამოყენებული საშუალება არ ეკუთვნოდა აკრძალულ კატეგორიას. მსგავსი განცხადება გააკეთა მიხეილ ყაველაშვილმაც, რომლის თქმით, ეს ისტორიაც ისეთივე „დეზინფორმაციული კამპანიაა“, როგორიც ადრე სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შექმნილი აჟიოტაჟი იყო.
ამ ფონზე, ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელმაც დაზარალებულების ნაწილი გამოიკვლია, ამბობს, რომ კვლევის საწყის ეტაპზე უშუალოდ სინჯების ამოღება ვერ მოხერხდა, რაც პრობლემად მიაჩნია. მისი ინფორმაციით, ჩატარებულ ანალიზებში შედედების სისტემის დარღვევა არ იკვეთება, თუმცა კაპილარებისა და ელექტროკარდიოგრაფიაში გარკვეული ცვლილებები დაფიქსირდა. ჩახუნაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 347 პაციენტიდან მხოლოდ 69 მივიდა, ბევრმა მოგვიანებით დაწერა მხედველობისა და სხვა სიმპტომების გაუარესებაზე, რაც, მისი შეფასებით, საჭიროებს დამატებით კვლევასა და ზუსტ მონაცემებზე ხელმისაწვდომობას.
BBC-ის რეპორტაჟის შემდეგ, რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ საჯაროდ განაცხადა, რომ აქციების დაშლის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები გაუმწვავდათ, მათ შორის, დაუსაბუთებელი სისხლდენები, სუნთქვის გაძნელება, გულის რიტმის არეულობა და მხედველობის გაუარესება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტრუქტურები აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებას კატეგორიულად უარყოფენ, დაზარალებულთა ნაწილი ამტკიცებს, რომ სიმპტომები დაუყოვნებლივ და მოკლე დროში გამოვლინდა.
ამ ადამიანების ნაწილი უკვე გეგმავს სარჩელების შეტანას როგორც საქართველოს შსს-ს, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ. მათი მოთხოვნაა, რომ საქმეს დაუკავშირდეს საერთაშორისო, სანდო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საწამლავის არსებობასა და ჯანმრთელობის ზიანს დამოუკიდებლად გადაამოწმებს. დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ არსებული ვერსიის დასადასტურებლად ან უარსაყოფად აუცილებელია არა მხოლოდ შიდა გამოძიება, არამედ საერთაშორისო ლაბორატორიული ექსპერტიზა.
ნანა აბულაძე